"ომეგა ჯგუფს" წარმოების განახლების უფლება მიეცა - კვირის პალიტრა

"ომეგა ჯგუფს" წარმოების განახლების უფლება მიეცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ომეგა ჯგუფი" ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"26 ოქტომბერს, კომპანია "ოჯთ"-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ოჯთ-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე ოჯთ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში. შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია ოჯთ განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა შედის სახელმწიფოს ინტერესებში", - ნათქვამია განცხადებაში.

"თუ "ბიჭები" დროზე არ ალაგმეს, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში"