"მაშინ არ ვიცოდი, თუ საქართველოში გმირად იხსენიებდნენ, იმდენი ხანი იდევნებოდა" - რას ყვება გენერალ გიორგი კვინიტაძის მსახიობი შვილიშვილი ბაბუაზე - კვირის პალიტრა

"მაშინ არ ვიცოდი, თუ საქართველოში გმირად იხსენიებდნენ, იმდენი ხანი იდევნებოდა" - რას ყვება გენერალ გიორგი კვინიტაძის მსახიობი შვილიშვილი ბაბუაზე

"ფილმი მეც დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ სიკვდილს გადავურჩი"

"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა," - ამ სიტყვების ავტორს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დემოკრატიული საქართველოს ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციები უკავშირდება...

1921 წლიდან გიორგი კვინიტაძე მეუღლესთან, მარიამ მაყაშვილთან, მცირეწლოვან შვილებთან (ივდითი, თამარი და ნინო) და ბავშვების ძიძასთან, თელაველ ბაბალე მრელაშვილთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა ჯერ კონსტანტინოპოლში, 1922 წლიდან კი - საფრანგეთში...

ფრანგული და ამერიკული კინოს ვარსკვლავი, ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონას როლით ცნობილი მარიამ დ'აბო ლონდონში, ნინო კვინიტაძისა და პიტერ კლოდ ოლანდ დ'აბოს ოჯახში დაიბადა. მისი როლებიდან აღსანიშნავია კარა მილოვი ფილმში "ნაპერწკლები თვალებიდან", სადაც ტიმოთი დალტონთან ერთად თამაშობს, "ექიმი ჟივაგო" - კირა ნაითლისთან ერთად და ა.შ. მარიამ დ'აბო ამჟამად მეუღლესთან, ბრიტანელ რეჟისორ ჰიუ ჰადსონთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

ფოტოგალერეა

საქართველოდან გაგზავნილ წერილს მარიამის ასისტენტმა უპასუხა და მსახიობთან დამაკავშირა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მარიამ დ'აბოსთან ინტერვიუ შედგა.

- მინდა, საუბარი ბავშვობის მოგონებებით დავიწყოთ. რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად?

- ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი მოგონება ხუთი წლიდან იწყება, როდესაც პარიზთან ახლოს ვცხოვრობდით ბაბუასთან ერთად. მას საბჭოთა მმართველობა სდევნიდა. ჩვენი ოჯახის ძიძა, მოხუცი ქალბატონი ბაბალე აკეთებდა უგემრიელეს ქართულ მაწონს, შუშის ქილებში ასხამდა და სარდაფში ინახავდა. ეს იყო ჩემი საყვარელი საჭმელი და ერთი სული მქონდა, როდის შევჭამდი. როცა მარაგი თავდებოდა, ვღელავდი. მერე ბაბუამ ბიზნესი წამოიწყო - მაწონს ყიდდა. მაშინ საფრანგეთში ასეთი რამ არ იყო, ამიტომ ეს საქმე წარმატებული აღმოჩნდა.

ბაბუა მახსოვს ძალიან კარგად. მაშინ ის 90 წლის იყო. ერთად ბევრს ვიცინოდით. ძალიან თბილი ადამიანი იყო, "მალინკა დუშკას" მეძახდა. ჩვენი სახლი "ვიქენდებზე" სავსე იყო ხალხით. მაშინ არ ვიცოდი, თუ საქართველოში გმირად იხსენიებდნენ, იმდენი ხანი იდევნებოდა... ყოველდღე კითხულობდა გაზეთებს, თავის საყვარელ სავარძელში ჩაჯდებოდა და უყურებდა ტელევიზორს. მახსოვს, როგორ აღფრთოვანდა, როდესაც პირველად ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დადგა ფეხი. პირდაპირი ეთერით ადევნებდა თვალს ამ მოვლენას. აღტაცებაში მოჰყავდა კაცობრიობის ევოლუციას.

მარიამ დ,აბო მეუღლესთან ჰიუ ჰადსონთან ერთად - თქვენს სამსახიობო კარიერაზე განვაგრძოთ საუბარი. ფილმი "ნაპერწკლები თვალებიდან" მეთხუთმეტე ფილმია ჯეიმს ბონდის სერიიდან და პირველი, რომელშიც მონაწილეობს ტიმოთი დალტონი... - ფილმს ვიღებდით მოროკოში, ბრიტანეთსა და ავსტრიაში. ხუთი თვის განმავლობაში ვმოგზაურობდით. ფილმისთვის ვისწავლე ავტომობილის მართვა და თავის მოჩვენება, ვითომ ჩელოზე ნამდვილად ვუკრავდი, ამიტომაც დიდ დროს ვატარებდი ვენის სიმფონიურ ორკესტრთან... კარას როლმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა...

- 2007 წელს თქვენ ანევრიზმის დიაგნოზით ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში მოგათავსეს. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობთ. ეს ფაქტი დაედო საფუძვლად დოკუმენტურ ფილმს "Rupture: A Matter of Life OR Death", რომელიც მეუღლესთან ერთად გადაიღეთ. - ეს ფილმი სიყვარულით შევქმენით, ამასთან, ჩვენი მიზანი იყო სხვების დახმარება. ფილმი მეც დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ სიკვდილს გადავურჩი. ჰიუ მუდმივად ჩემ გვერდით იყო. რეაბილიტაციის შემდეგ მინდოდა, შემოქმედებითი საქმიანობა გამეგრძელებინა და ჰიუსთან ერთად ეს შევძელი! იღბლიანი ვყოფილვარ, რომ გამოვძვერი, დაბრკოლებისა და შეზღუდული შესაძლებლობების გარეშე.

- საქართველოში ჩამოსვლას გეგმავთ? - პირველად საქართველოში 1997 წელს ჩამოვედი მეგობრებთან ერთად. ყველამ თბილად მიმიღო... სამოქალაქო ომის შემდეგ ოთხი წელი იყო გასული. მახსენდება, როგორ ვუმზერდი მთვარის დაბნელებას თბილისიდან. მას შემდეგ კინოფესტივალებზე რამდენჯერმე მომიწვიეს, მაგრამ ვერ შევძელი ჩამოსვლა.

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვისაც გიორგი კვინიტაძე ახსოვს და ამაყობს ქართველი გენერლის საგმირო საქმეებით?

- ბაბუა უსაზღვროდ იყო შეყვარებული თავის ქვეყანაზე და თავდაუზოგავად ზრუნავდა მასზე. ბოლომდე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მან ეს ყველაფერი ემიგრაციაში ყოფნისას თავის მემუარებში აღწერა. ძალიან განიცდიდა იმას, როგორ გაბატონდა საბჭოთა მმართველობა საქართველოში. სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო, თავისი ქვეყანა დამოუკიდებელი ენახა; სამწუხაროა, რომ ვერ შეძლო, დაბრუნებულიყო სანუკვარ დამოუკიდებელ საქართველოში და ენახა, როგორ შეიცვალა მმართველობა. მიხარია, რომ საქართველოს ისტორიის ფურცლები ინახავს გიორგი კვინიტაძის სახელს და დღესაც ამაყობენ ჩემი ბაბუით. ის საქართველოს ისტორიის ნაწილია.

გიორგი კვინიტაძე შატოში, ოჯახთან ერთად

"გახდები გენერალი და გავყრით რუსებს"

გიორგი კვინიტაძის მოგონებებიდან: 15 წლის გიორგი კვინიტაძე სამხედრო სასწავლებლიდან შვებულებით მშობლიურ სოფელში ბრუნდებოდა. გზაში გლეხი წამოეწია.

- სალდათი ხარ? - მეკითხება გლეხი.

- არა, სალდათი არა ვარ, - ვუპასუხე მე.

- მაშ, რად გაკვრია პაგონები?

- სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ.

- როცა სკოლას გაათავებ, სალდათი იქნები?

- არა, გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ ორი წელი მასწავლიან. თუ კარგად ვისწავლე, ოფიცერი გავხდები, მერე - გენერალი...

- მაშ, კარგად ისწავლე და გახდი გენერალი! - მერე შენ რა, გავხდები თუ არა გენერალი?!

- როგორ თუ რა? გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს".

იხილეთ ფოტოგალერეა