გენეტიკური კოდი "გატეხილია" - რა მოელის კაცობრიობას - კვირის პალიტრა

გენეტიკური კოდი "გატეხილია" - რა მოელის კაცობრიობას

მეცნიერებმა მოლეკულების ისეთი კომბინაცია შეიმუშავეს, რომელიც უჯრედში მოხვედრისას ჯერ დაზიანებულ გენს პოულობს, შემდეგ კი "ასწორებს". ამ ტექნოლოგიას შეუდარებელი პოტენციალი აქვს მძიმე დაავადებების, მათ შორის, სიმსივნეების მკურნალობისას. თუმცა მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვისას პირველხარისხოვანია უსაფრთხოება და რეპროდუქციული გენომის რედაქტირება დაუშვებელია!

დღეს უპირველეს სამეცნიერო სასწაულად ადამიანის გენეტიკური კოდის გაშიფვრა ითვლება, რასაც მსოფლიოს მრავალი მეცნიერის 13-წლიანი შრომა და დაახლოებით მილიარდი დოლარი დასჭირდა. ამ მოვლენას მეცნიერები გენომის "კოდის გატეხადაც" მოიხსენიებენ...

მუშაობენ თუ არა ამ მიმართულებით ქართველი მეცნიერები? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ადამიანის გენომისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ქართველმა და მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა ერთმანეთს თავიანთი მიღწევები გაუზიარეს.

გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ეკა კვარაცხელია:

- გენეტიკური კოდის გაშიფვრით მეცნიერებამ დაზიანებული გენის "ჩასწორება" ემბრიონის უჯრედშივე დაიწყო. რა პროცესია ეს?

- ეს არის პროცესი, რომლის შესასწავლად მეცნიერები დიდხანს მუშაობდნენ. მათ გენების "ჩასწორების" სქემა ბუნებისგან, კერძოდ, ბაქტერიებისგან "შეისწავლეს". Bბაქტერიებს აქვთ ისეთი იმუნური სისტემა, რომელსაც შეუძლია მასში მოხვედრილი ვირუსის გენეტიკური მასალა ჯერ მოიძიოს, მერე კი გაანადგუროს. ბაქტერიების ამ უნარზე დაკვირვებით მეცნიერებმა მოლეკულების ისეთი კომბინაცია შეიმუშავეს, რომელიც უჯრედში მოხვედრისას ჯერ დაზიანებულ გენს პოულობს, შემდეგ კი "ასწორებს". ამ ტექნოლოგიას შეუდარებელი პოტენციალი აქვს მძიმე დაავადებების, მათ შორის, სიმსივნეების მკურნალობისას. ექსპერიმენტულ მოდელებზე მრავალი ქვეყნის სამეცნიერო ლაბორატორია მუშაობს, თუმცა მათი გამოყენება სასქესო უჯრედებში შეზღუდულია.

- რატომ? შესაძლოა რომელიმე მეცნიერს ემბრიონში ინტელექტუალური გენების შეკვეცა და აგრესიული გენების "ჩამატება" მოუნდეს და შედეგად "მონსტრი" მივიღოთ?

- ეთიკური საკითხების მარეგულირებლებს მსგავს კვლევებზე მსოფლიოში მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული. ბრიტანეთში 2016 წელს სამეცნიერო მიზნით გაიცა ემბრიონის გენომის რედაქტირების ნებართვა, მაგრამ ის გარკვეული დროის შემდეგ განადგურდა. Yთუმცა მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვისას პირველხარისხოვანია უსაფრთხოება. სანამ საკითხი ამ მხრივ საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი და დადასტურებული, რეპროდუქციული გენომის რედაქტირება დაუშვებელია!

- სიბერის გენზე რას იტყვით? არ მეგულება ადამიანი, რომელიც უარს იტყვის მის "ჩასწორებაზე". - სიბერე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და არ არის ერთი ან ორი გენის მოქმედების შედეგი. თუმცა დაბერების წინააღმდეგ მართლაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. მათ შორის, აშშ-ში, მეიოს კლინიკაში, სადაც ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მუშაობს ჩვენი თანამემამულე, პროფესორი თამარ ჭყონია.

ორგანიზმში დაბერებასთან ერთად იმატებს ე.წ. დაბერების უჯრედები. მეიოს კლინიკის ეს ჯგუფი კი ასეთი უჯრედების რაოდენობას ამცირებს და ექსპერიმენტულ ცხოველებში სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

- სიცოცხლის გახანგრძლივებაში ასევე დიდ როლს ასრულებს ღეროვანი უჯრედები. ამიტომაც, ვისაც საშუალება აქვს, ახალშობილის ჭიპლარს ინახავს - სწორედ ჭიპლარიდან წარმოიქმნება ნებისმიერი ორგანოს უჯრედი. მან რა ქნას, ვისაც ჭიპლარის შესანახი სახსარი არა აქვს? - ღეროვანი უჯრედების მიღება უკვე შესაძლებელია ზრდასრული ადამიანის უჯრედებისგან. ღეროვან უჯრედებს ზუსტად იგივე შესაძლებლობები აქვს, რაც ჭიპლარისგან მიღებულ ღეროვან უჯრედებს! ეს აღმოჩენა იაპონელ მეცნიერ შინია იამანაკას ეკუთვნის. მან კანის უჯრედიდან მიიღო ინდუცირებული ღეროვანი უჯრედი, რომელსაც აქვს ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების თვისებები, რის გამოც 2012 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს. ქართველების საამაყოდ ვიტყვი, რომ შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი პროფესორი ზაალ კოკაია სწორედ ასეთი უჯრედების გამოყენების შესაძლებლობას შეისწავლის თავის ტვინის ინსულტით გამოწვეული დარღვევების აღსადგენად.

- გენეტიკურმა მეცნიერებამ ახლახან კიდევ ერთი სასწაული მოუვლინა საზოგადოებას - ერთსქესიანთა უჯრედები შეაჯვარეს და შთამომავალი მიიღეს. - ეს ექსპერიმენტი ჩინელ მეცნიერებს ეკუთვნის და ორი მდედრობითი სქესის თაგვზე ჩატარდა. მეცნიერებმა გამოიყენეს ერთი მდედრის კვერცხუჯრედი და მეორე მდედრის ემბრიონული ღეროვანი უჯრედი (კვერცხუჯრედიდან მიღებული). გარდა ამისა, მეცნიერებმა გენეტიკურ მასალაზე გენომის რედაქტირებისთვისაც ჩაატარეს მანიპულაციები. ექსპერიმენტის შედეგად თაგვები დაიბადნენ და გადარჩნენ, რამდენიმე მათგანს ჯანმრთელი ნაშიერიც გაუჩნდა. თუმცა იგივე ცდა ორ მამრ თაგვზე მარცხით დასრულდა, მიზეზი კი ის არის, რომ მამრისა და მდედრის გენეტიკური მასალა განსხვავებულია და შეჯვარებისას სხვადასხვანაირად "იქცევა". ყველა თვალსაზრისით ჩინელი მეცნიერები ბუნების კანონებს შეეწინააღმდეგნენ. ასეთი ექსპერიმენტის ადამიანებზე ჩატარება დაუშვებელია. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეთიკის ნორმები ირღვევა და იმედია, მსგავსი ექსპერიმენტები ადამიანებზე არასოდეს ჩატარდება.