გრიპია თუ ვირუსი? - თბილისში რესპირაციული დაავადებების რიცხვი იზრდება? - კვირის პალიტრა

გრიპია თუ ვირუსი? - თბილისში რესპირაციული დაავადებების რიცხვი იზრდება?

გრიპი შესაძლოა სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ დაგვემართოს. გამონაკლის შემთხვევაში - ყოველ წელიწადს, მაგრამ წლის განმავლობაში 3-4-ჯერ გრიპი თითქმის წარმოუდგენელია. გრიპი ორგანიზმში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა რესპირაციული დაავადებები, გამოჯანსაღების პერიოდიც ხანგრძლივია და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება

მომრავლდებიან თუ არა თბილისის ქუჩებში გრიპისგან დამცავი პირბადეებით მოსიარულეები - ტრადიციულად, გრიპის საშიშროება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იზრდება. რა ხდება თბილისსა და საზოგადოდ საქართველოში, გრიპის ვირუსი უკვე გააქტიურდა თუ საფრთხეს ზამთრის დადგომიდან უნდა ველოდოთ, რა სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მივაკითხოთ ექიმს და როგორ დავიცვათ თავი მოსალოდნელი ავადმყოფობისგან?

"კვირის პალიტრას" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესაუბრა.

- ახლა ნამდვილად გრიპის გააქტიურების პერიოდია, რადგან გარემო პირობები მის სასარგებლოდ იცვლება. გრიპი და სხვა რესპირაციული ვირუსები წვეთოვანი გზით ვრცელდება და დაავადებული ადამიანისგან საუბრისას ან ცემინებისას გამოიტყორცნება. ეს წვეთი სადღაც აუცილებლად ილექება და ვირუსი მასში დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ცოცხლობს.

შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც კარ-ფანჯარა დაკეტილია, შიდა სივრცე არ ნიავდება, ჯანმრთელი და რესპირატორული ვირუსებით დაავადებული ადამიანების ერთად ყოფნა საფრთხეს ქმნის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთმანეთისგან ერთ მეტრზე ნაკლები მანძილი აშორებთ. ისიც შესაძლებელია, არც გქონდეთ კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, მაგრამ მისგან გამოტყორცნილი ვირუსის წვეთი დალექილი იყოს მაგიდაზე, სკამზე, ნივთებზე, რომლებსაც ეხებით. ის იოლად გადადის ხელზე, რომელსაც თუ ლორწოვან გარსთან ახლოს - პირთან, ცხვირთან ან თვალთან მოისვამთ, ვირუსი თქვენს ორგანიზმში აუცილებლად მოხვდება.

- არსებობს გრიპის რამდენიმე ტიპი. ახალი გრიპის საშიშროება ხომ არ არის?

- არა, წელსაც ჩვეულებრივი სეზონური გრიპებია, რომლებიც ყოველწლიურად მცირედ იცვლიან ბუნებას, მაგრამ ამას მსოფლიოს ლაბორატორიები აკვირდებიან. ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ისეთი სახეობა, რომელიც მანამდე არ ყოფილა.

- რა სიმპტომებით ვლინდება გრიპი, რომელიც ამ სეზონზე უკვე დაფიქსირდა საქართველოში? - გრიპის შემთხვევა ოფიციალურად ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ მრავლად არის რესპირაციული სიმპტომებით გამოხატული სხვა დაავადებები, რომელთაც 200-ზე მეტი ვირუსი იწვევს, გრიპის გამომწვევი კი სულ სამი ვირუსია...

- ანუ ჩვენ რომ გვგონია, გრიპი გვაქვს, შესაძლოა სულაც არ იყოს გრიპი და ეს იყოს რესპირაციული სიმპტომით გამოხატული სხვა ვირუსი? - დიახ, ასეა. ყოველკვირეულად ახლდება მონაცემები, რა ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და ყველა შემთხვევას ვაკვირდებით. მაგალითად, წინა კვირას ცირკულირებდა პარაგრიპის ვირუსი და რესპირატორულ-სენციდიალური ვირუსი, იმის წინა კვირას - რინოვირუსი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. გრიპის ვირუსით გამოწვეული სიმპტომები კი მოულოდნელად იწყება, უცებ იწვევს ტემპერატურის მატებას, იწყება თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი... როგორც წესი, გრიპს სურდო არ ახლავს და ისიც თუ გაჩნდა, გაჭედილობის შეგრძნებით უფრო გამოიხატება და არა აქტიური გამონადენით ცხვირიდან.

გრიპი შესაძლოა სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ დაგვემართოს, გამონაკლის შემთხვევაში - ყოველ წელიწადს, მაგრამ წლის განმავლობაში 3-4-ჯერ გრიპი თითქმის წარმოუდგენელია. გრიპი ორგანიზმში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა რესპირაციული დაავადებები, გამოჯანსაღების პერიოდიც ხანგრძლივია და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. სხვა რესპირაციული დაავადებები უფრო იშვიათად იწვევს გართულებებს.

- შეიძლება თუ არა სხვა რესპირაციული ვირუსები გრიპში გადაიზარდოს?

- გამორიცხულია. ყველა რესპირაციულ დაავადებას თავისი ვირუსი აქვს.

- როგორ დავიცვათ თავი? - ყველაზე ეფექტიანი თავის დაცვის საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ყველა სხვა ვირუსისგან დაცვის საშუალება კი, სამწუხაროდ, ჯერ არ შექმნილა. შესაბამისად, სხვა რესპირაციული დაავადებების გამომწვევი ვირუსების დროს უნდა ჩავატაროთ სტანდარტული ღონისძიებები - ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, რითაც ხელს შეუწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას და სხვებსაც არ გადასდებს ვირუსს. ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები, გავანიავოთ სივრცეები, ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით, რათა ორგანიზმმა შეინარჩუნოს კარგი იმუნური სტატუსი და იოლად გადაიტანოს ვირუსი. ჯანსაღი ცხოვრების წესი ვირუსისგან საუკეთესო თავდაცვაა.