"რად მინდოდა შუშის ხიდი, როცა ისტორია თავზე მენგრევა" - კვირის პალიტრა

"რად მინდოდა შუშის ხიდი, როცა ისტორია თავზე მენგრევა"

"გაგიჟდა ჯონ ტეფტი, რა ამბავია ამდენი ელექტროსადენიო"

სოლოლაკში, ზემო ბეთლემის ეკლესიიდან ორიოდე ნაბიჯზე, უძველესი ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი მდებარეობს. ათეშგა, ცეცხლის საგზნებელი, ასე ჰქვია აგურით ნაშენებ ძეგლს კლდისუბანში, გომის ქუჩაზე. თუმცა, იქვე, დაბლობში მცხოვრებთ წარმოდგენაც კი არ აქვთ მასზე. იქნებ იმიტომ, რომ ათეშგა დიდი ხანია საცხოვრებელი სახლების "ტყვეობაშია" მოქცეული და იქ მოხვედრა მხოლოდ ერთ-ერთი მობინადრის ეზოდან არის შესაძლებელი.

ამბობენ, ძეგლი იმდენად ძველია, რომ აქ ვარსქენ პიტიახშიც დადიოდა "სულის განსაწმენდადო". არავინ იცის, წმინდა დედოფლის, შუშანიკის მეუღლე მართლა სტუმრობდა თუ არა კლდისუბანს, მაგრამ ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ ათეშგა IV-V საუკუნეების ძეგლია. შესაბამისად, მაზდეანურ (ცეცხლთაყვანისმცემელთა) სალოცავთა შორის მსოფლიოში  უძველესი.

აგურის კედელთან მაღალ კიბეს აუყვები, კარზე დააკაკუნებ და უმალვე გაგიღებს ძია ჩიტო - ანტონ დგებუაძე. გრძელი, ჭაღარა წვერი ხელოვანის იერს აძლევს. ამ ულამაზეს უბანში ვერც წარმომიდგენია, რომ ხელოვანთა გარდა სხვა ვინმე ცხოვრობდეს. წინ ძველი და ახალი თბილისი ისე ჩანს, ისეთი გარემოა, რომ აგამღერებს.

უკვე წლებია, ძია ჩიტო ტაძრის უშტატო მცველის ფუნქციას იძულებით ასრულებს.

ამ საქმეში ოფიციალურად გასამრჯელოს არ აძლევენ, მაგრამ ისე უყვარს უძველესი კულტურის ძეგლი, რომ არასდროს ენანება მისთვის ხელის შევლება. ზრუნავს, რომ ტურისტებს ყველაფერი რიგზე დახვდეთ. ტურისტებს არც გიდი ჰყავთ და ვერც საინფორმაციო ბუკლეტებს ნახულობენ. ძია ჩიტოს სურდა გაეკეთებინა ეს ბუკლეტები, მაგრამ ვერ შეძლო - ძალიან ძვირი ჯდებოდაო. ძვირი მისნაირი რიგითი, უმუშევარი თბილისელისთვის არის, თორემ სახელმწიფოს, რომელიც მტკვარზე ერთი საცალფეხო, მინის ხიდის გადებაში მილიონებს იხდის, ეს არ უნდა გასჭირვებოდა.

"ამ სახელმწიფოს ტურისტული ბიზნესით აშენება სურს თურმე, - ამბობს ძია ჩიტო, - როგორ აპირებენ ამას? ტაძრის უკანა კედელი ინგრევა, პერანგი სულ ჩამორღვეულია. თუ დროულად არ აღადგენენ, ჩაიშლება."

ანტონ დგებუაძის ოჯახი აქ 1974 წლიდან დასახლებულა. მანამდე ტაძრის ეზოში სომხებს უცხოვრიათ და ძველ საკერპეში საქათმე ჰქონიათ.

ანტონ დგებუაძე: - "ისტორიული წყაროებიდან ბევრი ინფორმაცია და ფოტომასალა მოვიძიე ათეშგას შესახებ. დანგრეული იყო კედლები. რაც შემეძლო, შევაკეთე. ერთ დღეს ნორვეგიელები მოვიდნენ და მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ტაძარი ნაწილობრივ აღდგა. საქართველოს სახელმწიფოს ხელი არ ურევია ამ საქმეში. გვინდა, სხვამ გაგვიკეთოს ყველაფერი. ასე რომ არ იყოს, აქ მასშტაბური არქეოლოგიური კვლევა უნდა ჩატარებულიყო.

ძალიან ბევრი რამ იმალება მიწის ქვეშ. იატაკის ქვეშ უძველესი თაღოვანი სარდაფებია, ისეთივე დუღაბით ნაშენი, რითაც ტაძარი. ასაკის დასაზუსტებლად ანალიზებია საჭირო, რასაც ჩვენთან ვერ აკეთებენ. უცხოეთში კი სიძვირის გამო არ მიაქვთ. უამრავი ტურისტი მოდის. უფრო ირანელები მოდიან. თურქებმა გამოთქვეს სურვილი - აღვადგენთ, მაგრამ მეჩეთადო. აქ ვერავინ შეეგუება მოლას. უბანში სულ ქართველები და ქრისტიანები ცხოვრობენ.

ადრე ბევრი ებრაელი, სომეხი და თათარი ცხოვრობდა. წავიდნენ... ნახეთ, რა ხედებია. მუზეუმში ცხოვრობ, აქ ისტორია ცოცხლდება. ვინც უნდა მოვიდეს უბანში საცხოვრებლად, ყველა რაღაცნაირად კეთილშობილდება - მალამოსავით მოქმედებს ხალხზე ამდენი სიწმინდე, ბეთლემის ტაძრები და ძველი სული, რომელიც ყველაფერში იგრძნობა.

ერთხელ ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი იყო ამოსული მეუღლითურთ. ფოტოების გადაღება სურდა. გაგიჟდა, რამდენი ელექტროსადენია გაბმული, ასე არ შეიძლება სილამაზის დამახინჯებაო. ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ დაუშვებელია ყველაფრის ასე მიფუჩეჩება. კალას უბანიც უხარისხოდ გაარემონტეს. გულს არ ატანენ საქმეს. ორ წელიწადში თავიდან გასაკეთებელი იქნება. მხოლოდ ფულის სიყვარული ამოქმედებთ.

ერთი სული აქვთ, მალე დაასრულონ და ფული ჩაიჯიბონ. ჩვენი  წინაპრები ყველა ქვას ეფერებოდნენ. აგურს რომ დადებდნენ, ათასი მხრიდან ზომავდნენ, ლამაზად და სწორად რომ ყოფილიყო. ახლა რაც შენდება, 15-20-წლიანია. რად მინდოდა ის საცალფეხო შუშის ხიდი მტკვარზე. ყველაფერი აწყობილი გაქვს და ისტორია თავზე არ გენგრევა? უძველესი ძეგლების, ათეშგას სანახავად მოდის ტურისტი, ამ ხიდისნაირი თავის ქვეყანაშიც ბევრი აქვს. როგორ შეიძლება მილიონები დახარჯო არაფრისმთქმელ ხიდზე და ასეთ ძეგლებზე ასი ათასი ლარი არ გაიმეტო!"

ათეშგა

სახელწოდება "ათეშგა" მოდის სპარსული სიტყვიდან "ათეშგაჰ" და ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.

მემატიანის ცნობით, მაზდეანობა საკმაოდ ფეხმოკიდებული ყოფილა ვახტანგ გორგასლის დროს (V ს-ის II ნახ.) და ისიც იძულებული გამხდარა, ანგარიში გაეწია მისთვის. ამიტომაც ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად, მეფის კარზე მოგვთა მოგვიც იჯდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო "სპარსთა ეპისკოპოსს" უწოდებს.

სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი სარწმუნოების პროპაგანდის უფლება. შესაძლოა ათეშგაც ვახტანგ გორგასლის დროს აშენდა. ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს მიერ VI ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთა ლიკვიდაციის შემდეგ,  მისი ქრისტიანულ ქვეყანაში აშენება შეუძლებელი იქნებოდა.

ისტორიული ცნობით, ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებულ თურქებს მეჩეთად გადაუკეთებიათ. 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნის შემდეგ ნადირშაჰს დაუნგრევია.