ედიშერ ყიფიანის სულის ცხრაკლიტული - კვირის პალიტრა

ედიშერ ყიფიანის სულის ცხრაკლიტული

მისი გმირები ცხოვრებიდან მოდიოდნენ და წიგნებში სახლდებოდნენ. მას შემდეგ იმ "მყუდრო სახლების" ერთმანეთისგან განსხვავებულ მობინადრეთა თავგადასავალს ხან შენ ეცნობი, ხან მე და ვგრძნობთ, ნელ-ნელა როგორ გვიტაცებს მათი ამბავი და... ვეღარც ვივიწყებთ.

ხუთშაბათს "ქართული პროზის საგანძურს" კიდევ ერთი წიგნი შეემატება: ჟურნალ "გზასთან" ერთად 27-ე ტომად ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასული მწერლის, ედიშერ ყიფიანის რომანს - "ცაში ასროლილ ქუდებსა" და მოთხრობების კრებულს მიიღებთ.

არიან ისეთი მწერლებიც, რომელთა პირადი ცხოვრება, მორალი ძირეულად განსხვავდება მათივე შემოქმედებითი პრინციპებისგან. კალმით დაუნდობლად ებრძვიან მანკიერებას, ამავე დროს, მანკიერება მათი სულისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ედიშერ ყიფიანი შორს იყო ამგვარი გაორებისგან.

მის პირად ცხოვრებას ვერც გამიჯნავდი შემოქმედებისგან. ის იმავეს ებრძოდა და ამკვიდრებდა საკუთარ შემოქმედებაში, რის დამკვიდრებასაც ყოველდღიურად ცდილობდა და რასაც ებრძოდა ცხოვრებაში. სწორედ ამ პრინციპებით დაწერილმა რომანებმა - "ცაში ასროლილი ქუდები" (რომელსაც "საგანძურის" სერიით მიიღებს ჩვენი მკითხველი) და "წითელი ღრუბლები" - მოუტანეს დიდი აღიარება.

მკითხველმაც ზუსტად ამოიცნო მწერალი: ჩუმი, უთქმელი, სიტყვაძუნწი, მოკრძალებული; რომელიც არავის ახვევდა თავს საკუთარ შეხედულებებს მორალური შეგონებებით და მხოლოდ თავისი უზადო ცხოვრების წესით იძლეოდა მაგალითს. ასეთად ახასიათებდნენ მას მეგობრები და კოლეგები და ასეთი შეიყვარა მკითხველმაც.

მისი სულიერი ცხოვრების ნაწილს, თურმე, მუსიკა შეადგენდა. ზეპირად სცოდნია კლასიკური სიმფონიები, ოპერები და, თუკი სთხოვდით, უდიდესი სიამოვნებით წაგიღიღინებდათ რომელიმე ნაწყვეტს. ჩანს, მუსიკასთან განსაკუთრებული სიახლოვე მის შემოქმედებაზეც აისახა. მოთხრობებში "ჰობოი", "ჯარში გაწვეული მუსიკა", "მუსიკალური მომენტი" და "მწვანე ფარდა", - ორ უკანასკნელს ჩვენს გამოცემაშიც შეხვდებით, - ცდილობდა, მხატვრულად გაეანალიზებინა საზოგადოებაში ხელოვანის ბედი და ადგილი.

"მწვანე ფარდის" მთავარი გმირის, უჩა არგვეთელის პროტოტიპი უდიდესი მსახიობი უშანგი ჩხეიძე ყოფილა. ვერ გეტყვით, მწერალს ერთხელ მაინც თუ უნახავს მომაკვდავი უშანგი ჩხეიძე, უჩა არგვეთელის პორტრეტით კი გასაოცრად აღწერს მოთხრობაში "სიკვდილის სიახლოვეს": "დიდი მსახიობი ჰგავდა თიხისგან გამოძერწილ საკუთარ ქანდაკებას. ამ თიხისთვის სული ჩაებერათ, მაგრამ ისე ძუნწად, ისეთი სატანური გამოანგარიშებით, რომ ესუნთქა და ვერც ესუნთქა, ეცოცხლა და ვერც ეცოცხლა. ეს სატანა ტვინში ჩაჰფრენოდა, სულ ოდნავ, ოდნავ გადაეჯგუფებინა უჯრედები და ამით დაეთრგუნა მსახიობი, დაერწმუნებინა, რომ აღარ შეეძლო ჩაბნელებულ დარბაზთან ბრძოლა, სცენის ფერად სინათლეებთან გამოჩენა და კულისებიდან მონაბერი გრილი ჰაერის ატანა"...

ედიშერ ყიფიანი მარტო დიდებისთვის არ ქმნიდა ნაწარმოებებს, ბავშვების საყვარელი მწერალიც გახლავთ. თურმე, საათობით აკვირდებოდა მოთამაშე ბავშვებს, სწავლობდა მათ ბუნებას, ჩვევებს და მერე უდიდესი სიყვარულით წერდა მოთხრობებსა და ზღაპრებს მათზე და მათთვის.

მისი საბავშვო და საყმაწვილო ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია თოჯინური ფილმი "გოგონა და შადრევანი", მხატვრული ფილმები: "მეტოქეები", მოზარდების მეგობრობაზე, მოვალეობებზე, ინტერესებზე, სამართლიანობაზე, რაინდობასა და პირველ სიყვარულზე და "ცეროდენა რაინდები", სადაც სკოლის მოსწავლეების, ნანასა და დათოს საზაფხულო თავგადასავლებია მოთხრობილი.

ერთხელ ედიშერ ყიფიანს თავისი მეგობრისთვის, მწერალ არჩილ სულაკაურისთვის სხვათა შორის უთქვამს, - როგორც ქართულ ზღაპრებში გვხვდება, ადამიანსაც უნდა ჰქონდეს თავისი მეცხრე კარი. ზღაპრის მთავარი საიდუმლო თუ განძი სწორედ იმ ყველაზე ძნელად შესაღწევ მეცხრე კარს მიღმა ინახებაო. მოგვიანებით, ბატონი არჩილი წერდა:

"როდესაც ამას მეგობარი, ისიც მწერალი გეუბნება, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ მასაც აქვს სულის სიღრმეში ცხრაკლიტული, საიდუმლოდ ჩარაზული მეცხრე კარი, რომლის შეხსნა არავის ძალუძს. მოდი, მოვნახოთ იმ ცხრაკლიტულის გასაღები, გავაღოთ კარი და შევიხედოთ მისი სულის დარბაზში, ვნახოთ, რა განძს ინახავდა იქ ედიშერ ყიფიანი.

კარი ღიაა და ჩვენ წინ მარგალიტებივით თვალისმომჭრელად ელვარებს კეთილშობილება, პატიოსნება, სიწმინდე, მოყვასის სიყვარული, ადამიანისადმი უფაქიზესი დამოკიდებულება, ქვეყნისა და საქმისადმი მოვალეობის განუმეორებელი გრძნობა. ის გასაღები, რომელიც ახლა ვახსენე, ედიშერ ყიფიანის მოთხრობებსა და რომანებში ინახება".

ირმა ხარშილაძე