"ჩემთვის არაერთი ძვირფასი ადამიანი დავკარგე" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის არაერთი ძვირფასი ადამიანი დავკარგე"

"პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რაღაც არ იყო კარგად. ომი უკვე დაწყებული გახლდათ, დედა მეგობრების დახმარებით თბილისში რომ ჩამოვიდა. მამა ომში დაიღუპა"

მეათე წელია, ქეთი სვანიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია და რეპერტუარის დიდ ნაწილშია დაკავებული. მათ შორის არის რობერტ სტურუას ბოლო წლების განმავლობაში დადგმული სპექტაკლები: "დაკანონებული უკანონობა" და "ელექტრა".

- ბავშვობიდან დავიწყოთ. გაიხსენე ყველაზე ნათელი მოგონება, რომელიც დღემდე მოგყვება...

- ჩემთვის ბავშვობიდან ყველაზე ნათელი მოგონება ოპერის თეატრია. 12 წლამდე ბავშვთა საოპერო გუნდში ვმღეროდი. ბატონებთან ჯანსუღ კახიძე, რობერტ სტურუა და სხვა, იქ წლები გავატარე. თვეში ოთხი სპექტაკლი გვქონდა და კვირაში რამდენიმე დღე რეპეტიციები. ეს ჩემთვის ყველაზე ნათელი მოგონებაა ბავშვობიდან, უბრალოდ, ამას ახლა უფრო ვაფასებ, ვიდრე მაშინ.

- ყველაზე მძიმე მოგონება... - ალბათ აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვლა. ჩვენ გაგრაში ვცხოვრობდით, წერეთელზე გვქონდა ბინა, ხოლო კოლხიდაში კერძო სახლი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ორივე სახლი ნათლად მახსოვს და ასევე, მეზობლისაც. დედა იქ ჩარჩა. მე დეიდას გამოვყევი. დედას ხშირად ვკითხულობდი, მაგრამ ჩემები ვერაფერს მეუბნებოდნენ. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რაღაც არ იყო კარგად. ომი უკვე დაწყებული გახლდათ, დედა მეგობრების დახმარებით თბილისში რომ ჩამოვიდა. მამა ომში დაიღუპა.

- ადამიანი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება... - ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ პირველ რიგში, ბატონ რობერტ სტურუას დავასახელებ. სულ მის გარშემო ვტრიალებ, მაგრამ ჩემთვის მართლა დიდი ბედნიერებაა ამ ადამიანთან ურთიერთობა. პირველი შეხვედრაც მახსოვს: 8 წლის ვიყავი და მაშინ ის ოპერაში "კარმენზე" მუშაობდა. 5 წლიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მაშინ დედამ მითხრა, - იცი, ბატონი რობერტ სტურუა "კარმენს" დგამსო. გამიხარდა. პირველ-მეორე მოქმედებაში სამღერლად რამდენიმე ბავშვი გადაგვარჩიეს. ბატონი რობერტ სტურუა პირველ რეპეტიციაზე რომ შეგვხვდა და გვესაუბრა, არ დამავიწყდება, ეს ჩემთვის ბედნიერი წუთები იყო...

- შეგიძლია გაიხსენო ფაქტი, რომელმაც ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინა შენზე? ვგულისხმობ როგორც დადებით, ისე უარყოფით ემოციას... - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება რუსთაველის თეატრში მოხვედრა იყო და სწორედ იმ დღეს უკავშირდება ჩემი ყველაზე მძაფრი ემოცია - როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ რუსთაველის თეატრში ვიყავით დაბარებული. ამას მოჰყვა ის წუთები, როცა მე და ჩემს უახლოეს მეგობარ ლელუკა ახალაიას გვითხრეს, რეპეტიციაზე უნდა შეხვიდეთო. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა და ჯერჯერობით სხვა ასეთი მძაფრი განცდა არ მახსენდება, როგორც რუსთაველის თეატრში მოხვედრის პირველი დღეები იყო.

- და რაც შეეხება ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას შენ ცხოვრებაში?.. - ჩემთვის არაერთი ძვირფასი ადამიანი დავკარგე და რასაკვირველია, ყველა მათგანის გარდაცვალება დიდი ტკივილია. მამაზე ვიტყვი... ის ყოველთვის მაკლდა. მართალია, დედამ ისე გამზარდა, რომ მაქსიმალურად არ მეგრძნო უმამობა, თუმცა ეს მხარე ყოველთვის შეუვსებელი რჩება. ცხოვრების განმავლობაში საკმაოდ ძლიერ ადამიანად ჩამოვყალიბდი და თითქმის არასდროს ვტირი. ერთხელ, სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი. ნომერიც მახსოვს - 126. "მარშრუტკა" გაჩერდა, ამოვიდა რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ერთ-ერთმა გოგონამ, თავის მეგობრებს უთხრა, - ნახეთ, თურმე დღეს მამაჩემი მუშაობსო. საჭესთან მჯდომი და ის იმდენად თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, რომ ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. გოგონა ამაყობდა და ბედნიერი იყო. მაშინ ბევრი ვიტირე, ცხოვრებაში ასე არ მიტირია. მგონია, იმ დღეს ერთიანად აღმომხდა ჩემი დიდი ტკივილი.

- აფხაზეთში ალბათ, კარგი საოჯახო ბიბლიოთეკა გექნებოდათ. წიგნებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე გადავინაცვლოთ... - საოჯახო ბიბლიოთეკა ნამდვილად არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი. დედა დღემდე აქტიურად ყიდულობს ჩემთვის წიგნებს. პირველი ხელფასი რომ ავიღეთ, "ბიბლუსის" მაღაზიებში დავიწყეთ შეგროვება "პალიტრა L"-ის პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების - "ასი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". არის პერიოდები, როცა აქტიურად ვკითხულობ, მაგრამ როცა ახალ როლზე ვმუშაობ, შეიძლება წაკითხულიდან აზრი ვერ გამოვიტანო, რადგან მთელი გონებით ვარ ჩართული სამუშაო პროცესში... კითხვას ზაფხულობით უფრო ვახერხებ. ბოლო ერთი წელია, შედარებით თავისუფალი გრაფიკი მაქვს, თორემ რაც თეატრში მოვედი, წელიწადში 3-4 პრემიერაც მქონია. ვფიქრობ, მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ ნაწარმოებს არ უნდა გაეცნო, რომელზეც მუშაობ, არამედ სხვებსაც და ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. სულ ვღელავ, რომ იმდენად ბევრს არ ვკითხულობ, რამდენიც საჭიროა.

- შეგიძლია ერთი ან რამდენიმე ნაწარმოები და ავტორი დაასახელო, რომელმაც შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა? - ასეთი იმდენად ბევრია, რა თქმა უნდა, გამიჭირდება გამოყოფა. არ მიყვარს ერთი როლის, წიგნის ან ფილმის გამორჩევა. არც საოცნებო როლი მაქვს, რადგან შეიძლება, ერთი პატარა როლი იყოს ისეთი, რომელიც ძალიან ძვირფასი გახდება შენთვის. ჩვევად მაქვს ბავშვობაში წაკითხულ წიგნებთან ხელმეორედ მიბრუნება. ჩემთვის ძალიან ღრმა და დასაფიქრებელი იყო დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის".

- მაშინ ასე გკითხავ: ვინ არის ავტორი, რომელსაც ხშირად კითხულობ?.. - ერიკ-ემანუელ შმიტი. მიყვარს მისი გიჟური მოვლენები და ნაწარმოებების სრულიად წარმოუდგენელი დასასრული. მისი პერსონაჟები ამა თუ იმ როლზე მუშაობისას ძალიან მეხმარებიან.

- ხშირად გიწევთ გასტროლები და მოგზაურობა. პირველი გასტროლიდან მიღებული შთაბეჭდილებები გაიხსენე... - ეს იყო შოტლანდია, სადაც ერთი თვე ვიცხოვრეთ. წაღებული გვქონდა სპექტაკლი - "ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!" და მას საოცარი წარმატება ხვდა წილად. ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ "ფრინჯიდან" სამი პრიზით დავბრუნდით: ფესტივალის მთავარი პრიზი, ინტერნეტგამოცემების სპეციალური პრიზი და საუკეთესო დასის წოდება. ეს იყო საოცარი ფეიერვერკი ჩვენს ცხოვრებაში. შოტლანდიის შემდეგ, ამავე სპექტაკლით გავატარეთ 24 დღე ლონდონში, ხოლო "მარია კალასი-გაკვეთილით" მექსიკაში ვიყავით გასტროლზე. სამი სპექტაკლი ვითამაშეთ და სამივე იყო ზეიმი. ქართულად ვთამაშობდით, მაგრამ მათ ისე საოცრად შეგვაფასეს, თითქოს ჩვენი ყოველი სიტყვა ესმოდათ და მათ შორის, ბატონი რობიკოს მიერ სპექტაკლში ჩადებული იუმორი თუ სხვა დრამატული მხარე. მექსიკელი მაყურებელი არასოდეს დამავიწყდება.

- ფოტოების გადაღება გიყვარს... - კი, მიყვარს და ამას თავისი მიზეზი აქვს. ბავშვობაში ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ვინაიდან ფოტოაპარატი და ტელეფონი არ მქონდა, ბევრი დადებითი მოვლენა ისე უკვალოდ გაქრა, რომ გული მწყდება. ახლა როცა სადმე მივდივარ, ფოტოს ვიღებ. ძირითადად, ეს გასტროლებზე ხდება. ფოტო მხოლოდ ის არ არის, რომ პუბლიკამ ნახოს, გრჩება შენ, ოჯახს და ფოტოებით იმ მოვლენებს ვიხსენებ, რა განცდებიც კონკრეტულ მომენტში მქონდა. ზოგისთვის ეს წიკია, ზოგისთვის ჰობი. პირადად მე ვთვლი, რომ ჰობია.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი... - ვაი... დასამახსოვრებელი საჩუქარი, დასამახსოვრებელი (ფიქრობს).

- დაგეხმარები. მე მიყვარს სამკაულს ან კოსმეტიკას რომ მჩუქნიან, შენ? - სამკაულიც მიყვარს და კოსმეტიკაც. ასეთი საჩუქრები ბევრჯერ ყოფილა. ერთხელ ისეთი კოსმეტიკა მაჩუქეს, შოკში ჩავვარდი. მიუხედავად იმისა, რომ სამკაული მიყვარს, განსაკუთრებით საყურე, ბოლო დროს თითქმის აღარაფერს ვატარებ. ერთადერთი, რასაც არ ვიშორებ, ჯვარია.

- დაბოლოს, რას ან ვის თვლი შენი ცხოვრების მთავარ საჩუქრად? - ვთვლი, რომ ეს არის დედაჩემი. დღეს რასაც მე წარმოვადგენ და ვაკეთებ, მისი დამსახურებაა. ის რომ არა, ალბათ ვერ შევდგებოდი. მან მაქსიმუმი გააკეთა ჩემთვის და სულ ვფიქრობ, რომ ალბათ ვერასდროს გავუკეთებ იმავეს ჩემს შვილს. იმ ყოფაში, რაშიც ვიყავით, არ ვიცი, როგორ შეძლო, რომ ბავშვთა გუნდში მოვხვდი, შვიდწლედი დავამთავრე, კონსერვატორიის ათწლედი, მერე "ერისიონში" მიმიყვანა... დღეს ჩემი ასაკის ადამიანებისგან ან უფროსებისგან რომ მესმის, ცეკვაზე მინდოდა სიარული და ვერ ვიარეო, ჩემთვის გაუგებარია. დედაჩემს არაფერი ჰქონდა, მართლა არაფერი და მაინც ახერხებდა ამ ყველაფერს. თეატრალურს რომ ვამთავრებდი, ყველაზე მეტად, დედაზე ვნერვიულობდი და ჩემთვის მთავარი იყო, მისთვის იმედები არ გამეცრუებინა. მას ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით კიდევ აქვს რაღაც სურვილები და იმედია, ყველაფერს განვახორციელებ.

- ჩემთვის წარმოუდგენელია დედასთან ჩემი პირადი ცხოვრების დამალვა, შენ რამდენად გახსნილი ხარ მასთან? - ჩემს პირად ცხოვრებაზე დეტალურად საუბარი საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ დედა ყოველთვის საქმის კურსშია. რჩევებს მაძლევს, მაგრამ ამავდროულად, იმასაც მეუბნება, რომ ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია.

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"