"ზურას ანასტასიას პამპერსში ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ნინის პატრული დასდევდა დასაჭერად" - კვირის პალიტრა

"ზურას ანასტასიას პამპერსში ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ნინის პატრული დასდევდა დასაჭერად"

მომღერალი ხათუნა ჟორდანია, ოჯახთან ერთად, პირველი იყო, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სახალხოდ დაუჭირა მხარი. ის ამ არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. ზურაბიშვილი არჩევნებზე კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იყრის, მაგრამ მმართველი გუნდი მხარს უჭერს.

- ქალბატონო ხათუნა, რატომ უჭერთ მხარს "ქართულ ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილს?

- დავიწყებ "ქართული ოცნებით", ეს არის ძალა, რომელმაც მოგვაშორა პირსისხლიანი რეჟიმი. ეს ყველაფერი მე მოყოლით და ტელევიზიით არ ვიცი, ჩემს ოჯახზე გამოვიარე.

ორჯერ დააკავეს ჩემი ძმა, მერაბ ჟორდანია. შემდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ზურა ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა, ჩვენს ოჯახზე დაიწყო ზეწოლა და რეპრესიები. არ დაგვაკლეს არც დაშინება, არც სახლში შემოვარდნა. უამრავი უსამართლობა და ტერორი ვნახეთ იმ ადამიანებზე, ვინც მხარს არ უჭერდა "ნაციონალურ მოძრაობას". გახსოვთ ალბათ, ზურა (ხათუნა ჟორდანიას მეუღლე - ზურა ხაჩიძე) კენჭს იყრიდა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ბორჯომში, რაც იმ არჩევნებში უსამართლობაც ვნახე, არასდროს არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

არჩევნების ღამეს თითქმის ყველა ჩვენს მხარდამჭერთან ჩამოიარეს, ისე დააშინეს და დაატერორეს, დილით აღარავის უნდოდა სახლიდან გამოსვლა. ასევე, არ დაგავიწყდეთ, როცა ზურა ოპოზიციის მიტინგზე გამოდიოდა, პარალელურად მამამისს შეუვარდნენ სახლში და ეუბნებოდნენ, შენი შვილი რამდენი წუთითაც ილაპარაკებს მიტინგზე, იმდენ წელს მოგისჯითო და რაღაც ჟანგიანი ტყვიები ჩაუდეს. ზურას კიდევაც ემუქრებოდნენ, ანასტასიას პამპერსში ნარკოტიკებს ჩაგიდებთო. აღარაფერს ვამბობ ნინიზე, რომელსაც ყოველ საღამოს პატრულის 5 ეკიპაჟი ცდილობდა, დაეპატიმრებინა. როგორც შემდეგ უკვე გავიგეთ, მათ ეს დავალება უშუალოდ გიორგი გეგეჭკორისგან ჰქონდათ.

- პირადად თუ იცნობთ ბიძინა ივანიშვილს?

- მე ბიძინა ივანიშვილს არც ვიცნობ და არანაირი შეხება არ მქონია. მას იმიტომ ვცემ პატივს, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ჩახსნა. თუმცა, ძალიან კარგად ვიცნობ ბერას, ის ჩემი უმცროსი მეგობარია. როგორც ამბობენ, შვილები ოჯახის სარკეაო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ასეთი არაჩვეულებრივი შვილი რომ გაზარდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, პატივს ვცემ, მის დიპლომატიურ გამოცდილებას.

მე ის ჯერ კიდევ იმ დროიდან მომწონს, როცა ერთად ვიდექით ოპოზიციის მიტინგებზე და ერთად ვაპროტესტებდით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. მომწონს ასევე მისი პირდაპირობა. დღეს არჩევანი გვაქვს ისევ იმ ადამიანებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის? გამოსწორდნენ და მოდიან? ხომ მაქვს უფლება არ მჯეროდეს მათი გამოსწორების? არ მჯერა, რომ ისინი ისევ რევანშით არ მობრუნდებიან. აკი, ყველა წინასაარჩევნო მესიჯში, გაისმის მათი მუქარა, ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა მახსენდება ის 9 წელი და არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. დაგიმახსოვრებთო გვეუბნებიან და ვინც ამას ამბობს, იმის გასაგონად ვუპასუხებ - კარგად დამიმახსოვრონ. ამასწინათ ძველი ჩანაწერები ვნახე და ყველაფერი ამომიტივტივდა. როგორც კი სხვა აზრი გაგაჩნია, ეგრევე იწყება, რუსეთი, რუსეთის აგენტი და.შ. ეს ხომ ბევრჯერ გავლილი გვაქვს? არ იცვლება არაფერი, წლების წინ ბადრი პატარკაციშვილზე და მის მხარდამჭერებზე იძახეს რუსეთის მხარდამჭერი, რუსეთუმე და მოღალატე. ახლა სალომე ზურაბიშვილზე იძახიან იგივეს ნაციონალები.

- როცა "ვარდების რევოლუცია" მოხდა, მათ მხარდასაჭერად კლიპი შეიქმნა, სადაც ზურა ხაჩიძე და ნინი ქარსელაძეც იღებდა მონაწილეობას, რატომ შეგეცვალათ აზრი მათზე? გაგრძელება