ტოტალიზატორის თაობა - კვირის პალიტრა

ტოტალიზატორის თაობა

გია ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ხვალ მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყება. Dდიახ, ახალი, სრულიად განსხვავებული ცხოვრება... ეკასთან ერთად.

მაინც რამ შეაყვარა ეკას ეს ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ბიჭი? გიას ხშირად უფიქრია ამაზე, მაგრამ პასუხი ვერ უპოვია. ერთი ჩვეულებრივი თბილისელი გოგოა, კარგი ცხოვრებისაგან განებივრებული. მალე ყველაფერს მიხვდება და...

დრო გადიოდა და გიას გასაოცრად არაფერი იცვლებოდა. ბიჭი ხვდებოდა, რომ ბედმა გაუღიმა. ეკას გულწრფელი სიყვარულით უყვარდა. გიას საფიქრალი მოემატა. ის არ იყო მზად ასეთი წმინდა სიყვარულისათვის.

არც სხვებისათვის ემეტებოდა ეკა, იმდენად სათუთი და სათნო იყო იგი.

ამ ფიქრებში გია სახლს მიუახლოვდა. ტაბიძის ქუჩის ამ კორპუსის ეზო მუდამ ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გიას ძალიან უყვარდა თავისი ეზოს ბიჭები, მაგრამ ახლა მათთან საუბრის ხასიათზე არ იყო. სახლში შეუმჩნევლად შესვლა დააპირა, თუმცა ამაოდ. ბიჭებს მის სადარბაზოსთან ახლოს პატარა სუფრა გაეშალათ და ლუდს მიირთმევდნენ.

ერთი დალიეო და კათხა მიუჩოჩეს.

- მსოფლიო ნაკრები რომ შეხვდა საბჭოთა ებრაელთა ნაკრებს ჭადრაკში, პირველ დაფაზე ვინ თამაშობდა მსოფლიო ნაკრებში მაშინ?

- ებრაელებთან ერთად მაშინ პეტროსიანიც თამაშობდა.

- შეკითხვაზე გვიპასუხე, - აიჭრა გიგი.

-  ლარსენი, - და გიამ კათხა დაცალა.

- ფიშერი სადღა იყო? - განაწყენდა ნაძლევის წამგები.

- მეორე დაფასთან, - მეორე კათხაც დაცალა გიამ.

- მატჩი ვინ მოიგო?

- ებრაელებმა. თქვენ რა, ამისათვის დამიძახეთ? - მესამედაც შეუვსეს კათხა.

- "ბლექბერნი" მოიგებს თუ "ტოტენჰემი"? - შეკითხვის შემდეგღა იგრძნო უხერხულობა სიმონმა.

ფეხზე წამომდგარი გია ბიჭებს დააკვირდა, მიხვდა, უბრალონი იყვნენ.

-  არ ვიცი, სიმონ, პროგნოზებსა და ადამიანებში ვერ ვერკვევი. აღარც ტოტალიზატორში დავდივარ, - თქვა და სახლის ნაცვლად ვაკის პარკისკენ გაუყვა.

მაგიდის კიდეზე ხელუხლებლად იდგა ლუდით სავსე გიას კათხა.

დაკარგულ თაობას ბევრი სიმბოლო აქვს.

ერთ-ერთი დაწესებულებაა, რომელიც მრავალი ხელმოცარულის ერთადერთი იმედია.

დღის თორმეტი საათი სრულდება. უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, თორმეტს ათი წუთი აკლია. ახლომახლო სახლებიდან ნელ-ნელა გამოდიან ბიჭები. თითოეულს ზუსტად გაწერილი გეგმა აქვს. გულგრილად ჩაუვლიან ეზოებში ნაციონალების რუდუნებით მოწყობილ სტადიონებს და სიგარეტის გამყიდველებს მიაშურებენ, რომლებიც სანუკვარი დაწესებულების ირგვლივ მოთავსებულ ჯიხურებში შეყუჟულან. მოიმარაგებენ სიგარეტს და საათს ახედავენ.

თუ არ აგვიანდებათ, ბელმონდოსეული მოძრაობით ყუთიდან სიგარეტს დააძრობენ და მისივე მეთოდით მოუკიდებენ. უფრო სერიოზულები, უბრალოდ, მამაპაპურად მოქმედებენ. ამასობაში საათის დიდი და პატარა ისრები თორმეტთან ერთმანეთს მიეწებება და კარიც...

სეზამ, გაიღე!

ეს ინერტული მასა ერთბაშად ამოძრავდება, აიშლება, გაიშლება და ბირჟის მაკლერებივით ღია კარში შეცვივდება.

ო, ღმერთო ჩემო!

ოთახის ან ოთახის მსგავსი დარბაზის ერთ კუთხეში მიმაგრებული სტენდის მინებიდან საოცნებო თეთრი ფურცლები იმზირება სეთურლენდის იმედივით.

სტენდის მოპირდაპირე მხარეს შემინული ორი ე.წ. "კასსა" იწონებს თავს. სულ ცოტაც და "კასსებში" ფარდა გადაიწევა, საიდანაც პირდაუბანელი და თმადაუვარცხნელი "სენიორინები" გამოჩნდებიან.

ღმერთო, მიშველე!

გაყინული, აკანკალებული ხელები ჯიბეებში მიძვრებიან და იქიდან გაკეცილ, სათუთად შენახულ ბილეთებთან ერთად ბრუნდებიან. სასწაულის მოლოდინში ხელის თითები დროებით წყნარდებიან. დარბაზში შემაშფოთებელი სიჩუმე ჩამოწვება. ხელის თითების ფაქიზი მოძრაობა და ახლა უკვე ჩასისხლიანებული თვალები შეჰყურებენ გაშლილ ბილეთებს. მთავარი ახლა იწყება.

- ოხ, შენი... - იწყებს განაპირას მდგარი ბიჭი.

- ხომ ვამბობდი, "მანჩესტერი" აწყობს-მეთქი, - აჰყვება მოწიფული კაციც და მასა ისევ ამოძრავდება.

- დამღუპა "ლივერპულმა", - მოთქვამს ახალგაზრდა კაცი, - "გალათასარაის" დედაც, "ბაზელზე" ინდობა? ცხრამეტიდან თვრამეტი გავარტყი და რაღად მინდოდა "შარლერუა". ახია ჩემზე, ლადოს რომ დავუჯერე.

-  კუკუტა რაღამ ჩამაწერინა, - იბოღმება ამორძალი.

სიცილი გაისმა. ჯერ გაუბედავი, მერე თამამი. ქალსაც ეღიმება. აქა-იქ კმაყოფილ სახეებსაც დალანდავთ. დამნაშავეებივით მიიპარებიან "კასსისკენ", რომელსაც პატარა ასოებით აწერია: "მოგების გაცემა".

ორომტრიალი დამთავრდა. ახლა მშვიდობის დროა.

იღება ადმინისტრაციის ოთახის კარი, საიდანაც გაღიმებული ჯეელი გამოდის ახალი ფურცლებით ხელში. ცოტაც და სტენდის მინებიდან ახალი, წინანდელზე თეთრი ფურცლები იმზირებიან სეთურლენდის იმედივით.

ხელები ისევ მიძვრებიან ჯიბეებში და იქიდან ავტოკალმები და პროგრამის საყიდლად განკუთვნილი გროშები ამოაქვთ.

დარბაზი ნელ-ნელა იცლება საღამოს ანშლაგის იმედით.

აი, რას ნიშნავს იმედის კვლავწარმოება.

...

დილით სამუშაოზე ადრე მივიდა. მთელი გზა გუნებაში იმეორებდა ეკასთვის სათქმელ სიტყვებს, თუმცა გულიდან წამოსულ სიყვარულით სავსე ნაკადს დაზეპირება არ სჭირდებოდა.

ეზოში ეკას ძმის მანქანა იდგა. მიშა მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა. გია მიესალმა. მიშამ სალამზე უპასუხა და მანქანაში ჩაჯდა. გია შესასვლელისკენ წავიდა, კიბის საფეხურები სულმოუთქმელად აირბინა და სასცენარო განყოფილების ოთახში შევარდა.

-  ეკა!

ეკას არ გაჰკვირვებია მისი დანახვა, თითქოს ელოდა კიდეც.

- სორბონში მივდივარ, - უთხრა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.

გია დუმდა, გოგომ წიგნების მოგროვება განაგრძო. მაგიდის ზემოთ გაკრული ღვთისმშობლის ხატი ჩამოხსნა და შარშანწინ ჟენევაში, ტბასთან გადაღებულ ფოტოს დანანებით გადახედა.

გაფითრებული გია გარეთ გავარდა.

ეკამ ფოტო ხელჩანთაში შეინახა.

მანქანაში ჩამჯდარ დას რომ თვალი შეავლო, მიშა მიხვდა, ეკა უბედური იყო.

...

ცა დილიდანვე მოქუფრულიყო. ღრუბლები აშლილიყვნენ და თავს ზუსტად მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ იყრიდნენ. ქუჩაზე მიმავალ გიას ეჩვენებოდა, რომ ყველა შენობა, პარკი ღრუბლისფერი იყო. ღრუბლისფერნი იყვნენ ადამიანებიც და ტანადაც ღრუბლისფრად ემოსათ.

გამვლელებში ერთი-ორჯერ ეკასაც მოჰკრა თვალი.

ეკასაც ღრუბლისფრად ეცვა!

- ეკა! ეკა!

ეკამ მოუხედა, თავი ნაღვლიანად დაუქნია და გამვლელებს შეერია. გიამ იფიქრა, დავეწევიო და ფეხს აუჩქარა. ამ დროს მეორე გოგონამ გაუსწრო და უკან მოუხედა.

ისიც ეკა იყო!

- ეკა! ეკა!

ეკას აღარ მოუხედავს.

გია ყველაფერს მიხვდა.

მიხვდა და შეშინდა.

ერთბაშად იცოდა ყველაფრის გადაწყვეტა და ამიტომ შეშინდა.

მელიქიშვილიდან კოსტავაზე ჩასასვლელ პატარა ქუჩაზე ჩაუხვია. აქვეა ვერის ბაღიც, შემდეგ სანაპიროა და...

მტკვრის მღვრიე წყალმა ფიქრის დამთავრება აღარ აცალა.

მტკვრის პირას ფიქრი მხოლოდ ბარათაშვილს შეეძლო!

ომარ ჟიჟავაძე