"ბატონო მერო, გენაცვალეთ ფურცელზე გამკაცრებულ კანონში!" - კვირის პალიტრა

"ბატონო მერო, გენაცვალეთ ფურცელზე გამკაცრებულ კანონში!"

სურათი არ შეცვლილა - რიყიდან მოყოლებული, მთელ ლესელიძის ქუჩაზე პარკირების ადგილებს დღესაც დევებივით დაჰპატრონებიან კერძო ბიზნესმენები...

რამდენიმე დღის წინ შარდენის ქუჩაზე მიმავალმა გადავწყვიტე, მანქანა ლესელიძის ქუჩაზე გამეჩერებინა. კარგად მახსოვდა ქალაქის მერის ერთი თვის წინანდელი მკაცრი განცხადება, ზოგიერთებმა მუნიციპალური პარკირების ადგილები საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის მოირგეს, გასაქირავებელი მანქანებით შეავსესო. ჰოდა, ეს სტატია იმაზეა, როგორ მომჭრა თვალი კალაძის პიარეფექტებმა და სინამდვილეში რა სურათი დამხვდა.

თხრობას ქალაქის მერის განცხადებით დავიწყებ: "ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირად გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებით და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, დაგვეჯარიმებინა ყველა, რაც"სატრანსპორტო კომპანიას დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ძალიან მცირეა - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ეკონომიკური საქმიანობა შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ!"

ბოლო წინადადება ყველაზე მეტად მომეწონა. ამის შემდეგ მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა,"დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს და შედეგი გამოიღოსო.

მძღოლების უმრავლესობას კალაძის განცხადება ახდენილ ოცნებად გვენიშნა, მაგრამ ჩანს, განცხადება განცხადებად დარჩა და სურათი ოდნავაც არ შეცვლილა - რიყიდან მოყოლებული, მთელ ლესელიძის ქუჩაზე პარკირების ადგილებს დღესაც დევებივით დაჰპატრონებიან კერძო ბიზნესმენები. ადგილების ნაწილი მოზომილი აქვთ ე.წ. სტაიანშჩიკებს, უმრავლესობა კი გასაქირავებელი მანქანებით არის სავსე. მანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნაში ბევრი ვიარე თუ ცოტა, ბოლოს მაჩაბლის ქუჩაზე გავჩერდი, საიდანაც, ქალაქის მერის პოპულისტური განცხადებით იმედგაცრუებული, ფეხით ჩავუყევი გზას შარდენისკენ. შარდენზე როგორ გავატარე ერთი საათი, ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, შინისკენ მიმავალი ფეხით რომ ავუყევი ლესელიძის აღმართს, იქიდან გავაგრძელებ...

"ბატონო მერო, გენაცვალეთ ფურცელზე გამკაცრებულ კანონში!" - გამოცრა ერთმა მძღოლმა და გზა განაგრძო. ამ ქუჩაზე პატრული ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, თუმცა არც ერთი მანქანის გამქირავებელი არ უხმიათ, დაჯარიმებაზე ხომ რაღა მოგახსენოთ... გზას ვაგრძელებ. აი, კიდევ ერთი პარკირების ადგილზე მონადირე შემხვდა.

"ლესელიძეზე ყოველთვის ასეთი სიტუაციაა. ასეთივე სურათია კონკასთანაც. მეც იქვე ვცხოვრობ და ვხედავ, კვირაობით დგანან მუნიციპალური პარკირების ადგილზე გასაქირავებელი მანქანები. მოსახლეობა ჩხუბობს, მაგრამ უშედეგოდ. არასდროს მინახავს, რომელიმე დაეჯარიმებინოთ. პატრული ხმას არ სცემს, მხოლოდ პარკირების სამსახური აჯარიმებს, პარკირების ვადა გასული თუ აღმოაჩნდათ. კერძო ბიზნესმენებმა პარკირების ადგილები ლამისაა, გადახურონ. ამ ადგილებს მხოლოდ რჩეულები იყენებენ. ჩვენ, უადგილოდ დარჩენილი მოკვდავები კი არასწორი პარკირებისთვის ვჯარიმდებით. როგორც ჩანს, ამათ ვერ, უფრო სწორად, არ ხედავენ. რატომ? - პასუხი თქვენთვის მომინდვია..." - ამბობს გაცხარებული.

გადავწყვიტე, ერთ-ერთ გასაქირავებელ მანქანაზე მითითებულ ნომერზე დამერეკა.

- მანქანას თქვენ აქირავებთ? - კი.

- მუნიციპალური პარკირების ადგილი მუდმივად რომ გაქვთ დაკავებული, თქვენი კერძო საკუთრებაა? ამის გამო სამართალდამცავებს არასდროს არაფერი უთქვამთ? - ქალბატონო, მანდ მე ერთი მანქანა მიდგას, სხვებს - 100. მთელი ქუჩის აყოლებაზე გასაქირავებელი მანქანები დგას და მაინცდამაინც ჩემი მოგხვდათ თვალში?! ამის გამო სამართალდამცავებმა რა უნდა მითხრან? ეტყობა, თქვენ სხვა საქმე არ გაქვთ!

ამ საუბრიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მანქანის გამქირავებელმა არც კი იცის, რომ რაღაცას აშავებს, რადგან ამის გამო ერთხელაც არ დაჯარიმებულა.

"გვაბოლებენ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით", - მეუბნება ჩემი სატელეფონო საუბრის შემსწრე ახალგაზრდა და განაგრძობს: - მართლა გეგონათ, რომ ხალხზე ფიქრობენ? საკუთარი რეკლამისთვის დაგვპირდნენ, ზომებს მივიღებთ და კანონს გავამკაცრებთო, თორემ ეს მანქანები როგორც იდგა, ისე დგას, ხომ ხედავთ.

- როგორ გგონიათ, კანონის გამკაცრება გამოიღებს შედეგს? - ვეკითხები ხნიერ კაცს. - რას გეტყვი, იცი, ბიძია? იმ თქვენს მერსა და ვიცე-მერს უთხარით, ფურცელი არ გაგეხეთ სიმკაცრისგან გამკაცრებულ დადგენილებაზე ხელის მოწერისას, თორემ სულ აღარაფერი დარჩება თქვენი თავგამოდებიდან-თქო! - მპასუხობს ირონიული ღიმილით და თავის გზას მიუყვება.

ეკა სალაღაია