"რა ვქნათ, პარკები არ აღვადგინოთ?!" - კვირის პალიტრა

"რა ვქნათ, პარკები არ აღვადგინოთ?!"

თითო ხე დაახლოებით 500 ლარი ღირს, პარკების სრულ აღდგენას კი სოლიდური თანხები სჭირდება. მაგალითად, გოძიაშვილის ე.წ. წითელი პარკის აღდგენას 2 მილიონ ლარამდე სჭირდება, გლდანის პარკისას კი მილიონ ლარამდე...

დDედაქალაქის მერიის წინ მწვანე ნარგაობა ჯადოსნური ჯოხის ნამოქმედარივით ამოიზარდა - იქ, სადაც საღამოს არაფერი იყო, დილით ხალხს ეგზოტიკური სიმწვანე დახვდა. სიმწვანემ და სიცოცხლემ როგორ შეიძლება არ გაგახაროს, თუმცა ისიც ცხადია, რომ ბევრი ამას პესიმისტურად შეხვდა. რაღა თქმა უნდა, მწარე გამოცდილების გათვალისწინებით - უკვე მრავალი წელიწადია, დაბინძურებულ ჰაერში ჩაფლული დედაქალაქის გამწვანების ყველა მცდელობა კრახით მთავრდება, ახალი ნარგავები თვალის დახამხამებაში ხმება, ძველის ადგილს კი უსახური კორპუსები იკავებს. გასაკვირი სულაც არ არის, რომ თბილისი ევროპის დაბინძურებულ ქალაქთა შორის მესამე "საპატიო" ადგილზეა. ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძე.

- ბატონო პაატა, სიმწვანე სიცოცხლის სტიმულია და სააკაძის მოედნის გამწვანებაც გასახარია. თუმცა ბევრმა სკეპტიკურად თქვა, ესეც ისე გადახმება, როგორც აქამდე დარგული სხვა ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ფული საჩვენებელ სანახაობაში გადაიყარაო.

- ვერ დავეთანხმები: ამჟამად მერიის მიმდებარედ დარგულია ფოტინის, კედრის, ბზისა და წყავის 200 დეკორატიული ბუჩქი, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიტანეთ და საუკეთესოდ ეგუება ადგილობრივ კლიმატს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნერგებმა გაიხაროს. მორწყვის წვეთოვანი სისტემაც დავამონტაჟეთ და უცხოელი კონტრაქტორიც მოვიწვიეთ ნერგების მოსავლელად, კერძოდ, ესპანური ფირმა, რომელიც ნარგაობას ერთი წლის განმავლობაში მოუვლის და გაძლიერებულს ჩაგვაბარებს. ასე რომ, ალალბედზე არაფერი გაგვიკეთებია.

- ძალიან კარგი. თუმცა ყველა ის მცენარე, რომლებიც ჩამოთვალეთ, საქართველოშიც იზრდება. მაგალითად, წყავი გურიაში იმდენია, აღარ იციან, რა მოუხერხონ. რატომ გახდა საჭირო მათი უცხოეთიდან ჩამოტანა, როცა ეს ხარჯთან არის დაკავშირებული. რატომ უცხოელი კონტრაქტორები, როცა ბაღის მოვლა ქართველებსაც შეგვიძლია? იქნებ მითხრათ, რა ღირს ყოველი ჩამოტანილი ხე? - თითო ხე დაახლოებით 500 ლარი ღირს, პარკების სრულ აღდგენას კი სოლიდური თანხები სჭირდება. მაგალითად, გოძიაშვილის ე.წ. წითელი პარკის აღდგენას 2 მილიონ ლარამდე სჭირდება, გლდანის პარკისას კი მილიონ ლარამდე. რა ვქნათ, არ აღვადგინოთ? რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საჭირო ნერგების უცხოეთიდან ჩამოტანა, ამ ქვეყნებში საუკუნოვანი სანერგე მეურნეობებია უძველესი გამოცდილებით. იქ გამოყვანილ და შეკრეჭილ ნერგებს აქ ვერ მოვიძიებთ. თბილისის მერია წლის დასასრულამდე, დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ქალაქის 10 ჰექტარის გამწვანებას აპირებს, რისთვისაც 6000 დეკორატიული ბუჩქი და 5500 ხე გვექნება შემოსატანი. ყველა ხის ვარჯის გარშემოწერილობა 14 სანტიმეტრს შეადგენს, სიმაღლე კი 3 მეტრზე ნაკლები არ იქნება.

მსგავსი სტანდარტის ხის ნახვა აქ თითქმის შეუძლებელია. ალბათ, ახლა გასაგებია, რატომ გვჭირდება უცხოეთიდან შემოტანილი ნერგები. რაც შეეხება უცხოელ კონტრაქტორს, ისინი ჩვენს თანამშრომლებს შეასწავლიან ნარგაობის მოვლას.

- რომელი ხეების შემოტანას აპირებთ ქუჩებში დასარგავად?

- ისეთი ხეების, რომლებიც 15 მეტრამდე იზრდება და თან ძალიან ლამაზია. დედაქალაქში შემოვიტანთ უნგრულ ცაცხვს, იფანს და ა.შ. ამ ხეებით ზოგ ადგილას შედარებით ახალი ნარგაობის ჩანაცვლებაც კი მოგვიხდება, მაგალითად, აღმაშენებელზე დარგული პატალაპა ნეკერჩხლით უნდა ჩავანაცვლოთ.

- ეს ხეები სულ რამდენიმე წლის დარგულია, ძლივს გაძლიერდა და რატომ უნდა მოთხაროთ? იმიტომ ხომ არა, რომ "ნაციონალების" ხელისუფლების დარგულია? - ნებისმიერი სპეციალისტი დარწმუნდება, რომ ისინი უკვე დაავადებულია. დაავადებული ხეები არ შევცვალოთ?

- ალბათ, უპირველესად ის უნდა ვიცოდეთ, რომ ხეები დაავადებამდე არ მივიყვანოთ. აღარ მაქვს იმედი, რომ თბილისი ისეთი ევროპული მწვანე ქალაქი იქნება, სადაც სახურავებიდან და აივნებიდან ყვავილებია ჩამოშვებული. კორპუსები ყვავილის ჩასარგავ ადგილებსაც აღარ გვიტოვებს და იქნებ მერიას ვერტიკალურ გამწვანებაზე მაინც ეფიქრა. - ვინ გითხრათ, რომ არ ვფიქრობთ?! პირველად ავლაბრის მეტროს კედლით დავიწყებთ, სადაც გამწვანება ძლიერ დაზიანებულია.

ნარმანიას აქილევსის ქუსლი

დედაქალაქის გამწვანების თემა ექსმერის, დავით ნარმანიას საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტული თემა იყო. ის თბილისელებს მილიონი ხის დარგვას შეჰპირდა, თუმცა, ეს თემა, პრაქტიკულად, მისი მერობის აქილევსის ქუსლად იქცა. ნარმანიამ ამ საქმიანობისთვის 4 584 634 ლარი გამოყო, მაგრამ... სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ნერგების დარგვისას საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვა გამოვლინდა, დარგული ნერგების ნახევარზე მეტი კი გადახმა. კერძოდ, აუდიტმა დაწვრილებით შეისწავლა თბილისის დენდროლოგიური პარკი და ლისის ტბის ტერიტორია. დენდროლოგიურ პარკში 2015 წელს დარგული 398 000 ნერგიდან 132 000 გახმა; ლისის ტბაზე დარგული ნერგებიდან კი თითქმის ყველა განადგურდა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მწვანე საფრის აღდგენა რთული პროცესია და ყველა ქვეყანაში უჭირთ, რის მაგალითადაც შეიძლება იქცეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანია - მათ ამ პროცესს 70 წელიწადი შეალიეს.