"არავის დაუწესებია, რომ მფრინავობა მხოლოდ მამაკაცის პროფესიაა" - კვირის პალიტრა

"არავის დაუწესებია, რომ მფრინავობა მხოლოდ მამაკაცის პროფესიაა"

"ცაში ყველაზე კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს. თვითმფრინავიდან სიმაღლის აღქმა სხვანაირია. შიშის გრძნობა არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მე თვითონ ვმართავ, რისი უნდა მეშინოდეს!"

"ზემოდან დედამიწა საოცრად ლამაზია. მე ცაში ყველაზე კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს," - მეუბნება 26 წლის ნადია ბენკლიანი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში პირველი ქალი მფრინავი. ცოტა ხნის წინ სულაც ერთადერთი იყო, ახლა კი თანაკურსელი გოგონაც შეემატა და იმედი აქვს, რომ მათ მაგალითს კიდევ ბევრი ქალი მიჰბაძავს.

- მამა მფრინავი იყო, ბორტ-ინჟინერი. აეროპორტის დასახლებაში ვცხოვრობ და თვითმფრინავის აფრენა-დაფრენას თვალს პატარაობიდან ვადევნებდი. თავიდან ამ პროფესიაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ როცა მამასთან ერთად პირველად ვიფრინე და პილოტების კაბინაში მოვხვდი, ყველაფერი ძალიან მომეწონა. მაშინ 13 წლის ვიყავი. სწორედ მას შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მეც მემართა თვითმფრინავი. აბიტურიენტობისას მშობლებს ჩემი გადაწყვეტილება რომ გავუმხილე, არ აღფრთოვანებულან. განსაკუთრებით დედამ ინერვიულა. მან, როგორც ავიატორის მეუღლემ, კარგად იცოდა, რას ნიშნავს, ელოდო შორეულ მოგზაურობაში წასულ ადამიანს, მაგრამ... მოკლედ, მამის კვალს გავყევი.

- პირველი ფრენა მფრინავის ამპლუაში...

- ჩემი პირველი ფრენა მფრინავ-სტაჟიორის ამპლუაში შედგა, ინსტრუქტორის დაკვირვებით. იმ ემოციების აღწერა შეუძლებელია. არც გჯერა და თან გიხარია, რომ ეს შენს თავს ტრიალებს. შემდეგ, გამოცდილების მიღებისას, დაკისრებულ პასუხისმგებლობას უკეთ იაზრებ. ფრენა და თვითმფრინავის მართვა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. ჩემი აზრით, ადამიანმა საყვარელი საქმის კეთებისას კი არ უნდა იმუშაოს, უნდა დატკბეს ამ პროცესით.

ჩვენი ქართული ავიაცია ჯერჯერობით არ არის მზად, რომ ქალებიც მის სრულფასოვან ნაწილად იქცნენ, ამიტომ მე, როგორც პირველ ქალს, თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა ვგრძნობ, რომ ბევრი გოგონასთვის მაგალითი გავხდი.

შემიმჩნევია, მამაკაცებს უჭირთ იმის აღიარება, რომ ქალებსაც შეგვიძლია ამ საქმის კეთება და უკეთესადაც კი. მათი უნდობლობის დაძლევა დამწყებთათვის რთულია. როცა საავიაციო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემთან კიდევ იყო ორი გოგონა, მაგრამ ერთი გამოგვეთიშა, დაიწუნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ მხოლოდ ორმა შევძელით სწავლის დამთავრება. ჩვენ გარშემო ბევრი ბიჭი იყო და მათგანაც იგრძნობოდა არასერიოზული დამოკიდებულება. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, ტექნიკურ საგნებს სკოლიდანვე კარგად ვითვისებდი და არც სტუდენტობისას გამიჭირდა. ლექტორების მხარდაჭერასაც ვგრძნობდი. საავიაციო უნივერსიტეტში დღესაც კარგად ახსოვთ ჩემი სახელი. მანამდეც იყვნენ გოგონები, ოღონდ ისინი სამხედრო ავიაციაში წავიდნენ, მე კი სამოქალაქოში დარჩენა მაქვს განზრახული.

- ახლა უკვე პროფესიონალი მფრინავი ხართ... რამდენად რთულად გესახებათ ეს პროფესია ქალისთვის? - ეს პროფესია არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ ძალას, მაგრამ მოითხოვს ცოდნას, სიმამაცეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება - ასობით ადამიანი თავის სიცოცხლეს განდობს. აუცილებელია საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა. ყოველ ნახევარ წელიწადში კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ გვიშვებენ.

- როგორც ვიცი, შაAრშაAნ ნასას წარმომადგენელმა დაგაჯილდოვათ. - დიახ, ეს იყო ჯილდო ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის. ჯილდო და სერტიფიკატი გადმომცა ამერიკის საელჩომ ნასას ასტრონავტი ქალბატონის, ჰაიდი ფაიფერის ხელით. ამერიკის საელჩო ბევრ ქვეყანაში აჯილდოებს იმ ქალებს, რომლებიც მამაკაცურ პროფესიად მიჩნეულ საქმეს ემსახურებიან.

- რას ფიქრობთ მუდამ საკამათო გენდერულ თანასწორობაზე? - ქალსაც შეუძლია წარმატების მიღწევა ისეთ საქმეში, სადაც უმეტესად მამაკაცები არიან. მაგალითად, არავის დაუწესებია, რომ მფრინავობა მხოლოდ მამაკაცისათვის განკუთვნილი პროფესიაა.

- მგზავრები როგორ ხვდებიან მფრინავ ქალს? - მათი უმრავლესობა ძალიან კეთილად, თბილად არის განწყობილი ჩემ მიმართ, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ფრენის ძალიან ეშინიათ, ნერვიულობენ, მაგრამ მშვიდობიანი დაფრენის შემდეგ მათი ქებაც მომისმენია. ქართველი მგზავრები მიუჩვეველი არიან ქალ მფრინავს, მაგრამ წლები გავა, სხვა გოგონებიც შემომემატებიან და მგზავრებიც უფრო მშვიდად იქნებიან.

- პირად ცხოვრებაში ხელს გიშლით ან გიწყობთ მფრინავის პროფესია? - მამაკაცი ჩემ გვერდით თავს კომფორტულად თუ ვერ გრძნობს, ეს ჩემი ბრალი არ არის. კაცებს არ მოსწონთ, რომ ქალებმა შეიძლება მათი პოზიციები დავიკავოთ. საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არ არიან.

- როგორია ციდან დანახული სამყარო? - ზემოდან დედამიწა საოცრად ლამაზია. მე ცაში ყველაზე კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს. თვითმფრინავიდან სიმაღლის აღქმა სხვანაირია. შიშის გრძნობა არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მე თვითონ ვმართავ, რისი უნდა მეშინოდეს!

თეკლა ლომთაძე