ჩრდილებით და უჩრდილოდ - კვირის პალიტრა

ჩრდილებით და უჩრდილოდ

მიხო მოსულიშვილის სიტყვები მაქვს წაკითხული სადღაც: "ეს ჩვენი გიგაშაა, ჩვენი ვაჟა გიგაშვილი... გურამ რჩეულიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მეგობართაგანი. პროფესიონალი მონადირე და კიდევ უკეთესი მწერალი, რომელიც ჩვენ ყველას, ახალუხლებს ტოლებივით გველაპარაკება ხოლმე.

არადა, მაგარი ოსტატია. არ არის, არაფრით არ არის "ბატონი ვაჟა" და მეც ისე ვეტყვი, როგორც დავლაპარაკებივარ ხოლმე.

- შენ გაიხარე, გიგაშ, როგორც ახლა მე ვისიამოვნე ამის წაკითხვით"...

ეგეთი სიხარული მეც მიგრძნია.

ისიც მიგრძნია, რომ ვაჟა გიგაშვილის სულში ყოველთვის ცხოვრობდა ბიჭი - ახალგაზრდულად ლაღი, უშუალო და სიცოცხლეს დაწაფებული.

მას არ შეუძლია ლამაზი და გაპრანჭული სიტყვებით ლაპარაკი. ქალაქური, თითქოს ოდნავ უხეში ფრაზებით, ჩახლეჩილი ხმით, ნაბახუსევისთვის ჩვეული განწყობილებით, ზოგჯერ კი გატეხილი, წერაში გატარებული ღამის დანატოვარი სიცივის შეგრძნებით, ოდნავ მობუზული დაგიჯდება წინ და თანატოლივით დაგელაპარაკება.

მართალია, ჩემთვის "გიგაშა" არასოდეს ყოფილა და არც ახლაა, კარგად რომ დავუკვირდე, "ბატონი ვაჟა" მართლაც არ არის, ეს თითქოს მის უშუალობას და მარადიულ ბიჭობას, აგერ უკვე 73 თუ 74 წელია დროისაგან ვერდაძლეულს, ფარდასავით ჩამოეფარება.

თავმოწონებისა არაფერი იცის, არც სჭირდება და არც ცდილობს. ამიტომაც თავისი მშვენიერი მოთხრობების ციტატებს არსად იშველიებს. არც იმას გეტყვის, რომ შესანიშნავად ხატავდა, მერე კი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და თანაც ძალიან კარგადაც... მისი დიპლომი ახლაც ახსოვთ თანაკურსელებს. მაგარი იყო!

ორი წელი იმუშავა არქიტექტორად და როგორც კი რეზო თაბუკაშვილმა სასცენარო განყოფილება გახსნა და მიიწვია, ყველაფერი მიატოვა. სიტყვას გაჰყვა, სიტყვისთვის წავიდა...

ვაჟას მამაც წერდა, შალვა გიგაშვილი ვაჟთა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ცნობილი კაცი. ქართული სიტყვის დიდი მცოდნე. ვაჟა კი, მოუსვენარი ვაჟა, ხან ნახევრად ყაჩაღ ბიჭებს აეკიდებოდა, ხანაც უგზო-უკვლოდ დადიოდა აქეთ-იქით, ხანაც იჯდა და მეგობრის ხელნაწერს საბეჭდი მანქანით ბეჭდავდა. ერთი იყო სამეგობროში, ვისაც დაბეჭდვის საშუალება ჰქონდა, ბიძამისის - დემნა შენგელაიას კუთხოვანშრიფტიან მანქანაზე. ედო წინ გურამის ხელნაწერები და დიდი მოთმინებით უკაკუნებდა შრიფტიან ღილაკებს.

ბიჭები იყვნენ და ერთგული მეგობრები: ვაჟა გიგაშვილი, გურამ რჩეულიშვილი, გიორგი შენგელაია, ნოდარ ჩხეიძე, ერლომ ახვლედიანი, თემო ჯაფარიძე, გეიდარ ფალავანდიშვილი, ვასო თევდორაშვილი, გურამ გეგეშიძე... კიდევ სხვებიც, ვისაც უყვარდა ქართული სიტყვა და ქართული ხელოვნება, უყვარდა მთა-ბარის შემოვლა, ფიქრი და კოცონთან გათენებული ღამეები...

დრომ თავისი ქნა, ზოგი აღარ არის ცოცხალი, ზოგიც ავადაა, ზოგს კი უკიდეგანო სევდა სჭირს სენივით. ლამის დეპრესიამდე მიდის, ამას რომ ფიქრობს.

ვსხედვართ ოთახში, სადაც კედლებზე მისი შვილის - გიორგი გიგაშვილის ბავშვობის დროინდელი ნახატები კიდია. კაქტუსის ქოთნის კიდე და მისი ჩრდილი, რომელშიც მთელი კაქტუსის დანახვა შეიძლება. დეკორატიული თევზის კუდი და... ჩრდილი, სადაც მთელი თევზი ჩანს.

პარალელს ვავლებ: ვაჟა გიგაშვილიც, რასაც ვუყურებ და როგორსაც ვუყურებ, ერთი ფრაგმენტია დიდი ცხოვრებისა, რომლის სრული დანახვა ძველი ამბების "ჩრდილებით" შეიძლება...

KvirisPalitra.Geჩრდილი ლალისფერი ღვინითა და წაბლისფერი ცხენებით

ახლაც ახალგაზრდაა, მაგრამ ორიოდე წლის წინ უფრო ახალგაზრდად გრძნობდა თავს. ეს მანამ, ვიდრე წიწამურში მიწა ჰქონდა, ვიდრე გაყიდდა და თან გაატანდა იქ მოსული ყურძნისა და დაწურული ღვინის სიტკბოს.

გაყიდა, რადგან ცხოვრებაა მკაცრი...

თორმეტი საქმე მაინც ჩაეშალა ზედიზედ. დაწერდა შეკვეთილ სცენარს, თითქოს აღარაფერი ედგა წინ საქმის დასრულებას, მერე ყველაფერი იცვლებოდა, ან ტელევიზია იხურებოდა, ან რეჟისორი ფულს ვერ შოულობდა... ასე თორმეტჯერ!

ახლა არ იცის, რა უფრო სტკივა, ის, რომ ამდენი ტყუილ-უბრალოდ იშრომა, თუ ის, რომ წიწამური აღარ აქვს, თავის ლალისფერ ღვინოს ვეღარ წურავს.

სიგარეტის კვამლში გახვეული იხსენებს:

- მქონდა ჩემი ვენახი, ყურძნის სხვადასხვა ჯიშით, რომ მოვკრეფდი, ერთად დავწურავდი. ლალისფერი ღვინო გამოდიოდა...

ულამაზესი დეკორატიული ქათმები მყავდა, ხშირად ვეღარ ჩავდიოდი და ისიც გაჩანაგდა, - უცებ მწერალს სახე ეცვლება, ჭაღარა ულვაშს ქვემოდან სიგარეტის კვამლს უშვებს და ღიმილით ამბობს: - იცი, კიდევ რა მენატრება? შეშის ჩეხა! მიყვარს ძალიან.

რაღაცნაირი კარგი მოძრაობაა, არა?

ამისი გემო ექსპედიციებიდან გავიგე. მე-5 კლასში ვიყავი, მამაჩემს ჰყავდა მეგობარი, ბორია კალანდარიშვილი, გეოლოგი იყო. წამიყვანა აფხაზეთში, მთაში, ანტყევის ხეობაში, იქ, სადაც ანტყევი კოდორს უერთდება. ულამაზესი ადგილია, მაგრამ ველური, სოფლები არ არის. იქ რომ მოვხვდი, ყველაფრის გაკეთება მიხდებოდა, შეშის ჩეხაც მანდ ვისწავლე.

ცხენის შეკაზმვა და მოვლა, ცხენით ჯირითი, ეს ყველაფერი იქ ვისწავლე. ორი თვე ვიყავი გეოლოგებთან.

ცხენი რომ ვახსენე, ერთი სურათი ამომიტივტივდა ახლა... მე და გურამ რჩეულიშვილმა ხევსურეთში ვნახეთ ცხენი, რომელმაც ფეხები მოიტეხა... გურამს აქვს კიდეც მოთხრობა ამაზე დაწერილი. ცხენმა ქალი რომ მოკლა, თვითონ დაქანდა აწყვეტილი, ქვიანი ადგილი იყო,  ფეხები დაემტვრა. იდგა დაჩოქილი... იმას, ცხადია, მოკლავდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვუყურეთ... ის სურათი კი დამამახსოვრდა...

ერთი საზიზღარი რამ მახსოვს კიდევ ცხენთან დაკავშირებით. ჯუთაში ვიყავით. ვიღაცის წლისთავი იყო და დოღი ჰქონდათ დანიშნული. საუკეთესო ცხენი მოუწამლეს პატრონს. ვნახე - დავარდნილი, ჯიშიანი ცხენი იყო, ბეწვი წაბლისფრად უბზინავდა.

ეს რა საშინელება იყო... განა რა იქნებოდა პრიზი - ჭედილა, იმის გულისთვის ცხენს ვინ მოწამლავდა! მაგრამ ბოღმის გამო მოუწამლეს. ასეა, ბოღმით ანგრევენ ადამიანები ყველაფერს.

ჩრდილი უბეში გაზრდილი კატითა და კატისგან გაზრდილი კატით

შინ ძაღლი ან კატა სულ ჰყავდა. ახლა "უკვდავყოფილი" კატები და ძაღლიცა ჰყავს... ესენი გიორგიმ გამოძერწა ბავშვობაში, მასაც უსაზღვროდ ჰყვარებია ცხოველები.

ვაჟა კი ის კაცია, ვისაც შეუძლია თავის უბეში გამოზარდოს პატარა, უმწეო კნუტი. წარმოიდგინეთ, ნახევრად ბნელი კი არა და, სულ მთლად ბნელი XX საუკუნის დასასრული. თბილისელები სიცივით ნახევრად გალურჯებულები დადიან ოთახებში, ხელებს სანთლის შუქზე ითბობენ. ამ დროს გიგაშვილების მეცხრე სართულის ბინაში პატარა, საწყალი სიამის კატის ცინდალი მოჰყავს გიორგის.

- სიცივე იყო, შინ უზბეკური დაბამბული ხალათი მეცვა. რა უნდა მექნა ამ პატარა კნუტისათვის, როგორ გამეთბო? ავდექი და უბეში ჩავისვი. ასე უბეში გავზარდე... გამოვიდოდა, როგორც აივანზე -  მხარზე დამაჯდებოდა, მოსწყინდებოდა და დაბრუნდებოდა "შინ", უბეში.

ეს უკვე დიდი კატა იყო, მეორე კნუტი რომ მოიყვანეს - სპარსული ჯიშისა. ვდარდობდი, ვაითუ არ მიიღოს ჩემმა კატამ-მეთქი. დავაწვინეთ იატაკზე. მივიდა, დასუნა და ლოკვა დაუწყო, ასე იოლად მიიღო და შეიყვარა, მერე მაგან გაზარდა. სიამის კატას საჭმელს რომ მივცემდით, მიუტანდა ახალ კნუტს, დაუდებდა წინ და უყურებდა, როგორ ჭამდა.

მერე როგორ დამთავრდა ამათი ამბავი და - სპარსული კატა გაიზარდა ზარმაცი, ღორმუცელა და მშიშარა.

სიამის კატა მონადირეა, ფრთხილი და ჭკვიანი. როგორ არ ეცადა, ნადირობა შვილობილისათვისაც შეეყვარებინა და ესწავლებინა - არაფერი გამოუვიდა.

ჩვენ აივანზე ხშირად ვუყრით საკენკს ჩიტებს. ერთხელ გაპარულა ჩვენი სიამის კატა და ბეღურა დაუჭერია.

მოუტანა შვილობილს, დაუდო წინ და უყურებს. ამან ჯერ ცხვირი აიბზუა, მერე აიმრიზა და გაიქცა. არ უნდა ნადირობა, რა!

იჯდა მისი აღმზრდელი და ვინ იცის, რას დარდობდა...

ჩრდილი ნადირობასა და გადარჩენის შანსზე...

წინ ფოტო გვიდევს. პირველი ნანადირევი შემოუგდია მხარზე ვაჟას და იცინის. პატარა ბიჭია, გამხდარი... ამას ჯიხვი ან არჩვი როგორ უნდა მოეკლაო, - გაიფიქრებ. მოუკლავს, და... ქირიკაშვილისაგან ნასწავლი ნადირობა ახლაც ეამაყება. მე მთლად მაინც არ მესმის ნადირობის ხიბლისა, მაგრამ არაფერს ვამბობ, ის კი ახალ "პრიმას" უკიდებს და ისევ კვამლში გახვეული მეუბნება, რომ ნადირობაში მთავარი არ არის ნანადირევი... მთავარი სხვაა, ეს "სხვა" გზრდის და გაყალიბებს:

- ერთი არხია ტელევიზიით - ნადირობა და თევზაობა, ვუყურებ ხოლმე. ისეთ რაღაცას ვნახულობ, ზიზღი მიპყრობს. აფრიკაში ნადირობა მთლად საშინელებაა. ვხედავ, ოთხი კაცი ემსახურება ერთ კრეტინს, რომელსაც ფული აქვს...

ერთი ეგერია, რომელმაც იცის, სად უნდა მიიყვანოს. მეორეს - ამისი ტვირთი მოაქვს, მესამეს - რაღაც ოჩოფეხა, რაზეც იარაღი უნდა დადოს და დაუმიზნოს... მიიყვანენ სადღაც, ვაშლის ბაღივით გაშლილ ადგილზე, დაანახებენ დურბინდში: დგას საწყალი ანტილოპა ძროხასავით, არ იძვრის.

დადებს ეს ტიპი ოჩოფეხაზე იარაღს და უმიზნებს და უმიზნებს ლამის ერთი საათი... გაისვრის და მოკლავს. ესენი ულოცავენ, - რა მაგარი ხარო, მერე სურათებს უღებენ... რა არის ეს, რა უბედურებაა! ნადირობა კი არა, ამ ხალხს ის სიამოვნებს, ცხოველი რაც შეიძლება ადვილად მოკლან. თუ ეს უნდათ, სანადიროდ რას მიდიან, სასაკლაოზე იმუშაონ!

ნადირობა მთელი ფილოსოფიაა. ჯერ უნდა მიაგნო. ეს თითქოს შეჯიბრებაა ნადირთან. მეორე ფაქტორია მნიშვნელოვანი, არასოდეს გაჩერებულ ნადირს არ უნდა ესროლო. ყველაზე საინტერესო სპორტია, როცა გაქცეულს ესვრი ტყვიას, ცხოველს ხომ უნდა ჰქონდეს გადარჩენის შანსი...

ჩრდილი უჩრდილოდ

გზაზე რამდენჯერაც გაიხედავ, იმდენჯერ დაინახავ ჩრდილების ნაირგვარ კონტურს, ზოგი ხისაა, ზოგიც ღრუბლისა, ზოგი ბალახში ამოწვერილი ყვავილისა... ცხოვრების გზაზეც ასეა... ჰოდა, საუბრის ბოლოს ფილოსოფოსობის გუნებაზე ვდგებით (ცხადია, ვხუმრობ)...

- საკუთარ ჩრდილს ვერ მოიშორებ ვერასდროს, - მეუბნება ვაჟა და ბიჭურად უციმციმებს თვალები დამძიმებული ქუთუთოების ქვეშ, - თუმცა, რა ვიცი? ის მითი ხომ გახსოვთ, მინდიამ რომ გველი შეჭამა, გათავისუფლდა სიმძიმისაგან და ჩრდილიც დაჰკარგა...

თავისი ჩრდილი მინდიამ მოიშორა მარტო. რა უცნაური ლეგენდაა... არსად პარალელი არ აქვს. ხომ არსებობს მითოსის სქემები მსოფლიოში, არც ერთში არ თავსდება... ხევსურეთში იმდენი საიდუმლოა, რომ ერთი სიცოცხლე არ ეყოფა ამათ ამოხსნას.

მე-10 კლასში ვიყავი, პირველად მყინვარწვერზე რომ წაგვიყვანეს. ბოლომდე ექვსი ბიჭი ავედით, ზოგი ცუდად გახდა, ზოგი მეტეოსადგურში დარჩა. ჯუმბერ მეძმარიაშვილი ჩვენზე ცოტა უფროსი იყო, ის მოგვყვებოდა ინსტრუქტორად. ჯანღი იდგა.

უცებ გაიხსნა, გადაიყარა ეს ჯანღი და გამოჩნდა რაღაც საოცრება. დავყურებდით მოყვითალო-მოყავისფრო სივრცეს, ჩვენს ქვეყანას და ისეთი გაოგნებულები ვიყავით, აღარაფერი გვესმოდა. ჯუმბერი რაღაცას მეუბნებოდა, თან ხელით მაჩვენებდა. ჯერ ვერ გავიგე, მერე ჩამესმა: აი, იქ გაიხედეო. დავინახე, მონაცრისფრო, მოთეთრო ლაქა, დაყირავებული ამ მოყავისფრო ბორცვებში. ეგ თბილისიაო...

აი, მაშინ დავკარგე ჩრდილი...

თუ არ გივლია, მთა და ბარი არ გინახავს, შენი ქვეყანა რა არის, როგორ უნდა გაიგო? მარტო პლეხანოვი და რუსთაველი ხომ არ არის საქართველო...

...ჩრდილი მარტივად არ ეკარგება კაცს...