"საწყალს სიდედრი ცაშიც კი მისწვდა" - რა სასჯელი ემუქრება ქალს, ვინც სიძე, რომელიც მეგობარ ქალთან ერთად მიფრინავდა, "ტერორიზმში ამხილა"? - კვირის პალიტრა

"საწყალს სიდედრი ცაშიც კი მისწვდა" - რა სასჯელი ემუქრება ქალს, ვინც სიძე, რომელიც მეგობარ ქალთან ერთად მიფრინავდა, "ტერორიზმში ამხილა"?

სიძე-სიდედრის ურთიერთობის შესახებ ბევრი კომიკური ამბავი მსმენია და კარგი მთხრობელის წყალობით გულიანადაც მიცინია, თუმცა მათი უმრავლესობა გამოგონილად ან გაზვიადებულად მიმაჩნდა, რამდენიმე დღის წინ ქუთაისი-ვარშავის რეისის იძულებითი დაშვება კი მართლაც სიძე-სიდედრის ურთიერთობას ეხება და სულაც არ არის გამოგონილ-გაზვიადებული. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან არც სასაცილო იყო, თუმცა ახლა, რაკი ყველაფერი კარგად დამთავრდა, ამ ამბავზე შეიძლება ვიხუმროთ კიდეც.

მაშ, ასე: 25 ოქტომბერს ავიაკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ვარშავისკენ მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში იძულებით დაეშვა. მიზეზი გახლდათ უცნობი ქალბატონის ანონიმური შეტყობინება, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. ბუქარესტში ეკიპაჟის წევრებსა და 173-ივე მგზავრს ანტიტერორისტული სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი, მეხანძრეები და ექიმები ელოდნენ. რამდენიმესაათიანი შემოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ ეს ცრუ განგაში იყო. როგორც ამბობენ, ქუთაისის აეროპორტში სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა, რომლის "ამოსაბუგი და ამოსაგდები" სიძეც ქუთაისი-ვარშავის რეისით მეგობარ ქალთან ერთად მიფრინავდა.

მზრუნველი დედისა და ბრაზიანი სიდედრის ვინაობა დადგენილია. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სს კოდექსის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში თანხმდებიან, რომ ამ ალიაქოთის ამტეხს "წლის სიდედრის" სტატუსი უნდა მიენიჭოს. არგუმენტებს ციტატებად მოგახსენებთ: "სიდედრები ავიარეისებსაც ცვლიან!" "ვენდეტა ქართულად"; "ჰაერიდან ჩამოგიღებ თუ დამჭირდა!"

ამ ამბავზე სოციალურ ქსელში წერდნენ თვითმფრინავის მგზავრებიც, რომლებიც სულაც არ ჩანდნენ ხუმრობის ხასიათზე. "ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ძლივს ჩავფრინდი," - იხსენებს რუმინეთში გატარებულ საათებს ერთ-ერთი, რომელსაც მეგობრები თან განწყობას უკეთებენ, თან ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებენ და ეკითხებიან: "ღირდა კი სიძე ამად? ვარგოდა მაინცო?"

სხვათა შორის, ვერც ერთმა მგზავრმა ვერ გაარკვია, ვინ იყო სიძე ან მისი რჩეული. სოციალურ ქსელში ყველა წერდა, ისე ვიყავით გაბრაზებული, რომელი გაამხელდა, ყველაფრის მიზეზი მე ვარო...

"ველოდებით საყვარლის კომენტარს!" - ცნობისმოყვარეობას ვერ ერევა ვიღაც. "სიძის ფოტო დაიდოს!" - ითხოვს მეორე.

ცრუ განგაშის შესახებ ამბავი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და უამრავმა მედიასაშუალებამ გააშუქა. ბუნებრივია, რუმინულმაც. "დღეს რუმინეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევედი. რადიო იყო ჩართული და დიქტორის რუმინულ საუბარში შემდეგი სიტყვები გავარჩიე: "ჯორჯია... ქუთაისი... აეროპლან..." დავიჯერო, ამ ამბავს აცნობდა საზოგადოებას?!" - წერს ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი.

ზოგიერთს ახლაც უჭირს ამ ამბის დაჯერება - ხუმრობთ თუ მართალს ამბობთო, კითხულობს და იქვე ასკვნის, ერთი ავლიპი დაგვხატავდაო. სხვები მიიჩნევენ, რომ ეს ისტორია საუკეთესო სცენარია კომედიისთვის. "

ზოგი სარკაზმს იშველიებს - ეტყობა, ვირის ტვინი და ყორნის ბოლო აღარ აბამს ოჯახში კაცს და მოღალატეებს უკვე ჰაერიდან ხსნიანო.

ახალგაზრდა ქალბატონი ყველაფრის მიზეზად გაუნათლებლობას მიიჩნევს და ამბობს: "არ მინდა, სიმართლე იყოს, მაგრამ რა გაეწყობა... ქართველ ქალებს კაცების დევნას ვერავინ მოაშლევინებს... თან დაიხმარენ დედას, მამას, ბიცოლას... თუ არ უნდოდა, იმის იქით წასულიყო, რას გაეკიდა?!"

გაგიკვირდებათ და, ვიღაცები სიძეს თანაუგრძნობენ - ასეთი სიდედრისგან გაიქცეოდა, აბა, რას იზამდა, კიდევ კარგად გადარჩაო.

"საწყალს ცაშიც კი მისწვდა" - ამბობს მამაკაცი ირონიული ღიმილით.

"მერე იკითხავენ, სიდედრები რატომ არ უყვართო..." - ნიშნის მოგებით ამბობს ჭაღარა.

"გადააყოლეს კაცი ერთ საქმეს. ნეტავ რამდენია ჯარიმა ან ციხე ცრუ განგაშზე?" - კითხულობს ერთი ქალბატონი.

ჰოდა, მოქმედო და პოტენციურო სიდედრებო, დედამთილებო, რძლებო, მაზლებო და მულისშვილებო (მტერს და ავს, მაგრამ მაინც...), დაიმახსოვრეთ: "მუხლი 331. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე"."