თამარ ივერის რეპრესირებული ოჯახი - კვირის პალიტრა

თამარ ივერის რეპრესირებული ოჯახი

მამისგან ბლოკნოტი დამრჩა, წიგნაკი, რომელსაც გადასახლებაში მუდამ გულის ჯიბით ატარებდა. ამ ბლოკნოტში ერთი პატარა ფოტო დევს, წარწერით: "სიცხეა გიჟივით, ვზივართ თმადაუვარცხნელი". ეს ბლოკნოტი ჩემთვის რელიკვიაა"...

30-იანი წლების წითელი საქართველო... რეალობა, სადაც დავიწყებული უნდა ყოფილიყო ყველაფერი ეროვნული. ქართველებს ისე უნდა ეაზროვნათ, როგორც ეს საბჭოეთის ქვეყანას სურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყვიას იღებდნენ ან სამუდამო გადასახლება ელოდათ. რეპრესიები 1937 წელს მომძლავრდა... ისტორიამ საბჭოთა გენოციდის მსხვერპლები გმირებად შემოგვინახა. რეჟიმის ათასობით მსხვერპლს შორის აღმოჩნდა ახალგაზრდა ჟურნალისტი, დიდი ივანე ჯავახიშვილის მოსახელე და მოგვარე. დიდი ივანეს მსგავსად, ისიც წერდა, აცოცხლებდა მივიწყებულ და უცნობ ისტორიებს. თუმცა არასდროს დავიწყებია, რომ დიდი ივანე ერთადერთი იყო და ამიტომ მისი სტატიები საბჭოთა გაზეთებში იბეჭდებოდა ფსევდონიმით "ივანე თბილელი". ივანე ჯავახიშვილი ოჯახი თბილისში, მეუნარგიას ქუჩაზე ცხოვრობდა. შეძლებული ჯავახიშვილები იმხანად მთელ თბილისურ ეზოს ფლობდნენ. მაგრამ გაწითლებულ საქართველოში არავის ეძინა მშვიდად, ყველა ელოდა კარზე კაკუნს....

ივანე ჯავახიშვილის უმცროსი შვილის, ავთანდილის ქალიშვილი, მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი თამარ ჯავახიშვილი, იგივე თამარ ივერია. ჯავახიშვილების ოჯახის ისტორიაზე სწორედ ოპერის ვარსკვლავი უამბობს მკითხველს:

თამარ ივერი: "პაპას და ბებიას ერთმანეთი კინოში გაუცნიათ. იქორწინეს და გაუჩნდათ იაზონი და მამაჩემი, ავთანდილი. ბაბუა რთული კაცი იყო, მკაცრი და თავისებური... საქართველოში საზარელი დრო ახლოვდებოდა, დიდი ტერორის ხანა. ბაბუა მკითხველს გაზეთის ფურცლებიდან ესაუბრებოდა. მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში", "კომუნისტში", "სოფლის ცხოვრებაში"... პასუხობდა შეკვეთილი სტატიების ავტორებს და იცავდა თავის პოზიციას... ერთხელ მის გამოქვეყნებულ სტატიაზე რომელიღაც პროფესორმა დაწერა, ივანე ჯავახიშვილის სტატიაში უზუსტობააო და მაგალითიც ჰქონდა მოყვანილი. ბაბუამ იმდენად განიცადა ეს ამბავი, რომ მთელი ღამე ვერ დაიძინა. გადაწყვიტა, მეორე დღესვე წასულიყო იმ რეგიონში და კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა ინფორმაცია, რომელიც სტატიაში ჰქონდა მოყვანილი. მართლაც, გაემგზავრა, გადაამოწმა ყველაფერი და მართალი გამოდგა. გამარჯვებული დაბრუნდა უკან. მერე პასუხის პასუხი, მწვავე სტატია დაბეჭდა სათაურით "მოდი, დავაზუსტოთ, ბატონო"პროფესორო!" 1937 წელს "ტროიკამ" ჯავახიშვილების ოჯახს სულ რამდენიმე წუთი მისცა საჭირო ნივთების შესაგროვებლად და სახლზე სამუდამოდ ბოქლომის დასადებად.

თამარ ივერი: "მამაჩემი ბავშვური გულუბრყვილობით დამუქრებია "სტუმრებს", ძია სტალინს ვეტყვი, რომ გვაშინებთო. გაღიმებიათ ჩეკისტებს, ისინი ჯავახიშვილებთან ხომ სწორედ დიდი ბელადის გადაწყვეტილებით იყვნენ მისული"...

ვანო ჯავახიშვილი ცოლ-შვილთან ერთად ნავთლუღის სადგურზე მიიყვანეს. ლიანდაგზე ჩამომდგარ პირუტყვის გადასაყვან ვაგონებში გადაანაწილეს ქართველები. არავინ იცოდა, რისთვის აჩეჩებდნენ ხელში სამუდამო გასახლების ოქმებს, არავინ იცოდა, რატომ ტოვებდნენ სამშობლოს. უცნობი იყო, სად მიდიოდა მატარებელი.

მატარებელი მთელი თვე მიქროდა. ქართველები უცხო მიწის უკანონო შვილები უნდა გამხდარიყვნენ. გზადაგზა ვიღაც კვდებოდა, ვიღაცას შიოდა... გზაში დაღუპულებს იქვე ტოვებდნენ. ერთი თვის თავზე ყაზახეთში გაჩერდა ეტაპი. საბჭოეთს ბამბის კრეფაში მუშახელი სჭირდებოდა.

თამარ ივერი: "დაიწყო გაუსაძლისი წლები, მამაჩემს გული იქ დაუავადდა. წლების მერე სწორედ გულით გარდაიცვალა. ტრიალ მინდორზე ცარიელი ხელებით დაიწყეს ხუხულების შენება. ბაბუა სიყვარულით იხსენებდა ყაზახებს, ყველანაირად ცდილობდნენ მხარში დაგვდგომოდნენო. მამამ კარგად შეისწავლა ყაზახური ენა და გამართულად საუბრობდა". "

ყაზახეთიდან გაიწვიეს ომში ივანე. მეორე მსოფლიო ომში ის სხვა ქართველებთან ერთად ქერჩში საბრძოლველად გაუშვეს. სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სხეულით ატარებდა ხუთ ტყვიას. მათ თავის მემატიანეებს უწოდებდა. ხუთი ტყვიით დაჭრილმა მაინც იცოცხლა, მაინც დაუბრუნდა სამშობლოს და დაწერა ის, რაც სათქმელი ჰქონდა.

თამარ ივერი: "პაპა გვიყვებოდა ტყვეობის დღეებზეც, საიდუმლო ინფორმაციას მთხოვდნენ, მაგრამ რაც არ ვიცოდი, რას ვეტყოდი და კონდახით მცემდნენო. პოლკოვნიკის ცოლს შევეცოდე და მან გადამარჩინა. ღამე შემიფარა და მითხრა, თუ არ გაიქცევი, დილით დაგხვრეტენო..." ერთ დღესაც გავრცელდა ხმა, დიდი ბელადი აღარ გვყავსო. ბებიას რომ ეს ამბავი გაუგია, მოთქმით უტირია. მალე ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. სახლი გაპარტახებული დახვდათ - ცარიელი კედლები იყო. ჯანმრთელობაშერყეულები ჩამოვიდნენ და თავიდან დაიწყეს ცხოვრება".

კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ივანე ჯავახიშვილის უმცროსი ვაჟი, ავთანდილი, ყველასათვის ცნობილი მომღერლის, თამარ ივერის მამა. ავთანდილის განუმეორებელი ხმა აოცებდა პედაგოგებს.

თამარ ივერი: "მამას ულამაზესი ხმა ჰქონდა. ერთხელ პედაგოგს უთქვამს, შენ ისეთი ცხოვრება გაიარე, რა გამღერებსო. კონსერვატორიაში კოლია ბოკუჩავას კლასში ზურაბ სოტკილავასთან ერთად სწავლობდა, საუკეთესო ბარიტონი იყო. მთელი ცხოვრება ემსახურა თბილისის ოპერის თეატრს... მამას ხშირად დავყავდი გასტროლებზე. როდესაც სოლო კონცერტს იმღერებდა, დასასრულს მე მიხმობდა სცენაზე და "სანტა ლუჩიას" მამღერებდა. მისგან ბლოკნოტი დამრჩა, წიგნაკი, რომელსაც მამა გადასახლებაში მუდამ გულის ჯიბით ატარებდა. ამ ბლოკნოტში ერთი პატარა ფოტო დევს, წარწერით: "სიცხეა გიჟივით, ვზივართ თმადაუვარცხნელი". ეს ბლოკნოტი ჩემთვის რელიკვიაა"... თამარს კარგად ახსოვს, როგორ უსმენდა მალულად ბაბუა რადიოში "ამერიკის ხმას", ყარაულად კი პატარა თამარი იდგა. ეს არ უნდა გაეგოთ ჩეკისტებს. ჩაკეტილ საბჭოეთში აკრძალული იყო ხმა ცივილიზებული სამყაროდან.

თამარ ივერი: "მახსოვს, ბაბუა ხშირად უსმენდა რადიოგადაცემებს, მათ შორის "ამერიკის ხმას". მე აივანზე დამაყენებდა, თუ სამხედრო გამოჩნდებოდა ქუჩაში, ხელით უნდა მენიშნებინა, რომ გამოერთო". " ბატონმა ივანემ სიბერეში შვილის დაკარგვის სიმწარეც გამოცადა - 1991 წელს დაიღუპა მისი უმცროსი ვაჟი, ავთანდილი. თავად პარკინსონის დაავადება ჰქონდა. წერდა ბოლომდე, რედაქცია ელოდა საინტერესო სტატიებს, მკითხველი კი, გაზეთს. წუხდა ივანე, აკანკალებული ხელით დაწერილს, ვეღარ არჩევენ რედაქციაშიო.

თამარ ივერი: "ბაბუა სიცოცხლის ბოლომდე წერდა და მიჰქონდა რედაქციაში დასაბეჭდად. ვანო პაპა რომ სტატიას მიიტანდა, ეს იმას ნიშნავდა, ძალიან საინტერესო თემა იქნებოდა. მას კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება მიანიჭეს..."

P.S. თამარის ბაბუას საზოგადოება ივანე თბილელის სახელით იცნობდა, თამარს "ივერის" ფსევდონიმით იცნობს მსოფლიო. ის ხშირად ანებივრებს მსმენელს ევროპის საოპერო სცენებიდან. ალბათ, ბაბუაც და მამაც ოცნებობდნენ, რომ თამარი დამოუკიდებელი საქართველოს შვილი ყოფილიყო და არა საბჭოთა საქართველოსი. ივანეს ბოლო წლებში მაინც გაუმართლა, ის 1994 წელს, შედარებით თავისუფალ სამშობლოში აღესრულა. იყო დრო, როცა პატარა თამარი "ამერიკის ხმას" ბაბუასთან ერთად უსმენდა. დადგა დრო, როცა თამარის ძლიერ ხმას ამერიკაში უსმენენ, ტაშს უკრავენ და მის ნიჭს ეთაყვანებიან. მისმა მსმენელებმა არ იციან, რომ ის საბჭოთა ტირანიის მსხვერპლის, რეპრესირებული ჯავახიშვილების ოჯახის შთამომავალია. იყო დრო, როცა არსებობდა კომუნიზმი, ახლა განვითარების, დამოუკიდებლობისა და ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გახდომის დროა. აღარასოდეს მიიღებს საქართველო დირექტივას კრემლიდან. აქ ჩვენი პატარა, თუმცა ძველი და თავისუფალი საქართველოა, რომელსაც შეეწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ათასობით ქართველმა ოფლი ღვარა უცხო მიწაზე დამპყრობელთა ნებით.

თორნიკე ყაჯრიშვილი სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"