რა პრობლემებს მოუგვარებს მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებას - კვირის პალიტრა

რა პრობლემებს მოუგვარებს მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებას

მალე! დედაქალაქის უბნებში ჩვენი სიმშვიდის დამცველები გამოჩნდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორმოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო.

ახალდანიშნული მართლწესრიგის ოფიცრები ღია კონკურსის, ტესტირების, გასაუბრებისა და ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგად შეირჩნენ. ისინი ხუთი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების კურსს გაივლიან, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა უბანში განაწილდებიან და საქმიანობას შეუდგებიან.

პირველ ეტაპზე შერჩეულმა სამოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა გადამზადების სრული კურსი უკვე გაიარა და ისინი თბილისის ქუჩებში მალე გამოჩნდებიან.

დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის სხვადასხვა უბანში პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც საზოგადოების პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. მართლწესრიგის ოფიცრის მოვალეობაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება.

მისი ფუნქციაა, ასევე, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და სხვ.

180 ახალი მანქანა პოლიციის ეფექტიანობისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს, რომლის ფარგლებში საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა.

ახალი მანქანების გადაცემის ცერემონიაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს სიტყვით მიმართა.

- კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტიანად მომუშავე სტრუქტურა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის - ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ამისთვის გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს თითოეულ პოლიციელს ღირსეულად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები.

ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი რეგიონებში გაიგზავნება და ის პრობლემები, რომლებზეც ყოველდღე ვსაუბრობთ - რომ რეგიონებში გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი - ნელ-ნელა მოგვარდება. თუმცა, ისიც გვესმის, რომ მხოლოდ აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად...

პოლიციის ახალი მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის საპოლიციო ქვედანაყოფებში განაწილდება. ავტომანქანები მაღალი გამავლობისაა და რეგიონებისთვის, რთული რელიეფური პირობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც საპოლიციო მომსახურების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში საპოლიციო საქმიანობის განვითარება და მისი ეფექტიანობის ამაღლება, რისთვისაც უწყება საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დაასრულა. მათ შორის არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი - საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა ბათუმში, პოლიციის ახალი შენობები ხონსა და თბილისში, გოგოლის ქუჩაზე, რამდენიმე გარემონტებული დროებითი მოთავსების იზოლატორი და სხვ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკის განახლება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო. იაპონიის მთავრობამ უწყებას 96 ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომანქანა გადასცა.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე, პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც უწყების თანამშრომლებს ექნებათ სათანადო სოციალური და შრომის პირობები.

ნანა მღებრიშვილი