რა უნდა იცოდნენ საზღვარგარეთ განათლების მიღების მსურველებმა - კვირის პალიტრა

რა უნდა იცოდნენ საზღვარგარეთ განათლების მიღების მსურველებმა

ჟურნალ Times Higher Education-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2018 წლის სიაში I-II ადგილები ბრიტანულმა უნივერსიტეტებმა - ოქსფორდმა და კემბრიჯმა დაიკავა

საზღვარგარეთ განათლების მიღება სულ უფრო პოპულარული ხდება. აბიტურიენტთა და სტუდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ უცხოეთში სწავლა მხოლოდ მდიდარი მშობლების შვილებს ან ძალზე ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ. თუ დაამთავრეთ უნივერსიტეტი ან დამამთავრებელ კურსზე ხართ, შანსი გაქვთ, რომ გრანტი მიიღოთ და საზღვარგარეთ უფასოდ ისწავლოთ, ამისთვის კი თავდაუზოგავი შრომა და სათანადო პროცედურების სწორად გავლაა საჭირო - უნივერსიტეტებისა და პროგრამების არჩევის შემდეგ უნდა შეაგროვოთ საბუთები, გაიაროთ გასაუბრება, მიიღოთ ვიზა, მოიძიოთ საცხოვრებელი ადგილი და ა.შ. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მომზადებას სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მაინც შეუდგებით.

აუცილებლად უნდა მიმართოთ იმ ქვეყნის წარმომადგენლობას/საელჩოს, სადაც აპირებთ სწავლის გაგრძელებას. უპირველესად შეამოწმეთ საელჩოს ვებგვერდი და თუ კითხვები გაქვთ, დაუკავშირდით. ისინი აუცილებლად გაგცემენ ამომწურავ პასუხს მათ ქვეყანაში არსებულ გრანტებსა და სტიპენდიებზე.

თითოეულ უნივერსიტეტს თავისი პროცედურები და განაცხადების მიღების ვადები აქვს. საშემოდგომო სემესტრებისთვის საბუთების გაგზავნის ვადა, ძირითადად, ადრეულ გაზაფხულზე იწურება, გაზაფხულის სემესტრებისთვის კი - შემოდგომაზე.

ყველაზე მთავარი გრანტის მოპოვების პროცესში არის სწორად შევსებული დოკუმენტები.

თქვენ დაგჭირდებათ: დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი, მაგალითად, საბაკალავრო საფეხურისთვის სკოლის ნიშნებს, სამაგისტროსთვის კი ბაკალავრიატის ქულებს ითხოვენ;

რეზიუმე - CV;

რეკომენდაციები, მაგალითად, ლექტორებისგან ან მასწავლებლებისგან;

სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება, თუ რატომ უნდა სტუდენტს იმ კონკრეტულ მიმართულებაზე და არჩეულ უნივერსიტეტში სწავლა.

დოქტორანტურის საფეხურზე უმეტესად აკადემიურ ესეის ითხოვენ, რომელიც შეიძლება 1 000-დან 20 000 სიტყვამდე მოცულობის უნდა იყოს;

ასევე დაგჭირდებათ IELTS-ის ან TOEFL-ის სერტიფიკატი, რომელთა მოსამზადებელ კურსებს ბევრი ორგანიზაცია გვთავაზობს.

შეიძლება დამატებითი დოკუმენტები დაგჭირდეთ, ამიტომ დაათვალიერეთ იმ სასწავლებლის ვებგვერდი, სადაც გსურთ სწავლის გაგრძელება.

ყველაზე მთავარი სამოტივაციო წერილია. რეზიუმე არის მოკლე აღწერა თქვენი განათლების, კარიერისა და უცხო ენათა ცოდნის შესახებ, სამოტივაციო წერილი აჩვენებს თქვენი გადმოცემის, აზროვნებისა და არგუმენტირების უნარებს.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული

ლონდონური ჟურნალ Times Higher Education-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2018 წლის სიაში I-II ადგილები ბრიტანულმა უნივერსიტეტებმა - ოქსფორდმა და კემბრიჯმა დაიკავა. გაითვალისწინეთ, დიდ ბრიტანეთს ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს - არ შეიძლება განაცხადის ერთდროულად შეტანა ოქსფორდსა და კემბრიჯში. შესაძლებელია საბუთები ოქსფორდში და კიდევ ხუთ-ექვს სხვა უნივერსიტეტში გაგზავნოთ, გარდა კემბრიჯისა.

Times Higher Education-ის მიერ შედგენილი ტოპათეული ასეთია:

1. ოქსფორდის უნივერსიტეტი უძველესია დიდ ბრიტანეთში. აქ დაახლოებით 20 000 სტუდენტი სწავლობს. ოქსფორდის დამთავრებიდან 6 თვეში სტუდენტების 95% საქმდება. უნივერსიტეტის სასწავლო გუნდი 100 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქითაა დაკომპლექტებული. უცხოელი სტუდენტები მთლიანი რაოდენობის 40%-ს შეადგენენ. სწავლის საფასური დამოკიდებულია სპეციალობაზე, გადასახადი წელიწადში საშუალოდ 14.000–დოლარს შეადგენს.

2. კემბრიჯის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)–იმით გამოირჩევა, რომ სტუდენტები უნივერსიტეტის კამპუსებში ცხოვრობენ. კემბრიჯი 31 კოლეჯისა და 150 აკადემიური დეპარტამენტისაგან შედგება. სტუდენტთა რიცხვი დაახლოებით 18 000-ს შეადგენს. ეს არის მეორე უძველესი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის შემდეგ, რომელიც მუდმივად ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. სწავლის საფასური დაახლოებით 14.000–დოლარია წელიწადში.

3. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ) - ჰყავს 9 000 კურსდამთავრებული და 7 000 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. მათი 97% მუშაობს 700-მდე უნივერსიტეტში, მუზეუმებში, ბაღებსა და რეკრეაციულ ცენტრებში. სწავლის საფასური წელიწადში დაახლოებით 40.500 დოლარს შეადგენს.

4. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (აშშ) - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კვლევითი ცენტრი აქვს. ის ნოვატორია რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მისი პროგრამები კი, მათ შორის: საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის სფეროში აშშ-ში საუკეთესოდ მიიჩნევა. ინსტიტუტი ცდილობს სტუდენტებს ფინანსური შეღავათები გაუწიოს. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. 2018-2019 წლისთვის აპლიკანტების მხოლოდ 8% ჩაირიცხა. კურსდამთავრებულები საქმდებიან ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა: Gოოგლე, Aმაზონ და Aპპლე. სწავლის ღირებულება წელიწადში 60.000 დოლარია.

5. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ) - აქ სწავლის წლიური საფასური 45.000–დოლარია, სტუდენტთა ნახევარზე მეტი კი, საჭიროების მიხედვით, სპეციალური ფონდებიდან ფინანსურ დახმარებას იღებს.

6. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ) - ჰარვარდში მოხვედრა ძალიან რთულია. სწავლის წლიური საფასური დაახლოებით 40.000–დოლარია. უნივერსიტეტი 38 კოლეჯისგან შედგება.

7. პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ) - ცნობილი ,,აივი ლიგის" ("სუროს ლიგა") ასოციაციის წევრია, რომელშიც გაერთიანებულია აშშ-ის 8 უნივერსიტეტი. პრინსტონში იღებენ აპლიკანტთა მხოლოდ 8-10%-ს. სწავლის საფასური დაახლოებით 37.000 დოლარია წელიწადში.

8. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - ფოკუსირებას ახდენს მეცნიერებაზე, მედიცინაზე, საინჟინრო საქმეებსა და ბიზნესზე. აქვს 100 საბაკალავრო და 150 სამაგისტრო პროგრამა. აქ არ დაგჭირდებათ ცალკე განაცხადის შევსება. კოლეჯი ყველანაირად უწყობს ხელს იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების წლიური შემოსავალი 60.000 ევროზე ნაკლებია, მათ ყოველწლიურ სტიპენდიას აძლევენ. საბაკალავრო პროგრამის წლიური გადასახადი 21.000-დან 30.000 დოლარამდეა.

9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ) - აერთიანებს 400-მდე სტუდენტურ ორგანიზაციას. წლიური გადასახადი 55.000–დოლარია. ხელოვნებისა და მეცნიერების გარდა, უნივერსიტეტი ცნობილია სხვა სკოლებითაც, როგორებიცაა: პრიცკერის მედიცინის სკოლა, ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, სოციალური სერვისების ადმინისტრირების სკოლა, საღვთისმეტყველო სკოლა და სხვ.

10. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი (შვეიცარია) - მართალია, სტუდენტებს აქ სწავლა წელიწადში 1200-1300 დოლარი უჯდებათ, მაგრამ ამას ემატება ციურიხში ცხოვრებისა და სხვა ხარჯები - როგორც ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, წელიწადში 16-დან 26 ათას დოლარამდე. წარჩინებულ სტუდენტებს ენიჭებათ სტიპენდიები. უნივერსიტეტის მიმართულებებია: ხელოვნება, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, მედიცინა, მეცნიერება, თეოლოგია და ვეტერინარიული მედიცინა. ციურიხის უნივერსიტეტი გაერთიანებულია ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგაში. საბაკალავრო პროგრამებზე სწავლების ენა არის გერმანული, ხოლო ყველა სამაგისტრო პროგრამაზე - გერმანული ან ინგლისური.