ამბობენ, ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას ხმამაღლა დაეძახათ: "ზემელის აფთიაქი!" - კვირის პალიტრა

ამბობენ, ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას ხმამაღლა დაეძახათ: "ზემელის აფთიაქი!"

"ზემელის აფთიაქი დღევანდელი რესპუბლიკის მოედნისა და კოსტავას ქუჩის კუთხეში იდგა. სამწუხაროდ, დღეს აფთიაქის ავთენტური შენობა აღარ არსებობს"

ტბილისის ისტორია იმ ადამიანთაგან შედგება, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ამ ქალაქის ქუჩებს წარუშლელი კვალი დაატყვეს. ევგენი ზემელიც სწორედ ასეთთა რიგებს მიეკუთვნება. მისი ნამდვილი სახელია იულიუს იოალან იუგენი. ის უძველესი გერმანული გვარის შთამომავალია, ისტორიულ წყაროებში მე-13 საუკუნიდან მოიხსენიება. ზემელი 1858 წელს ლატვიაში დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში ოჯახი სანქტ-პეტერბურგში გადასახლებულა და სახელი ევგენიც მაშინ მიუღია. 1881 წელს თბილისში ჩამოვიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვით ოლღასა და ვერეს (დღევანდელი ჯავახიშვილის) აღმართის კუთხეში აფთიაქი გაუხსნია. ეს შენობა ახლა აღარ არსებობს, მაგრამ ის პატარა მიკროუბანი, რომელიც ქალაქის ცენტრალური ადგილია, არაოფიციალურად ისევ ზემელის სახელს ატარებს. ექიმი ირმა ხუცურაული ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ჩვენი წარსული სიამაყით ავსებს და ფიქრობს, რომ მისი დავიწყება არ შეიძლება. მას მამისაგან მემკვიდრეობად ზემელისეული ნივთები შემორჩა და ცოტა ხნის წინ მერიას შესთავაზა ზემელისეული აფთიაქის მუზეუმად აღდგენა:

"მამაჩემი, ნოდარ ხუცურაული, ცნობილი ფარმაცევტი და პროვიზორი, 52-ე აფთიაქის მმართველი გახლდათ. მე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე, რომ თურმე ზემელის ნაქონ ნივთებს აგროვებდა და სურდა აფთიაქში პატარა კუთხე გამოეყო მათთვის. ზემელის აფთიაქის შენობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა. პირველ სართულზე მისი აფთიაქი იყო განთავსებული, ხოლო ზემოთ თავად ოჯახი ცხოვრობდა. ეს იყო ერთგვარი სააფთიაქო მაღაზია, სადაც წამლებს თვითონვე ამზადებდა.

სამწუხაროდ, ზემელის შთამომავლების შესახებ არაფერი ვიცი. ამ რამდენიმე ნივთიდან ერთი სანთებელას ჰგავს, თუმცა მისი მუშაობის პრინციპს ვერ მივხვდით. თავისი კოლოფიც აქვს, რუსეთის იმპერიის გერბითა და რუსული წარწერით. მაქვს ზემელის პატარა წიგნაკები, მისივე ხელმოწერით, სადაც ზოგან მელნით, ზოგან კი ფანქრით ჩანაწერები აქვს ვალების შესახებ, ხოლო ლათინურად წამლის რეცეპტები, უმრავლესობა მალამოა. აქვეა სამკუთხა გრძელი ქაღალდები, რომელზეც იწერებოდა წამლის დასახელება, პაციენტის სახელი და ბოთლს ეკვრებოდა. ძალიან საინტერესო და ლამაზი დიზაინი აქვს.

მამას ნივთებში ვიპოვე პატარა პროექტიც. ჩანს, აფთიაქის აშენება უნდოდა დაახლოებით იმ ადგილას, სადაც თავიდანვე იდგა ზემელის სახლი. ჩემი აზრით, საინტერესო იდეაა, ზემელის სახელსაც პატივს მივაგებდით და ქალაქსაც დარჩებოდა კიდევ ერთი ისეთი შენობა, სადაც ისტორია გაცოცხლდებოდა". როგორც თბილისის ისტორიის მკვლევარი, ისტორიკოსი თამარ თავაძე გვიყვება, ევგენი ზემელი არ იყო პირველი აფთიაქარი თბილისში მცხოვრებ გერმანელებს შორის:

"სააფთიაქო ბიზნესში გერმანელების გარდა მრავლად იყვნენ სომხებიც, რუსებიც, შემდეგ ქართველებიც დაემატნენ. რაც შეეხება იმ ამბავს, თითქოს იგი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს გაჩერებებზე მისი აფთიაქის სახელის გამოცხადებისთვის, გაზვიადებულია. მაშინ წესად იყო, კონკის და შემდეგ ტრამვაის ვატმანებს ყოველ გაჩერებაზე უნდა დაეძახებინათ იმ ადგილის სახელი, სადაც ჩერდებოდნენ. ერთ-ერთი გაჩერება ზემელის აფთიაქის წინ იყო და, ბუნებრივია, ზემელის აფთიაქის სახელი ცხადდებოდა.

ზემელის აფთიაქი იდგა დღევანდელი რესპუბლიკის მოედნისა და კოსტავას ქუჩის კუთხეში. მას სამი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მამის საქმე გააგრძელა. ისინი პირველი გილდიის ვაჭრები იყვნენ. ვორონცოვზე წამლის საწყობი ჰქონდათ, სადაც მინერალურ წყალსაც ყიდდნენ. უზნაძეზე ფლობდნენ სახლს, სადაც ბინებს აქირავებდნენ. შემოსავლიანი სახლი იმ დროს ბევრ ვაჭარს ჰქონდა, მათ შორის სარაჯიშვილსაც და ზუბალაშვილებსაც.

მაშინდელ თბილისში პირველი გილდიის ვაჭრები დღევანდელ ოლიგარქებს შეიძლება შევადაროთ. ბევრნი არ იყვნენ, დაახლოებით ოცი კაცი. არსებობდა იერარქიაც მათ შორის და ეს კარგად ჩანს იმ ფოტოსურათებზე, რაც შემორჩენილი გვაქვს. ისინი ყოველ წელს იკრიბებოდნენ და იღებდნენ საერთო ფოტოს, სადაც პირველ რიგებს აუცილებლად პირველი გილდიის ვაჭრები იკავებდნენ, უკან მეორე გილდიის ვაჭრები განლაგდებოდნენ. ფოტოებში დავით სარაჯიშვილთან ერთად ზემელიც არის დაფიქსირებული პირველი გილდიის ვაჭართა შორის.

ზემელის აფთიაქის ავთენტური შენობა აღარ არსებობს. ძველი თბილისის აფთიაქებიდან დღესაც არის ფერდინანდ ოტენის, სხვათა შორის, ისევ აფთიაქის სახით. ევგენი ზემელის სახელი უკვე ისედაც შემორჩა თბილისს, მისი ამბავი კეთილ მითად იქცა, თბილისელებმა ამ კაცის მოღვაწეობას ამგვარად მიაგეს დამსახურებული პატივი".

თეკლა ლომთაძე