როგორ მივაღწიოთ "აღთქმულ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

როგორ მივაღწიოთ "აღთქმულ ქვეყანას"

ხმა ღვთისა, ხმა ერისა...

30 აგვისტო ილიას მკვლელობის დღეა. რა არის ილიას გზა? რატომ ვუგანეთ მას? გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი, მამა გიორგი (თევდორაშვილი)

მამაჩემი ილიასა და "ვეფხისტყაოსანზე" გვზრდიდა. ილია მართალი ჩემთვის ბავშვობიდანვე წმინდანი იყო.  მერე გავიგე, რომ უგვირგვინო მეფეა საქართველოსი. მღვდელი რომ გავხდი, მივხვდი, ილია არათუ უგვირგვინო მეფე, არამედ უკვერთხო პატრიარქია საქართველოსი.

არ არის შემთხვევითი, რომ ერთი დღე, 2 აგვისტო არის ელია წინასწარმეტყველის, ილია მართლის და პატრიარქის, ილია მეორის დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ელიას სულით იყო ამ ქვეყანაზე მოსული, ანუ მისი შემართებით, მისი სულისკვეთებით.

ელია წინასწარმეტყველი იყო სიმართლის მთქმელი, კადნიერი პიროვნება, რომელიც ამხელდა ყოველგვარ უკეთურებას, რაც ისრაელში ხდებოდა.  კარგად რომ გავიგოთ, ვინ იყო ილია, ელია წინასწარმეტყველის ცხოვრება უნდა წავიკითხოთ.

ის იყო კაცი დაბადებული "ხმად მღაღადებელი უდაბნოსა შინა", კაცი, რომელიც ჩვენს გულებში, იოანე ნათლისმცემლის მსგავსად ასწორებდა იმ ბორცვებს, რომელიც ამპარტავნობამ წარმოშვა, რათა შემდგომ უფალი შემოსულიყო ჩვენში და ჩვენს გულებში დავანებულიყო.  ილია გვასწავლიდა როგორ გაგვეღო უფლისთვის კარი. მაგრამ ჩვენ მოვკალით ილია და კარიც დაკეტილი დარჩა...

თუკი ბოლომდე გავიგებთ ვინ არის ილია, გავიგებთ ვინ არის იესო ქრისტე, გავიგებთ რა არის მართლმადიდებლობა. გავიგებთ ჩვენი უკუღმართი ცხოვრება რატომ არის ამ მდგომარეობაში.  ვერ გაგვიგია ილია და ამიტომაც დავეხეტებით უდაბნოში და ამიტომაც ჯერ შორსაა ჩვენთვის "აღთქმული ქვეყანა".

აღთქმული ქვეყანა კი ჩვენთვის მამული, ენა, სარწმუნოებაა. მისი ბოლომდე გაცნობიერება და გაგებაა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს უცხო ენებზე უფრო კარგად ვლაპარაკობთ, ვიდრე ქართულად, უცხო ქვეყნებში დავრბივართ და იქ ვშრომობთ და მამული ჩვენთვის როგორც ილია მართალი ამბობს "ნაკელმოყრილი და ეკალშემოვლებული ალაგია".

ილია არ არის მხოლოდ მეოცე საუკუნის საქართველოს მფარველი, ის მარადიული საქართველოს მფარველია. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ჩვენ, 21-ე საუკუნის ქართველები დღესაც ვკლავთ ილიას.  როცა შენ ქართველი ხარ წარმომავლობით, როცა შენი სულისკვეთება, შენი სულიერება მიღმა ქვეყნებისკენაა მიმართული, ეს  არ არის ილიას მკვლელობა?

მიხარია, რომ ჩვენი პრეზიდენტის სამუშაო ოთახს ილიას პორტრეტი ამშვენებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ილიას გზით მივდივართ... ჩვენი სულისკვეთება მიმართული უნდა იყოს "ენა, მამული, სარწმუნოების" ბოლომდე გააზრებისკენ. მამული არ იყოს მხოლოდ "ნაკელმოყრილი და ეკალშემოვლებული მიწა", ჩვენი ენა არ იყოს გადატვირთული ბარბარიზმებით და ჩვენი სარწმუნოება იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა.

ვაღიარებთ, რომ ვართ მართლმადიდებლები, მაგრამ არ გვესმის რა არის ეს. ვაღიარებთ, რომ ვართ ქართველები და საქართველოდან გავრბივართ უცხოეთში, ვაღიარებთ, რომ ენაა ჩვენი საგანძური და არაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად...

მამული რა დღეშია ყველა ხედავთ - აღარც სამაჩაბლო, აღარც აფხაზეთი, და კიდევ მრავალი ტერიტორია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ჩვენ ღმერთს განვუდექით, იმიტომ, რომ ილიას გზით არ დავდივართ. გზა ხსნისა უფლის გზაა, რომლისკენაც ილიას მიჰყავდა საქართველო... ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია...

მამუკა ნაცვალაძე