ან ანაკლიაში დაეტიეთ, ან მესტიაში ისრიალეთ - კვირის პალიტრა

ან ანაკლიაში დაეტიეთ, ან მესტიაში ისრიალეთ

"პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც შეგიძლია ანაკლიაში ტროპიკულ პლაჟზე დაისვენო, შემდეგ ორ საათში მესტიაში თხილამურებით ისრიალო, საღამოს კი ისევ პლაჟზე წამოგორდე.

80 წელს მივუკაკუნე და ასეთი არაფერი გამიგია, რომ დასაშვები იყოს ცხელი კლიმატური გარემოდან უცებ ცივ ზონაში გასართობად გაქცევა და მერე ისევ თაკარა მზეში დაბრუნება. ეს ხომ ჯანმრთელობას შეურყევს ადამიანს?

რევაზ სულაბერიძე, თბილისი"

რედაქციაში არაერთი ამ შინაარსის წერილი მივიღეთ და კითხვებზე პასუხის გაცემა სპეციალისტების დახმარებით ვცადეთ. კურორტოლოგების განმარტებით, დაუშვებელია ადამიანმა ისარგებლოს იმ მომსახურებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაახმაურა ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის მიმართულების სრული პროფესორი ნელი კაკულია:

- რამდენად დასაშვებია, დილით ანაკლიაში პლაჟზე გარუჯვა, ზღვაში ბანაობა და შემდეგ ორ საათში მესტიაში თხილამურებით სასეირნოდ გაფრენა?

- თუ სპორტული წესით ცხოვრობ, ჯანსაღი ხარ და აბსოლუტურად საღი გულ-სისხლძარღვთა სისტემა გაქვს, მაშინ შეგიძლია ამის გაკეთება, მაგრამ მიზანშეუწონელია საშუალო ასაკის ადამიანისთვის. ასეთ დატვირთვას მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა და ჯანსაღი სხეული გაუძლებს.

- პრობლემას რა ქმნის?

- დიდი მნიშვნელობა აქვს ჟანგბადის წნევას. ზღვის დონიდან ყოველ ათას მეტრზე ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა ნაკლებია. ამიტომ, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით ნაკლები ჟანგბადია და ადამიანი ორგანიზმისთვის საჭირო დოზის მისაღებად გახშირებულად სუნთქვას იწყებს, ამას კი გულის აჩქარებული მუშაობა მოსდევს.

ამიტომაც მაღალმთიან ადგილებში ყოფნა არასასურველია გულით ავადმყოფებისთვის. ძალიან ჯანმრთელი ადამიანი უნდა იყო, რომ მესტიაში ასვლისას წნევის ცვალებადობას გაუძლო და თხილამურებზე დადგე. ვიმეორებ, სპორტსმენს შეუძლია ამ დატვირთვის ატანა, მაგრამ თუ ადამიანს რაიმე პათოლოგია აქვს, ვურჩევ, ერთდროულად მესტიასა და ანაკლიაში კი არა, ერთ-ერთ ადგილზე დაისვენოს.

ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ამას კი არა, უარესსაც აკეთებენ, მაგრამ ზომიერების დაცვა ყველგან საჭიროა. ყოველდღიურად ანაკლიიდან მესტიაში სიარულს და უკან დაბრუნებას, ალბათ, მხოლოდ ექსტრემალები თუ შეძლებენ.

ძალიან კარგია ზღვისა და მთის კურორტების განსაზღვრული პერიოდით მონაცვლეობა. ორი კვირა ზღვაზე და ცოტა ხნის მერე ორკვირიანი დასვენება მთაში გააკაჟებს ორგანიზმს.

- რის მიხედვით მიენიჭა ანაკლიას საკურორტო სტატუსი, რას უხდება აქ დასვენება?

- ანაკლია ჩვეულებრივი კურორტია, როგორიც ბათუმი და სხვა არასამკურნალო საზღვაო სანაპიროები. ზღვის სანაპირო კურორტებიდან გულით დაავადებულებისთვის რეკომენდებულია ქობულეთი და ბათუმში ერთ-ერთი მთა. ურეკი ქვიშით არის ცნობილი.

- მესტიას რა საკურორტო დანიშნულება აქვს?

- ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორც ვიცი, ბახმაროს ან ლებარდეს მსგავსი სამკურნალო კურორტის დანიშნულება არა აქვს. თუ სათხილამურო ტრასა გაკეთდება, მაშინ მესტიაც გუდაურის მსგავსი იქნება. მათგან განსხვავებით ბაკურიანი სამკურნალო კურორტია.

საბჭოთა ეპოქაში კურორტოლოგიის მთელი სისტემა არსებობდა. სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდნენ კურორტოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი და ა.შ., ეცნობოდა ამა თუ იმ პირის მონაცემებს და საჭიროებისამებრ ურჩევდა კურორტს.

მაგალითად, თუ გული გაწუხებთ, არ უნდა წახვიდეთ ფეხით სასიარულოდ მთაში. ასევე დაუშვებელია სამკურნალო წყლების თვითნებურად მიღება, ჩაწოლა და ა.შ. თუ სახსრები გაწუხებთ და მეგობარმა გირჩიათ, მენჯი და წყალტუბო მოგიხდებათო, ფრთხილად! თუ გული რიგზე არ გაქვთ, აბაზანების მიღება დაუშვებელია.

გულისუკმარისობიანი ადამიანი 12 აბაზანას თუ მიიღებს, აუცილებლად გაუმწვავდება გულის მდგომარეობა, რა სჯობს, სახსარი გტეხდეს თუ გული გაწუხებდეს?

KvirisPalitra.Geპრეზიდენტის ოცნების პროექტი

სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ესპანელ არქიტექტორებთან ერთად ანაკლიის ახალი პლაჟი დაათვალიერა და მესტიაში ბავშვთა სამთო-სათხილამურო ტურნირზე თხილამურებით ისრიალა.

"მიმდინარეობს ანაკლია-მესტიის გზის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ ანაკლიიდან მესტიაში ჩასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი. ჩვენ ვიწყებთ რეკლამას მსოფლიოში საქართველოს შესახებ, რომ საქართველო არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც შეგიძლია იცურაო ტროპიკულ პლაჟზე - ანაკლიაში და ასევე შეგიძლია ორ საათში თხილამურებზე ისრიალო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროექტი ითვალისწინებს ანაკლიაში სანაპირო ზოლის განაშენიანებას, მრავალმოდულიანი სასტუმრო კომპლექსების, აკვაპარკის, ბარებისა და რესტორნების, სპორტული კომპლექსების, ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი პარკის, ზღვის წყლის ლაგუნა-პარკისა და საავტომობილო გზების მშენებლობას. პრეზიდენტის თქმით, ანაკლიაში აიგება მსოფლიოში ყველაზე დიდი ზღვაზე სასეირნო ხიდი.

მესტიაში კი სათხილამურო კურორტი მოეწყობა, უნივერსალური სათხილამურო ტრასებით. გაკეთდება ორი ახალი საბაგირო გზა, იგეგმება თანამედროვე და საშუალო ზომის სასტუმროების მშენებლობა, აშენდება ოლიმპიური დონის ღია ყინულის მოედანი, ორი უთანამედროვესი სათხილამურო დასაშვები ტრასა, სატრანსპორტო აეროპორტი და იმუშავებენ ტაქსი-შვეულმფრენები(?!).

პრეზიდენტის მიზანი და ოცნება ზღვისა და მთის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ანაკლიაში, ზღვაში იბანავებს, ორ საათში უშბის პლატოზე ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე ავა და თხილამურებით ისრიალებს, მეეჭვება, იმავე საღამოს უკან დაბრუნება შეძლოს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ წყნეთში ასვლა-ჩამოსვლის დროსაც კი ისე ვგრძნობ სიმაღლის ცვალებადობას, რომ არაქათი მაქვს გამოცლილი. არადა, მგონი, ჯანმრთელი ვარ.