"რა გავუკეთე ცუდი საქართველოს?!" - კვირის პალიტრა

"რა გავუკეთე ცუდი საქართველოს?!"

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დღეს ვლადიკავკაზში ცხოვრობს. სპორტსმენი, რომელმაც საქართველო არაერთხელ ასახელა და არაერთი ოქროს მედალი მოიპოვა, როგორც თავად ამბობს, მტრად შერაცხეს და საქართველოდან გააძევეს. ლერი ხაბელოვი ინტერვიუს მიცემაზე ყველას უარს ეუბნება, მაგრამ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მაინც მისცა:

- ხელისუფლების საწინააღმდეგოდ რომ ვლაპარაკობდი, იმიტომაც ვარ საქართველოდან გაძევებული. ოლიმპიურ კომიტეტში ბადრისთან ერთად რომ ვიყავი, იმით დაიწყო ყველაფერი. ბადრისთან ახლო ურთიერთობა არ მაპატიეს, სამსახურიდან მომხსნეს, ქონება ჩამომართვეს და მტრად გამომაცხადეს. ეს ყველაფერი მე უფრო ადრე დამატყდა თავს, ვიდრე ზოგიერთს. ვკითხულობ თქვენს გაზეთს და ვიცი, როგორც მოექცნენ ლუკა კურტანიძეს გორში. ასეა, თუ ამათი მომხრე არა ხარ, მტრად მიაჩნიხარ.

ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, გამიხარდა. მეგონა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის სიკეთეს გააკეთებდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც გააკეთა. სპორტის ფედერაციაში ისეთი ახალგაზრდები მოიყვანეს, რომელთაც სპორტის არაფერი გაეგებათ. ყოველთვის იმას ვამბობდი, რასაც ვფიქრობდი, რაც სწორად მიმაჩნდა და ამიტომ ვარ მტერი? რა გავუკეთე ცუდი საქართველოს?! რა დავუშავე როგორც სპორტსმენმა და ხელმძღვანელმა? მითხრას გოკა გაბაშვილმა, მაგ ნაძირალამ, როგორ მაკადრა ასეთი რამ?

არავისგან ნაკარნახები აზრებით არ ვხელმძღვანელობ. უსაფრთხოების გამო წამოვედი საქართველოდან და ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. გულწრფელად გეტყვით, გულნატკენი ვარ იმ ჭორებისა და ცილისწამებების გამო, რაც ჩემზე ითქვა.

ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ჩემი წინააღმდეგი იყო, რადგან სიმართლეს ვამბობდი. ვამბობდი იმას, რაც ხდებოდა სპორტსა და საერთოდ, ქვეყანაში. არ მოვიწონე სპორტის აკადემიის გაუქმება;

წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ფედერაციებში ხელისუფლებამ თავისი ხალხი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოიყვანა; ვაპროტესტებდი, ცუდად რომ მოექცნენ ბადრი პატარკაციშვილს... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მერწმუნეთ, ჩასაფრებული არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ სიმართლეს ვამბობდი, მაგრამ სიმართლე არ უყვართ!

ახლა ვლადიკავკაზში ვცხოვრობ. ადამიანი იმედით ცოცხლობს და მეც იმედი მაქვს, რომ საქართველოში დავბრუნდები. ჩემისთანები დღეს არ სჭირდებათ საქართველოში, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?!

საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეიგნო, რომ არ შეიძლება მეზობელთან ყოველ წუთს ჩხუბი და დაძაბული ურთიერთობა გქონდეს. არასოდეს ვყოფილვარ არც ქართველი და არც ოსი ხალხის მტერი. ვინც მტრად მთვლის, ეს მისი პრობლემაა და ძალიან მეცოდება ეს ადამიანები.

ოსი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს საქართველოც და ჩემი ხალხიც. საუბედუროდ, საქართველოს მარტო რუსეთთან კი არა, ოს ხალხთანაც აქვს ბევრი რამ გასარკვევი, მარიონეტებთან კი არა, ოს ხალხთან აქვთ სალაპარაკო. ის, რაც 2008 წელს მოხდა, უკანგადადგმული ნაბიჯია.

ამის გამოსწორებას დრო, გამძლეობა და გონიერება უნდა. ვიცი, აქ მცხოვრები ოსებისა და ბევრი რუსის დამოკიდებულება ქართველებისადმი. აქ მათ მტრად არავინ მიიჩნევს. არის მთავრობა და არის ხალხი. ხალხი არ უნდა დაზარალდეს ხელისუფლების გამო.

გული მწყდება. არ ვიმსახურებდი იმას, რაც საქართველოში მაკადრეს. როდემდე შეიძლება ასე შეშინებული იყოს ხალხი? მთელ ცხოვრებას შიშში ხომ არ გაატარებს? მიხეილ სააკაშვილი უნდა მიხვდეს, რომ არ შეიძლება ხალხის დაშინება, ქონების წართმევა, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა. მე განსაკუთრებული არაფერი დამმართნია - რაც ქართველ ხალხს დაატყდა ამ ხელისუფლებისგან, მეც ის დამემართა.

არ შეიძლება სპორტის პოლიტიკასთან გაიგივება. სპორტსმენი ხომ ქვეყნის გარეთ გადის, რომ შედეგი აჩვენოს და ქვეყანა ასახელოს, მაგრამ ესენი ფიქრობენ, თუ ჩვენკენ ხარ, შენი წარმატება მაშინ გვიხარია, თუ მხარს არ გვიჭერ, მაშინ მტერი ხარო.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ ქონება წაგართვეს. რა ქონებაზეა ლაპარაკი?

- ძველ აეროპორტში ინვესტიცია განვახორციელე. აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეწილე ვარ, მაგრამ Dეს ყველაფერი თურქებს გადასცეს ხელშეკრულების პირობებისა და ვადების დარღვევით. გული არ მწყდება, რომ სამსახურიდან მომხსნეს. მათი ნებაა, ეგენი დაგნიშნავენ და მოგხსნიან კიდეც, მაგრამ კერძო საკუთრების უკანონოდ წართმევა დანაშაულია.

მე ოსი ვარ და ძნელია ვუმტკიცო ყველას, როგორ მიყვარს საქართველო. არადა, სულ ეს მქონდა სამტკიცებელი. ჩემი ყველა გამარჯვება საქართველოს სახელით არის მოპოვებული, თუმცა დღეს ეს აღარავის ახსოვს. ძნელია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა.