"ქალი მიწაზე იწვა და თავიდან სისხლი სდიოდა... ერთ-ერთ მანქანაში ბავშვიც იყო" - რას ამბობენ თვითმხილველები ლილოსთან მომხდარ ავარიაზე - კვირის პალიტრა

"ქალი მიწაზე იწვა და თავიდან სისხლი სდიოდა... ერთ-ერთ მანქანაში ბავშვიც იყო" - რას ამბობენ თვითმხილველები ლილოსთან მომხდარ ავარიაზე

თვითმხილველის ინფორმაციით, ლილოს მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს თავზე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

"როდესაც მოვედი, ერთი ქალი მიწაზე იწვა და თავიდან სისხლი სდიოდა. ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, ბავშვი იჯდა",- ამბობს თვითმხილველი.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მივიდა 4 სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძღოლები არ დაშავებულან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი - "ამტელში" და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

ლილოს ბაზრობის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო