"არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული" - რას ამბობენ კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები - კვირის პალიტრა

"არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული" - რას ამბობენ კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები

ქედაში, სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები საქმის დროულ გამოძიებას და კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, აფეთქებას ძლიერი ბიძგები მოჰყვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

გარდაცვლილი მოზარდის ახლობლების თქმით, სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოებია ნორმები დაცული არ იყო. "ვითხოვთ სოფელში კარიერზე სამუშაოები შეწყდეს. აფეთქების შედეგად ბიძგები ძალიან ძლიერი იყო. ტრაგედიასთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, მართალია გაგვაფრთხილეს, რომ აფეთქება იქნებოდა, მაგრამ დროზე ადრე მოხდა და მნიშვნელოვანდ დაგვაზარალა. არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა", - აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები.

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.

"დაახლოებით 100 მეტრში სახლის ეზოში თამაშობდა 6 წლის ბავშვი, როდესაც ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა",- აცხადებენ თვითმხილველები.