რას ითხოვენ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები? - კვირის პალიტრა

რას ითხოვენ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები?

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ ფარდულებში შეშვებას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე მათ დამწვარ სავაჭრო სივრცეში პოლიცია არ უშვებს.

ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სისხლის სამართლის საქმე 187 მუხლით აღიძრა. ხანძარი გამთენიისას იქნა ლიკვიდირებული. დაიწვა 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული პროდუქცია (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი).

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი წუხელ გაჩნდა. დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამახური ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა. ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 09:00 საათზე“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება.

"ინტერპრესნიუსი"