"რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ..." - სოციალურ ქსელში პოპულარული მხიარული ცოლ-ქმრის რთული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ..." - სოციალურ ქსელში პოპულარული მხიარული ცოლ-ქმრის რთული ცხოვრება

"პოპულარობა ჩემთვის ხალხისგან მიღებულ სიყვარულსა და სითბოს ნიშნავს"

ნათია წიქარიძე და ირაკლი სტურუა 23-წლისანი არიან. ნათია გურიიდან არის, ირაკლი - სამტრედიელია. 4 წელია, ერთმანეთს სახელების ნაცვლად, ამ სიტყვებით მიმართავენ: "სიცოცხლე", "სიხარულო". მხოლოდ მაშინ ჩხუბობენ, როცა ნათია სარკესთან დიდხანს იპრანჭება, გასასვლელად მომზადებული ირაკლი კი კართან ელოდება. სოციალურ ქსელში ამ ახალგაზრდა წყვილის სახალისო ვიდეოები ძალზე პოპულარულია, უკვე 91.000 გამომწერი ჰყავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

"ჟურნალისტის პროფესიას მინდოდა დავუფლებოდი, მაგრამ 3.900 ლარი იყო სწავლის საფასური და ვერ შევძელი გადახდა. იმ პერიოდში დედა თურქეთში მუშაობდა და ვიდრე გამოცდების პასუხს გავიგებდი, ვიფიქრე, წავალ 1-2 თვით, ჩემი ტანსაცმლის ფულს მაინც გამოვიმუშავებ და მერე ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ 5 წელს შემოვრჩი. სულ 3 თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი..."

"თურქეთში გავიცანი, მართლა ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. მეორე დღეს პარკში გავისეირნეთ მეგობრებმა, მომიცუცქდა და ხელი ჩამკიდა. დაახლოებით 2 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. ჩემი ცოლი გახდებიო? - მკითხა და ბეჭედი მომცა. თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი. ჯვარი აქ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 23 სექტემბერს დავიწერეთ. მაშინაც იტირა..."

"იუმორი კარგი რამეა, ბევრ რამეში მშველის. ნერვიულობით ვერაფერს შევცვლი. პირიქით, ყველაფერს დადებითად უნდა შევხედოთ... ყოველ დილას, 7 საათზე ვდგებოდით და 9-ის ნახევრიდან საღამოს 7 საათამდე ფაბრიკაში ვმუშაობდით, ზოგჯერ გვიანობამდეც კი, ხშირად შაბათ-კვირასაც არ დაგვისვენია. ფაქტობრივად, მთელი 5 წელი ფეხზე ვიდექით და ისე ვასრულებდით ჩვენს საქმეს..."

"ტყუილად საყვედურობენ ამ თაობას, რომ ზარმაცები და არაფრის მკეთებლები ვართ. რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ... ერთხელ, 2 თვის განმავლობაში ვერ ავიღეთ ხელფასი. ვინც სიგარეტს ეწეოდა, ჩაის მოწევა დაიწყო, საჭმელი არ გვქონდა, კარტოფილი და პურიც კი არ გვქონდა ზოგჯერ და მარტო ხახვს ვჭამდით..." (იხილეთ სრულად)

ნინო ჯავახიშვილი

იხილეთ მხიარული წყვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოპულარული ვიდეო