"როგორ არ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელმაც ნახა, როგორ მოკლეს ანწუხელიძე, მაგრამ თავის რესტორანში მაინც რუსულ სიმღერებს აჟღერებს?!" - კვირის პალიტრა

"როგორ არ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელმაც ნახა, როგორ მოკლეს ანწუხელიძე, მაგრამ თავის რესტორანში მაინც რუსულ სიმღერებს აჟღერებს?!"

რამ გააბრაზა "პრეზიდენტი"?

ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების აჟიოტაჟის ფონზე, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"), მსახიობსა და რეჟისორ კახა გოგიძეს ვესაუბრეთ და გავარკვიეთ: რის გამო ბრაზობს "პრეზიდენტი" და რას მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად?..

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ქვეყანაში იმდენი პრობლემა გვაქვს და იმდენი რამ იწვევს გულისწყრომას, რომ მთელი სია უნდა შევადგინოთ. უმთავრესი პრობლემა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გავერთიანდეთ, ყველამ უნდა შევუტიოთ, ეს თავისუფლების პრობლემა გახლავთ: ამაში მენტალურ ოკუპაციასაც ვგულისხმობ..."

"წინათ, მოღალატეები რაღაც სხვანაირად, საშინლად წარმომედგინა, დღეს ამას ყოველ წუთში ვხედავთ და ეს ყველა შრეს შეეხო. როგორ არ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელმაც ნახა, როგორ მოკლეს ანწუხელიძე, დახვრიტეს ოთხოზორია (პირდაპირ ეთერში აჩვენეს და დავინახეთ), მაგრამ თავის რესტორანში მაინც რუსულ სიმღერებს აჟღერებს?! იქნებ იქ ანწუხელიძის ძმა ან ოთხოზორიას მშობელია?.."

"საქართველოს მოსახლეობა ძალიან ჭკვიანია, მაგრამ რატომღაც, უმრავლესობას სირაქლემის პოზა მოსწონს. ყველა ამბობს, _ პოლიტიკა არ მაინტერესებსო. პოლიტიკა სახლში გაქვს და რას ჰქვია, არ გაინტერესებს?!."

"შეიძლება, ვიღაცამ ჩემ შესახებ იფიქროს _ ამას მართლა პრეზიდენტი ხომ არ ჰგონია თავიო?! არა, მე პრეზიდენტზე უფრო მაგარი ვარ და გეტყვი, რატომ: მე უფრო მეტი ვარ, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობის პირი, რადგან ისინი ჩვენ, ხალხმა დავასაქმეთ. მე, შენ, ჩვენ ყველანი ვნიშნავთ პრეზიდენტებს, მინისტრებს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" პირველი ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი