"არ ვამბობ, რომ ვაშაძის ბრძანებით მაწამეს, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო - მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს" - კვირის პალიტრა

"არ ვამბობ, რომ ვაშაძის ბრძანებით მაწამეს, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო - მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს"

მე არ ვამბობ, რომ გრიგოლ ვაშაძის უშუალო ბრძანებით მაწამეს ციხეში, მაგრამ მე თუ ჯაშუში ვიყავი, ის უნდა გადამდგარიყო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. გრიგოლ ვაშაძე ყველაფერის საქმის კურსში იყო და მის სინდისსა და ნამუსზე იყოს, რასაც ახლა ამბობს, - ასე ეხმაურება ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.

პრესკონფერენციაზე გიორგი აბდალაძემ მის კოლეგა ფოტორეპორტიორ ნათია გედენიძესთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რის გამო გაასამართლეს ის და მისი კოლეგები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. აბდალაძე, მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

"ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისს გადაღებული კადრების გამო და ეს სასამართლომაც დაამტკიცა. ჩვენი ფოტოებით მთელს მსოფლიოს შევატყობინეთ რა ხდებოდა. რომელი ჯაშუშები ჩვენ ვიყავით?! ის ვალდებულია იცოდეს, რომელი კომპიუტერიდან რა სახის სტენოგრამა წავიღე, ვინაიდან მე, არ ვიცი რა სტენეგრომაზეა საუბარი, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი თუ იყო, ის ამით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო. დაისაჯა თუ არა ის თანამშრომელი, რომლის კომპიუტერთან დამსვეს. ვინ არის, დაასახელოს სახელი და გვარი. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ითქვას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოდიში აქვს მოსახდელი. მით უმეტეს, გრიგოლ ვაშაძეს. ხმა არავის ამოუღია და როცა ციხიდან გამოვედი, მერე მეუბნებოდა ყველა, ეს რა დაგმართნიაო. ვაშაძეს რომ პრეზიდენტობაზე კენჭი არ ეყარა, მე ხმას არ ამოვიღებდი", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ამასთან, გიორგი აბდალაძემ პროკურატურასაც მიმართა.

"მივმართავ ასევე პროკურატურას, რომ გაასაჯაროოს ის გრიფით "საიდუმლო" ინფორმაცია, რომლის შინაარსიც დღემდე არ ვიცი - რა სტენოგრამა წავიღეთ, რა გავაკეთეთ?!", - განაცხადა აბდალაძემ.

იხილეთ ასევე: "მითხრას გრიგოლ ვაშაძემ, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი?"

იხილეთ ვიდეო