ფოცხოში ჩაფარცხულები - კვირის პალიტრა

ფოცხოში ჩაფარცხულები

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #34)

ეს არის ცინიზმი!

"ფოცხოეწერში ჩაფარცხულების" ბედმა არაერთი ქართველის გული შეძრა და თანაგრძნობით აავსო, მაგრამ შიმშილის ზღვარზე მყოფ დევნილებს მხოლოდ ნუგეში ვერ დაანაყრებს. აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი მამუკა მანია დღემდე უშედეგოდ ელის კობა სუბელიანისა და მისი მოადგილეების ჩასვლას ფოცხოეწერში.

ამ დროს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვებგვერდზე ფოცხოეწრის რეაბილიტირებული კორპუსების ფოტოები ჩნდება მინაწერით: "შენობებს მიეწოდებათ მუდმივი ელექტროენერგია, წყალი და ყველა პირობაა შექმნილი ღირსეული, უსაფრთხო ცხოვრებისთვის". ცხადია, ეს ფოტოები დევნილებისთვის, ე.ი. შიდა მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი. სხვა თუ არაფერი, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გაჰყავთ დევნილებს ჩაბნელებულ შენობაში ელექტროგაყვანილობა.

თვალში საცემია ისიც, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს "არაჩვეულებრივ ფოტოგალერეაში" არსად ჩანან თავად დევნილები. როგორც ჩანს, ხელისუფლების "პიარშჩიკებს" ყველაზე მთავარი, კომფორტულ გარემოში მცხოვრები ადამიანების "ბედნიერი სახეების" ფოტოფირზე აღბეჭდვა დაავიწყდათ(?!).

"რა ელექტროენერგია, რის ელექტროენერგია?! ეს არის ცინიზმი! ჩვენ გიჟები და შეურაცხადები კი არა ვართ! გაიგეთ, ჩაის ადუღება გვენატრება!

ახლახან ერთ-ერთ კორპუსში დევნილებმა ელექტროხაზები თავად შეიყვანეს, ჩვენს საცხოვრებელში კი ჯერ ისევ უშუქობაა. თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ კობა სუბელიანს: ჩამობრძანდით, ბატონო კობა, ფოცხოეწერში და საკუთარი თვალით დარწმუნდით ჩვენს სიმართლეში, თუ გჭირდებათ საზოგადოდ სიმართლე!..

მაქვს ინფორმაცია, რომ როგორც დონორმა ორგანიზაციებმა, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მილიონობით თანხა გამოყო აფხაზეთიდან დევნილებისთვის და როგორც ჩანს, ამ "რეაბილიტირებული კორპუსებისა და კომფორტული გარემოს" ჩვენებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უცხოელებისთვისაც თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს. ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა კობა სუბელიანი გორში ჩამობრძანდა, ვკითხე:

"მქონდა ბინა და გავყიდე? ინვესტორმა მომცა ფული და დავხარჯე? სად არის ჩემი კუთვნილი კომპენსაცია, რომელიც თითქოსდა ლტოლვილებს მიეცით?!" მაშინ სუბელიანმა ვერაფერი მიპასუხა და იმავეს ვკითხავ დღესაც. სხვათა შორის, ჩემისთანა გაჭირვებულებს ზოგიერთი დევნილიც ურთულებს მდგომარეობას იმით, რომ ერთხელ უკვე აიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან ან ინვესტორისგან და ისევ ითხოვს დახმარებას.

თანაც, პოლიტიკაც ასეთია: ჯერ აკეთებენ დევნილთა კლასიფიკაციას, ქმნიან პრივილეგირებულ კატეგორიას და მერე ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირებაც მიზანმიმართულად მიმდინარეობს. ამ ბოროტების თავიდათავი დევნილებისთვის გამოყოფილი თანხების უკონტროლო ხარჯვაა!" - აცხადებს სოხუმიდან დევნილი ჟურნალისტი მამუკა მანია.

KvirisPalitra.Geსოფელს დევნილები "ააყვავებენ"?

ადგილობრივი ფოცხოეწერელი  მხოლოდ 60-მდე ოჯახია. სოფლის მკვიდრთა თქმით, ენგურჰესის სიახლოვეს მაღალი ტენიანობაა, რაც ხალხს აავადებს და მოსახლეთა სიმცირეც ამით აიხსნება.

წალენჯიხის რაიონის გამგებელი მამუკა ქარდავა: "მე და ჩემმა თანამშრომლებმა შევაგროვეთ თანხა და შევიძინეთ დევნილებისთვის აუცილებელი პროდუქტები, მედიკამენტები, პატარა გაზქურაც ავუტანეთ. სამწუხაროდ, ადგილობრივ  ბიუჯეტში მათთვის ასიგნებები გათვალისწინებული არ არის(!!!).

ფოცხოეწერში სკოლა არ არის, მაგრამ თუ მცხოვრებთა რაოდენობა გაიზრდება, სკოლასაც გავხსნით. გადაჭარბებულად მიმაჩნია ლაპარაკი იმაზე, რომ სოფელში კლიმატური პირობების გამო ხალხი ავადდება. ეს მითქმა-მოთქმა იმან გამოიწვია, რომ ფოცხოეწრის პირველმა ბინადრებმა აქაურობა დატოვეს, მაგრამ გასაკვირი არაფერია, ამ კორპუსებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოწვეული მუშები ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად და წლების წინ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ ვმსჯელობთ, როგორ შევუქმნათ ხალხს საარსებო პირობები.

ერთი-ორი მიკროსაამქროს ან თუნდაც ლიმონათის ჩამოსასხმელი ქარხნის აშენება ურიგო არ იქნება, აქაურებსა და დევნილებს დავასაქმებდით. დევნილები  საბოსტნე ნაკვეთებსა და  საყანე მიწებს ითხოვენ. ალბათ, პატარა ნაკვეთებს მათ სარგებლობის უფლებით გადავცემთ, საყანე ფართობები კი ენგურჰესთან ახლოს არ არის".

როცა სოხუმის კადრი ბაცდება!

"95 წლის დევნილი ანტისა ქვაცაბაია რეაბილიტირებული შენობის ერთ-ერთ ჩაბნელებულ ოთახში რომ  შეუშვეს, თურმე სახელი და გვარი ჰკითხეს. "გმადლობთ!" - უთქვამს ქალბატონ ანტისას პასუხად და  ფეხის კანკალით შესულა საცხოვრებელში. მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღია. "ბებო, ხომ არაფერი გიჭირს?" - ეკითხებიან დევნილები. მოხუცი უარის ნიშნად თავს გააქნევს და ისევ  ფიქრებში იძირება.

ანტისა ქვაცაბაია გალიდანაა, შვილიც იქ ჰყავს, რომელსაც მცირეანაზღაურებადი სამუშაო აქვს და დედას იშვიათად ნახულობს.

გულდამძიმებული მოვდივარ ფოცხოეწრიდან. ჯერ თვალწინ ქალბატონი ანტისას უმწეო სახე მიდგას, შემდეგ დევნილების წარსული. სოხუმელი მანანა დგებუაძის მონათხრობიც მახსენდება: "ალმოდებული სოხუმის გაბაცებული და ბუნდოვანი კადრი, ტყვეებად წასხმული ქართველები,…განგაში და აფეთქებისგან ფეხმოწყვეტილი ბიჭები...…უკვე იმედი გადაწურული მაქვს. ქალაქი დაეცა! ალბათ, წამებით ამოგვხოცავენ, - საშინელმა ფიქრმა გამიელვა. ამ დროს სოხუმს ერთი გემი მოადგა, ევაკუაცია დაიწყო. ყველანი გემს მივაწყდით. წარმოიდგინეთ სურათი:

უამრავ ადამიანს ამ ერთ გემზე უნდა ასვლა, ზოგი წყალში ვარდება, ზოგი ტირის, კივის... საშიIნელება ტრიალებს. ასეთი რამ მანამდე მხოლოდ  მეორე მსოფლიო ომის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში თუ მენახა. გემზე ფეხის დასადგამი ადგილი აღარ არის. ცრემლიანი თვალით თითქოს უკანასკნელად ვხედავ ცეცხლის ალში გახვეულ სოხუმს, ჯერ კიდევ ხელისგულზე გადაშლილ ქალაქს, რომელსაც თანდათან ვშორდები და სურათიც ნელ-ნელა ბაცდება, ჰორიზონტიდან იშლება. ეს არის ჩემი ბოლო მოგონება სოხუმზე".

KvirisPalitra.Geროდემდე უნდა ვიჯდეთ ნეხვში?!

"ჩვენი წარსული ტკივილს, აფხაზეთს უკავშირდება, აწმყო ნეხვში ცხოვრებას, მომავალი ბუნდოვანია!" - ამბობს მერხეულელი მაყვალა თოფურია. "როგორ მოხდა, რომ ვინმე გვესტუმრა ამ ტალახსა და წუმპეში, ჭაობსა და სიმყაყეში?" - კითხულობს გაოცებული გული კინწურაშვილი. შესაძლოა, მიხვდით, ფოცხოეწრიდან წამოსულმა მენჯის დედათა და ბავშვთა ყოფილ სანატორიუმში ჩასახლებულ დევნილებთანაც შევიარე.

მათ აქ აუტანელ ანტისანიტარიაში უწევთ ცხოვრება.

ეზოში კანალიზაციის ლიუკიდან ფეკალური მასებით დაბინძურებული წყალი ჩქეფს. ისე ყარს იქაურობა, რომ 15 წუთით გაჩერებაც  გამიძნელდა,

იქ კი ადამიანები აფხაზეთში დაბრუნების იმედით ცხოვრობენ.

პაპანაქება სიცხე იყო, რაც უფრო ამძიმებდა ვითარებას. ჩემდა გასაკვირად ეს შენობაც რეაბილიტირებულთა სიაში ყოფილა, რამდენიმე თვის წინ "გაურემონტებიათ" და დევნილები შეუსახლებიათ. კომპანიამ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულა, მაგრამ წყლის მილების გამოცვლა რატომღაც დაავიწყდა(!).

ეზოში ერთი ხელის გაწვდენაზე   მოჩანს ელექტროსადენები, ალაგ-ალაგ გვარიანად გადაქექილი. "აქ ბავშვები თამაშობენ, უამინდობამ ელექტროხაზები კიდევ დაბლა თუ დასწია, პატარებს საფრთხე შეექმნებათ", - შემომჩივლეს დევნილებმა.

"სოხუმში გაწკრიალებული ბინა მქონდა, ახლა ყელამდე ნეხვში ვზივარ და ვიხრჩობი! ღამე ფანჯარას ვხურავ ამ საშინელი სუნის გამო და ვიხუთები! ათასჯერ მაინც მივმართე  გამგეობას. ვიღაცები მოვიდნენ, ნახეს, რომ სარდაფები ფეკალური მასით არის სავსე და გამოსასვლელი ცელოფანებით ამოგმანეს. აუტანელი სუნი და სიმყრალე ძველებურად დარჩა.…კაციშვილი გამკითხავი არა გვყავს.

წყალს დაძველებული ავზიდან ვსვამთ, რომელიც  2-3 დღეში ერთხელ ივსება, საათ-ნახევრის განმავლობაში რიგში ვდგავართ და სახლიც  წყლიანი ჭურჭლით გვაქვს სავსე. ნადგომი წყალი მალე ჟანგისფერს იკიდებს, მისი მოხმარება ფაღარათს, კუჭის ტკივილს იწვევს. ადრე უკეთესი წყალი გვქონდა, მაგრამ კერძო პირის საკუთრება ყოფილა და გადაგვიკეტეს. როდემდე უნდა მოვითმინოთ ეს ჯოჯოხეთური ყოფა, როდემდე?!" - მეკითხება აღელვებული გული კინწურაშვილი.

გავა წლები და ჩვენ შორის აღარ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამდე აფხაზებსა და ოსებთან ერთად ძმურად ცხოვრობდნენ. ისინი ჩვენი ისტორიის ცოცხალი მემატიანეები არიან, მათ მოფრთხილება, პატივისცემა და ელემენტარული ადამიანური პირობები სჭირდებათ.