"თუ ერთხელ გაბედავ, ამ გრძნობას არაფერზე­ გაცვლი" - კვირის პალიტრა

"თუ ერთხელ გაბედავ, ამ გრძნობას არაფერზე­ გაცვლი"

"ორი წლის განმავლობაში ზიპლაინით სულ 50 000 კაცი დაეშვა და მათგან 40 000 გოგოა. ყველაზე ხანდაზმული კი 70 წლის ქალბატონი გავაფრინეთ"

ამ დღეებში ბოტანიკურ ბაღში მოვხვდი და შიშისგან კინაღამ გული გამისკდა, როცა ცაში გამოკიდებული ადამიანი დავინახე, რომელსაც მხოლოდ ერთი ბაგირი იჭერდა. ასე შევეჯახე პირველად ზიპლაინის ექსტრიმს.

ზიპლაინი საქართველოში ისე გავრცელდა, თურმე 70 წლის ქალბატონებიც "დაფრინავენ". ეს გამაოგნებელი ექსტრიმი 23 წლის ბიჭმა - გიორგი ჩინჩალაძემ წამოიწყო და პირველ "მგზავრობას" თავისი სიცოცხლე ანდო - ფასანაურში 20 მეტრის სიმაღლიდან არაგვს გადაუფრინა.

- რომ ნახავ, როგორ ეკიდებიან თოკებზე, შეიძლება შიშისგან მართლაც გული გაგისკდეს, მაგრამ თუ ექსტრიმის მოყვარული ხარ, შეიძლება მაინც გაბედო და გაქანდე! ეს ისეთი სიამოვნებაა, თუ ერთხელ გარისკე, მერე სულ ფრენა გინდა...

გადავწყვიტე, ეს საქმე წამომეწყო - ჩვენ ხომ მთებისა და სიმაღლისკენ ლტოლვა გენეტიკურად მოგვდგამს. პირველი 20-მეტრიანი ზიპლაინი ფასანაურში დავდგით. ულამაზესი ადგილია - არაგვს გადაუფრენ და ეშვები. პირველი მე გადავფრინდი და მეორე ნაპირზე დავეშვი. ენით აუწერელი სიამოვნებაა.

- არ გეშინოდა, რომ ბაგირი ჩამწყდარიყო? - რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას პირველად აკეთებ. შეიძლება ყველაფერი ვერ გათვალო და შედეგიც სავალალო აღმოჩნდეს, ამიტომ ბაგირზე ჯერ 45-კილოგრამიანი ტომარა დავკიდეთ და გავუშვით, მერე - 70-იანი, ამის შემდეგ კი მე დავეშვი.

რომ გითხრათ, საკუთარ სიცოცხლეზე ექსპერიმენტის ჩატარება სასიამოვნოა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ გაუბედავებს ბედი არ სწყალობთ... ეს გზა რომ მშვიდობით გადავიფრინე, გამარჯვების საოცარი გრძნობა დამეუფლა.

მერე ხალხიც მოვიდა... პირველ წელიწადს ფასანაურში ზიპლაინით დაახლოებით 7000-მა კაცმა გადაუფრინა არაგვს, მათ შორის - ტურისტებმაც, თუმცა უმეტესობა ქართველი იყო.

- მე კი მეგონა, რომ ექსტრიმი, ძირითადად, ტურისტებს იზიდავდა. - რას ამბობთ! რომ ნახოთ, მთებში რამდენი დავდივართ, მაგას არ იტყოდით! უამრავი ქართველი მთებისა და ექსტრიმის გარეშე ვერ ძლებს.

ფFასანაურის ზიპლაინის შემდეგ 30-მეტრიანი ზიპლაინი დაიდგა ბოტანიკურ ბაღში. ეს სხვამ გააკეთა, მაგრამ მე ვეხმარებოდი. ყველას გვერდით დავუდგები, ვინც ამ საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

- არც გასაკვირია - შენ ხომ შენი შექმნილი ზიპლაინის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ. - მხოლოდ ამიტომ არა. ხალხი სიცოცხლეს განდობს და ყველა ნიუანსი უნდა გათვალო, ყველა მოულოდნელობა გამორიცხო. წარმოიდგინეთ, ორი წლის განმავლობაში უკვე 50 000 კაცი გაფრინდა.

- სად იპოვეთ ამდენი უშიში? - ვინ გითხრათ, რომ არ ეშინიათ? თუ აზროვნებ, კიდეც გეშინია. პირველი დაშვებისას მეც ძალიან მეშინოდა, მაგრამ თუ ერთხელ გაბედავ, ამ გრძნობას არაფერზე გაცვლი.

ისეთი ხალხიც მინახავს, შიშისგან მაშინ რომ იხსნის ღვედს, როცა უკვე ბაგირზე უნდა მიაბა, მაგრამ თუ გარისკა და დაეშვა, ხელახლა ადის ბაგირზე.

ეს განცდა როგორ ავხსნა, არ ვიცი. ასეთი დროს ყველაზე მეტად გრძნობ, რომ სიცოცხლე მაგარია.

- ასეთი განცდისკენ ვინ უფრო მიილტვის - გოგონები თუ ბიჭები? მგონი, გოგონები უფრე გაბედულები არიან.... - თვითონ განსაჯეთ - 50 000 კაცი დაეშვა და მათგან 40 000 გოგოა! რაც შეეხება ასაკს, ზიპლაინზე ყველაზე ხანდაზმული 70 წლის ქალბატონი "გავაფრინეთ", თუმცა უცხოეთში 80 წლისებიც დაფრინავენ.