"მშობლ­ები, უმეტესად მარტოხელა დედები, გარკვეული­ თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან" - ძალადობისთვის განწირული აფხაზი არასრულწლოვნების "განაჩენი"
18-11-2018
"მშობლ­ები, უმეტესად მარტოხელა დედები, გარკვეული­ თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან" - ძალადობისთვის განწირული აფხაზი არასრულწლოვნების "განაჩენი"
რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ჰიმნის ავტორს, 70 წლის კომპოზიტორ ვალერი ჭკადუას პედოფილიის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ამ ფაქტმა რეგიონში არსებული სხვა პრობლემებიც წარმოაჩინა. კერძოდ, ბავშ­ვებთან დაკავშირებული დანაშაულები და ეს, ძირთიადად, უპატრონო ბავშვებს ეხება...
როგორც ირკვევა, 2018 წლის "გმირი" ჭკადუა ამ დანაშაულში ადრეც იყო შემჩნეული - წლების წინ ასევე არასრულწლოვან გოგონაზე­ იძალადა, თუმცა მაშინ აფხაზეთში გავლენიანი კომპოზიტორის წინააღმდეგ საქმე ჩაიფარცხა. მას შემდეგ, რაც მოსახლეობას დანაშაულებრივი ფაქტები დაუგროვდა, ბოლო
შემთხვევის გამოსააშკარავებლად მილიციას მიმართეს. მათ ჭკადუა სოფელ ეშერის მიტოვებულ სპორტულ ბაზაში 14 წლის გოგონაზე სქესობრივი ძალადობის დროს დააკავეს. როგორც გაირკვა, ჭკადუას საქმეში კიდევ მეტი დაზარალებულია. ბავშვები, რომლებზეც ჭკადუა მუდმივად ძალადობდა, გაჭირვებული ოჯახებიდან, ძირითადად, უდედმამოები ან ფსიქიკური პრობლემების მქონე მშობლების შვილები არიან.
ვალერი ჭკადუა
აფხაზურმა მედიამ­ გაავრცელა სიუჟეტი,
სადაც სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ჭკადუამ რამდენიმე მშობელს თანხა გადაუხადა და სანაცვლოდ მათ შვილების "გამოყენების" უფლება მისცეს.

"ისეთ ამბებს ვიგებთ ჩვენი მოსწავლეები­სგან, ხშირად ვფიქრობ, ყველაფერი მივატოვო და შორს გადავიხვეწო... მშობლ­ები, უმეტესად მარტოხელა დედები, გარკვეული­ თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან. მძიმე დღეში არიან ნარკომანი მამების შვილებიც... გოგონამ, რომელიც ბოლო შემთხვევის მსხვერპლი გახდა, მასწავლებელს შესჩივლა, რომ კომპოზიტორი ჭკადუა მუდმივად ძალადობდა მასზე და ამ დამცირების ატანა აღარ შეეძლო. მასწავლებელმა­ გოგონა დაარიგა, როგორც კი ჭკადუა კვლავ დააპირებდა ძალადობას, მაშინვე დაერეკა და შეეტყობინებინა მისთვის. 8 თებერვალს მასწავლებელს გოგონამ მართლაც დაურეკა და შეატყობინა, რომ ჭკადუას ეშერის მიტოვებულ სპორტულ ბაზაში მიჰყავდა. სწორედ მაშინ გამოიძახეს მილიცია და მოძალადე ფაქტზე დააკავეს", - ჰყვება აფხაზი მასწავლებელი.

იყო შემთხვევაც, როცა რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრმა, გავლენიანი პოლიტოკისის ძმამ, ასტამურ ჯოპუამ, არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა და ეს ფაქტიც გახმაურდა - ჯოპუასაც 20 წელი მიუსაჯეს. თუმცა აფხაზები წერდნენ, რომ გავლენიან პირებს იქ მოხვედრის სულაც არ ეშინიათ - მათთვის ციხეში განსაკუთრებული პირობებია.

აფხაზი საზოგადოების აზრით, რომ არა ამ ფაქტის რეზონანსულობა, ჭკადუა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, კიდევ არაერთ მოზარდს გააუბედურებდა. არსებული ვერსიებით, მას შინ, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაშიც მიჰყავდა გოგონები...


"ყველა დამნაშავე ვართ იმ მოზარდების წინაშე და ერთ დღეს რომ უარესად მოგვექცნენ, ღირსი ვიქნებით..."

ამ ფაქტს აფხაზი ინტერნეტმომხმარებლების უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა, ისინი ჭკადუას ლინჩის წესით გასამართლებასა და ე.წ. სახელმწიფო ჰიმნის შეცვლას ითხოვენ...
"პირველ რიგში, ეს ჩვენი ბრალია, ყველამ ვიცოდით ჭკადუას შესახებ და თვალს ვხუჭავდით, მეტიც, მასთან შვილები მუსიკალური განათლების მისაღებად დაგვყავდა, თანაც ჩაწყობით და ნაცნობობით... ვდუმდით, რადგან გვეგონა, ეს ჩვენ არ შეგვეხებოდა. ყველა დამნაშავე ვართ იმ მოზარდების წინაშე და ერთ დღეს რომ უარესად მოგვექცნენ, ღირსი ვიქნებით", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

"ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში მოძალადე მეზობელი დიდი ხნის განმავლობაში ძალადობდა ქართველ ბავშვზე, რომელსაც ბებია ზრდიდა. დედამისი დღიურ სამუშაოზე დადიოდა... მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ყველამ იცოდა, მეზობელს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. ბოლოს ბავშვი სხვა რაიონში მცხოვრებმა აფხაზმა ნათესავებმა შეიფარეს", - წერს ანგარიშში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კიარაზი".

"აფხაზეთის ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის ასიდა ლომიას თქმით, მას ხშირად აწვდიან ინფორმაციას უპატრონო მოზარდების შესახებ. ასეთი ბავშვები, გოგონები, დედების გზას ირჩევენ და მეძავები ხდებიან, ბიჭები კი ყაჩაღობენ, ხშირია მოზარდების გაყიდვის ფაქტებიც.

რამდენიმე წლის წინ გაგრაში ბაშკირე­თის ქალაქ დიურტრიულის მერის 21 წლის ქალიშვილი ლილია ისლამოვა დაიკარგა. მისი ოჯახი დიდხანს ცდილობდა შვილის კვალის პოვნას, თუმცა ძიება დღემდე მიმდინარეობს. პირი, რომელმაც გოგონა კატერით გასასეირნებლად ზღვაში შეიყვანა, დაკავებულია, იმის დადგენა კი, სად გაქრა გოგონა, ვერ მოხერხდა.

2015 წელს ასეთივე ბუნდოვან გარემოებებში სოფელ აგუძერიდან კიდევ ერთი 17 წლის გოგონა დაიკარგა, თუმცა ვერც მის კვალს მიაგნეს. როგორც ამბობენ, გოგონებს იტაცებენ და თურქეთში სექსუალურ მონებად ყიდიან.

"აფხაზური მილიციის თანამშრომლებს ფეხსაცმელიც არა აქვთ, რომ ქუჩაში გავიდნენ"


ადგილობრივი მედიის ცნობით, სოხუმში ბავშვთა ცენტრის მშენებლობის გეგმა­ არსებობს, მიწის ნაკვეთიც კი გამოყოფილია, თუმცა უცნობია, ვინ არის მზად ამ მშენებლობის დასაფინანსებლად. ე.წ. ხელისუფლებას ამ საკითხზე პასუხი არა აქვს, პირად­ საუბრებში კი ამბობენ, რომ ამას დიდი თანხები სჭირდება, რომელიც რეგიონს არ გააჩნია.

მოსახლეობა ჩივის, რომ მილიციას მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება აქვს და ის თითქმის არაფერს აკეთებს. ხშირად ტელეფონსაც არ პასუხობენ და გამოძახებაზე­ არ გადიან, ან ძალიან გვიან გადიან, მაშინ, როდესაც დამნაშავე უკვე გაქცეულია. მოსახლეობის პრეტენზიებს ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა ასე პასუხობს:

"მილიციის თანამშრომლებს ელემენტარული ფორმა არა აქვთ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ფეხსაცმელიც არა აქვთ, რომ ქუჩაში გავიდნენ. აღარაფერს ვამბობ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომ გამოძახების შემთხვევაში დროულად გავიდნენ. ამ ვითარებაში მათ კანონის დაცვასა და შესრულებას მკაცრად ვერავინ მოსთხოვს".

ლალი პაპასკირი
ანა
22 ნოემბერი 2018 10:24
ის რომ აფხაზი ერი ნადგურდება და დეგრადირდება ჩვენი ტრაგედიაცაა.კავშირზე რომ გამოდიოდნენ შეგვიძლია მათი დახმარება თუნდაც პოლიციის შემოსვა და აღჭურვა,მის გარეშე დაუცველი იქნება ხალხიც და ქვეყანაც.მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ესმით.საღი აზრი ვერ ვერ გაიმარჯვებს სანამ ჩვენგან მტრის ხატს ქმნიან
ლალი
20 ნოემბერი 2018 10:48
ესაა რუსეთი, ხომ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ რუსებს არც აფხაზი არც ოსი არ აინტერესებს! მათ მხოლოდ ქართული ტერიტორიები აინტერესებთ! აუცილებლად დადგება დრო, როცა ისტორიული აუცილებლობა ჩვენს სასარგებლოდ მოტრიალდება და ისევ ერთიან ქვეყნად გვაქცევს!
sergo
19 ნოემბერი 2018 12:01
ubralo chveulebri macxovreblebs archevans aravin ekitxeba..

რედაქტორის რჩევით