"9-10 წლის ვიყავი, როცა ბიძამ პირველად წამიყვანა არხოტში. რომ მივედით, მითხრა, აი, შენი მამულიო. მას მერე მეძახდა მთა" - კვირის პალიტრა

"9-10 წლის ვიყავი, როცა ბიძამ პირველად წამიყვანა არხოტში. რომ მივედით, მითხრა, აი, შენი მამულიო. მას მერე მეძახდა მთა"

"წელს თემმა სალოცავში დაიფიცა, რომ აღარ ინადირებენ"

არხოტის ხეობას ხუთი ახალგაზრდა რეინჯერი დაუბრუნდა. ამ ბიჭებმა ბუნების ყველა საიდუმლო იციან, იცნობენ ყველა უღელტეხილს, ხეობების გასასვლელს, ტყეების ბილიკებს. გაგა ცისკარაული ერთი წელია, რაც რეინჯერის უნიფორმით დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს. ამბობს, ხევსურეთის სიყვარულში ვერავინ შემეჯიბრებაო და ამას საქმითაც ამტკიცებს.

- 24 წლის ვარ, ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს კუთხეში გამოჩნდა დასაქმების პერსპექტივა, რამაც ძალიან გამახარა. ჩვენი სამსახური ახალშექმნილია, ჯერჯერობით ხუთნი ვართ - ჯგუფის უფროსი ზეზვა წიკლაური და ოთხი რიგითი რეინჯერი: იმედა ნაროზაული, გიორგი და ზვიად წიკლაურები და მე. წარმოშობით არხოტელი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არაფერი გამაჩნია.

სანამ მუშაობას შევუდგებოდი, მეუბნებოდნენ, ვერ გაუძლებ, მარტოობაში ყოფნა ძნელიაო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მართალია, გარე სამყაროს მოწყვეტილი ხარ, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი აქვს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ფართობი 24 ჰექტარია, მცენარეთა 1213 და ძუძუმწოვრების 55 სახეობით. საბედნიეროდ, ბრაკონიერობის ფაქტები აღარ არის. მე და იმედა არხოტში ვიცავთ ფლორასა და ფაუნას, ამასთან, ბევრი ტურისტი დადის და მათი უსაფრთხოების დაცვაც გვევალება.

ჯერჯერობით ჩვენთვის ეს პროფესია სიახლეა, ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, მაგალითად, ჯერ არ გვაქვს აბრები და ამკრძალავი ნიშნები, ერთი დიდი ტრაფარეტის გარდა, რომელიც გვამცნობს, რომ ეს დაცული ტერიტორიაა. ტურისტებს სულ ეშლებათ - ჯუთადან გადმოსულები ჩადიან არხოტში, როცა სურთ, რომ როშკაში მოხვდნენ. უზარმაზარი ტერიტორიაა და ნიშნები რომ არ არის, გზა ებნევათ, ზოგს თვითმფრინავზე აგვიანდება და ავტომანქანით გადაგვყავს. ცხენით, ავტომანქანით, ზამთარში კი ვერტმფრენით გვიწევს გადაადგილება. ხეობა ძალიან ვიწროა და სახიფათო. სულ ქვები ცვივა, მაგრამ ულამაზესია. იქაური ყველა გზა და ბილიკი ვიცი, ბავშვობიდან მეტწილად აქ ვატარებდი დროს. დანარჩენმა რეინჯერებმა ჩემზე უკეთ იციან იქაურობა. ამიტომაც იყო, რომ გარემოს დამცველების შერჩევისას აქცენტი უფრო ადგილობრივებზე გაკეთდა.

მე იმან მიშველა, რომ ხევსურეთში წლების განმავლობაში გადავდიოდი და ადგილობრივებს ვეხმარებოდი, მათ მასწავლეს, რომ როცა ხეს ჭრი, ხამად არ უნდა მოჭრა, თუ ერთ ადგილზე სამი ხეა, ორს ტოვებ და ერთს ჭრი. როცა სამინისტროში ტრენინგი ჩაგვიტარეს, მითხრეს, სოფლის მოსახლეობას აუხსენიო. ვუთხარი, ამას ისინი აქეთ გვასწავლიდნენ-მეთქი.

ხევსურები ძალიან უფრთხილდებიან მცენარეულ საფარს. ჩვენში გავრცელებულია არყის ხის უნიკალური ჯიშები.

- თქვენს საქმიანობას თან სდევს რისკები, ხიფათი... - ჩვენ, ფაქტობრივად, მესაზღვრეებიც ვართ. შატილი, მუცო, არხოტი სასაზღვრო სოფლებია. ჯერჯერობით არ გვაქვს აღჭურვილობა, ახლა იწყება ამ სფეროს განვითარება. ერთხელ ზვავში მოვყევი. სულ მაფრთხილებდნენ, მაგრამ ეტყობა ვერ შევაფასე საშიშროება - თოვლის საფარზე გავიარე, გაიჭრა და ჩამიტანა, თავიღა მიჩანდა. მოვახერხე და ამოვძვერი. ექსტრემალურ სიტუაციებშიც გვიწევს მუშაობა. მაგალითად, გასულ წელს ბევრი ხანძარი იყო ხევსურეთში, არხოტში მთა დაიწვა მთლიანად. ხანძრის ლოკალიზებაში ჩვენთან ერთად აქაურებიც იყვნენ ჩართული.

- თქვენს მხარეში მტაცებლებიც მრავლად არიან. - მთელი წელიწადი მგლები ეზოებში შედიოდნენ და მოსახლეობას ერთ საათში 13 სული ხბო შეუჭამეს, ცხენებსაც გაჰკრეს კბილი. თითქმის ყველა სახეობის ცხოველია გავრცელებული. წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიდან ფოცხვერი, არჩვი, ჯიხვი, მურა დათვია. წელს ნიამორიც გამოჩნდა, რაც იშვიათობაა (ჯერჯერობით სამი ცალია), ფრინველებიდან კი არწივი, სვავის სახეობა - ბატკანძერა, არიან გადამფრენი იხვებიც. სანამ ჩვენი სამსახური ჩამოყალიბდებოდა, მთის ხალხი წლების განმავლობაში ნადირობდა, მაგრამ წელს თემმა სალოცავში დაიფიცა, რომ აღარ ინადირებენ.

- შენი თანატოლები დედაქალაქისკენ გარბიან, არ გიჭირს? - ძნელია, მაგრამ სასიამოვნოც არის. ისე, ბოლო დროს ვატყობ, რომ მეტყველება მიჭირს, ვინაიდან არა მაქვს ადამიანებთან კონტაქტი. სამაგიეროდ, ფიქრისთვის ბევრი დრო მაქვს. არხოტში მაღაზია არაა, პროდუქტი უნდა აიტანო, ათასი წვრილმანი გჭირდება, ძნელია იქ ცხოვრება.

სოფლები დაცლილია. ხალხს უხარია, რომ გვხედავს. სოფელში მოხუცები ცხოვრობენ და თუ რამე გაუჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან, მათთვის დიდი იმედი ვართ. თუ ტურიზმი განვითარდა, მხარეს ეშველება. ამ ზაფხულს სულ ახალგაზრდების მიმოსვლა იყო, ჩვენი სამეგობროც ამოდიოდა კარვებით. ერთი სიტყვით, ავახმაურეთ კუთხე.

ქალაქს ვერაფრით შევეგუე. წელიწადში 2-3 ჯერ ჩამოვდივარ და ყველა ჯერზე ვრწმუნდები, რომ აქ არ არის ჩემი ადგილი. 9-10 წლის ვიყავი, როცა ბიძამ პირველად წამიყვანა არხოტში. მაშინ ცუდი გზა იყო, არც ცხენი გვყავდა და სოფლამდე 30 კილომეტრი ფეხით უნდა გაგვევლო. არხოტში რომ მივედით, მითხრა, აი, ესაა შენი მამულიო. ჩემ თვალწინ ულამაზესი პეიზაჟი გადაიშალა, ის მომენტი არ იშლება ჩემი მეხსიერებიდან. მას მერე მეძახდა მთა.