"ჩვენ თვალთმაქცი საზოგადოება ვართ"
17-11-2018
"ჩვენ თვალთმაქცი საზოგადოება ვართ"
"ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც თვლის, რომ ჩვენზე კარგები არსად არიან... შემდეგ უცებ დგება პერიოდი, რომ ყველაზე საზიზღრები, შუღლიანები, ბოროტები ვხდებით"

"შენ კი არ მინდიხარ თვითონ, მე ეს სიყვარული მინდა, / ყოველდღე იმედი თითო მიქრება ზაფხულის ბინდად, / ხან ვფიქრობ მიყვარხარ ვითომ, გულია ნაზი და წმინდა, / ო, შენ არ მინდიხარ თვითონ, მე ეს სიყვარული მინდა", - … ეს ლექსი ლანა ღოღობერიძემ 13 წლის ასაკში დაწერა, ახლა კი მის 90 წლის
იუბილესთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით გაიმართა, აუდიტორიას რეჟისორი ამ ლექსს უკითხავს. "გახუნებულ თბილისს ლანას ფილმები აფერადებდნენ", - ასე აფასებს მაყურებელი რეჟისორის შემოქმედებას.

"ჩუმად თუ რამეს იტყოდი, გმირობის ტოლფასი იყო"


- ძალიან ძნელია წარმოიდგინო ამ გადმოსახედი
დან, როგორ ვიცხოვრეთ იმ პერიოდში, როგორ გავატარეთ ბავშვობა და ახალგაზრდობა, ეს საშინელება იყო, გარშემო მხოლოდ შიში მეფობდა, - ვინ დაიჭირეს, ვინ წაიყვანეს, ვინ დახვრიტეს... თავისუფალი სიტყვა არ არსებობდა. ჩუმად, სადღაც სამზარეულოში ვინმე რამეს თუ იტყოდა, ეს გმირობის ტოლფასი იყო. პოეზია იყო მაშინ ჩვენი ნავსაყუდელი. 15 წლის ვიყავი, როცა ანა კალანდაძის ლექსები, ხელნაწერი გავრცელდა და ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი სულიერი საზრდო.

"ცხოვრებამ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე", - ვაჟას ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ჩემს თაობას, ეს ცხოვრების ფორმულაა, რადგან შავი ძალიან ბევრია ცხოვრებაში და დანარჩენი, რაც დაგატყდება თავს, პოლიტიკური კატაკლიზმები იქნება თუ სოციალური, უნდა შეებრძოლო. ასეა ხელოვნებაშიც... ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც თვლის, რომ ჩვენზე კარგები არსად არიან -"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაფერი საუკეთესო გვაქვს, მთელი ერი დარწმუნებული ვართ, რომ ასეთია ჩვენი ბუნება. შემდეგ უცებ დგება პერიოდი, რომ ყველაზე საზიზღრები, შუღლიანები, ბოროტები ვხდებით. რა თქმა უნდა, არც ერთი არის მართალი და არც მეორე. ჩვენ თვალთმაქცი საზოგადოება ვართ. ჩვენთვის დამახასიათებელია ქალის გაღმერთება სუფრაზე, თამადა, რომელიც სვამს ქალის სადღეგრძელოს და მერე წავა სახლში და რას გაუკეთებს მის გვერდით მყოფ ქალს, არავინ იცის.

თუ რამე გვაქვს ფასეული, თვითმყოფადი, ისეთი რომ ყოველთვის და ყველგან­ დაიმკვიდრო შენი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ეს ჩვენი კულტურაა. თუ რამე განსაკუთრებული გვაქვს, ეს ადამიანური ურთიერთობებია. ევროპელებისგან განსხვავებით, ქართველებს გაცილებით თბილი მეგობრობა შეგვიძლია.

"დედა 17 წლის ასაკში გავიცანი"


17 წლის ვიყავი, როცა დედა აღმოვაჩინე. ის 7 წლისამ დავკარგე და უკვე 17 წლისა შევხვდი უცხო ადამიანს, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დედაჩემი იყო. მე აღმოვაჩინე საოცარი თვისებების ადამიანი. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ არასდროს ლაპარაკობდა წარსულზე, თითქოს არც ყოფილა, ვიცოდით, რომ რეჟისორი იყო, მაგრამ არასდროს უთქვამს, რა ფილმი გადაიღო. გულის სიღრმეში სულ მქონდა შიში, იქნებ იმდენად უინტერესო ფილმები გადაიღო, რომ ლაპარაკიც არ უნდა-მეთქი. არადა, როდესაც აღმოვაჩინე დედაჩემის "ბუბა", აღფრთოვანება ვერ დავმალე. მისი პირველი ფილმის მხატვარი იყო დავით კაკაბაძე, მეორე ფილმის - პეტრე ოცხელი, ამ საოცარ ადამიანებთან მუშაობდა.

"პოლიტიკური პრინციპები თუ ადამიანური თანაგრძნობა?


"მინდვრის ყვავილები" - ასე ჰქვია ჩემს ახალ ფილმს. ზაირა არსენიშვილის (სცენარისტი) გარდაცვალების შემდეგ მეგონა, ვეღარ დავწერდი სცენარს, მაგრამ ვცადე და დავწერე ის, რაც მაწუხებს, რასაც ვფიქრობ, რითიც მოვედი დღემდე. არა აქვს მნიშვნელობა, როგორც ჩემი გმირი ამბობს, 30-ის ხარ, 50-ის თუ 70 წლის, თუ ცხოვრების ინტერესი არ გაგნელებია და ყველა წვრილმანი გიხარია, ყველაფერი საინტერესო წინ გაქვს. პრაქტიკულად, ამაზეა ეს ფილმი. მთავარ პერსონაჟს თამაშობს ნანა ჯორჯაძე, მას და მის 10 წლის დროინდელ, როგორც თვითონ ამბობენ, შეყვარებულს სატელეფონო რომანი აქვთ გაბმული. შეყვარებულის როლს ზურა ყიფშიძე თამაშობს. ის, რასაც ბოლოს ამბობს ჩემი გმირი, ძალიან მნიშვნელოვანია - შეყვარ­ებულს ეკითხება,"როგორ გგონია, რა არის მთავარი ცხოვრებაში, პოლიტიკური პრინციპები და მისი ერთგულება თუ ადამიანური თანაგრძნობაო? კაცი პასუხობს:
- რა თქმა უნდა, თანაგრძნობა.

- პრინციპების გარეშე ხომ ცხოვრებაც არ შეიძლება?
- განა თანაგრძნობა პრინციპი არ არის?!" აი, ეს არის დღეს ჩემი მამოძრავებელი. ისე მთრგუნავს ეს სიძულვილი, შუღლი,­ რაც მოდის განსაკუთრებით ტელევიზიებიდან, ამის დაძლევა მგონია მთავარი. კამა­თი აუცილებელია სწორედ იმისათვის, რომ ისევ საბჭოთა სინამდვილეს არ დავუბ­რუნდეთ, სადაც ერთი აზრი უნდა ყოფილიყო გამეფებული, მაგრამ პრინციპების დაცვა არ უნდა ნიშნავდეს მეორე ადამიანის სიძულვილს. ცენზურასთან ბრძოლა იყო ჩემი თაობის მთავარი ბრძოლა, თქვენ კი მართლა თავისუფლები ხართ და თავისუფლება უნდა მოირგოთ!

444444
18 ნოემბერი 2018 13:21
პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა მიაკუთვნოთ! კარგად გვახსოვს თქვენი პოლიტიკური "დამსახურებები"!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები