"ივანიშვილის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს!" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს!"

სურვილი მაქვს ბიძინა ივანიშვილმა ღია ეთერში გამცეს კითხვებზე პასუხი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა, სადაც ამ წუთებში შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

ზაზა სარალიძის თქმით, მას სურს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოს კითხვებს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც მის მიმართ ამბობს.

"ჩემი სათქმელი მთელი სახელმწიფოსთვის ნათქვამი მაქვს უკვე. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს პირადად ჩემთვის სათქმელი ეგ მაინტერესებს. თავის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს. რეალური პასუხების და კითხვების თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს. თუ არ უნდა შეხვედრა არ დავაძალებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირდაპირ, ღია ეთერში გამცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა ბრალდებებიც წამოვიდა ჩემ მიმართ. ან თუ არ არის ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ის ვინც უთხრა, რომ ზაზა სარალიძე ასეთიაო, ის ხალხი გამოიყვანოს და მოახდევინოს ბოდიში. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ადამიანია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდები, ვინც ოჯახის მიმართულებით ტალახს ისვრის", - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი აქციის მიზანია, რომ თავი შეახსენოს ხელისუფლებას, რომ "მკვლელების დასჯამდე ბრძოლას არ შეწყვეტს".

იხილეთ ასევე: ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

იხილეთ ვიდეო