"ცხვარი კი არა, ხუთი ფერმა უნდა დაკლა, ძმაო!" - კვირის პალიტრა

"ცხვარი კი არა, ხუთი ფერმა უნდა დაკლა, ძმაო!"

თვითონვე ამოძვრა დაზიანებული სახურავიდან და იქვე მდგომთ უთხრა, გადმოვვარდი და დამარეკვინეთო. უთქვამს, არქიტექტორი ვარ და მე-15 სართულზე რაღაცას ვზომავდიო

რაც ახლა უნდა გიამბოთ, ფანტასტიკური ჟანრის ფილმს ან კომედიას უფრო ჰგავს, მაგრამ დამიჯერეთ, სინამდვილეა - 30 ოქტომბერს თბილისში, აკაკი წერეთლის #91-ში მე-14 სართულიდან 25 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა და გადარჩა! სოციალურ ქსელში ამ ახალგაზრდას, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ქართველი სპაიდერმენი შეარქვეს...

თამარ ჩეჩელაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის პიარსამსახურის ხელმძღვანელი: - 25 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნა იყო. პაციენტი შემოსვლისთანავე მოთავსდა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ყველა საჭირო კვლევა. დაუდგინდა მხოლოდ ზედაპირული დაჟეჟილობა. მან კლინიკაში რამდენიმე საათი დაყო, მერე კი გაეწერა. როგორც განაცხადა და საპატრულო სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა, ის წერეთლის გამზირზე, მრავალსართულიანი სახლიდან გადმოვარდა. თქვა, ფეხი დამიცდაო. შემოწმდა და ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობა არ დადასტურდა.

მომხდარს "კვირის პალიტრასთან" წერეთლის #91-ში მცხოვრებნი იხსენებენ.

კახა მახარაძე: - გარედან საშინელი დახეთქების ხმა გავიგონე. ფანჯრიდან გადმოვიხედე და დავინახე, რომ კორპუსის წინ ავტოფარეხის სახურავი იყო ჩამტვრეული. ვერ მივხვდი, რა მოხდა, იმიტომ, რომ არც უყვირია. ეტყობა, ერთხანს უგონოდ იყო, მალე თვითონვე ამოძვრა დაზიანებული სახურავიდან და იქვე მდგომთ უთხრა, გადმოვვარდი და დამარეკვინეთო. უთქვამს, არქიტექტორი ვარ და მე-14 სართულზე რაღაცას ვზომავდიო.

ხარება მელაძე: - ეზოში ვიყავი და ცოტა მოშორებით ვიდექი იმ ავტოფარეხიდან, რომელსაც დაეცა... ჯერ, ეტყობა, უგონოდ იყო, მერე კი თავისი ფეხით ამოვიდა.

ავტოფარეხის დამქირავებელი: - ავტოფარეხის პატრონმა დამირეკა, მთხოვა, სასწრაფოდ მოდიო... მითხრეს, ვიღაც ბიჭი გადმოხტა თუ გადმოვარდა, მაგრამ გადარჩაო. პუფებით მქონდა გამოტენილი იქაურობა, რამდენიმე პუფი დაზიანდა, ავტოფარეხის პატრონის ნივთებიც გაფუჭდა, მაგრამ ეგ რა სათქმელია... ისე, ძალიან გაუმართლა.

მეზობელი იხსენებს: - არაადეკვატურად იქცეოდა. მეეჭვება, მართლა არქიტექტორი ყოფილიყო. არც ერთმა მცხოვრებმა არ იცის, რატომ იყო სადარბაზოში, რას ზომავდა, ან ვისი დაკვეთით. რომელიმე მეზობელს ხომ უნდა დაეკვეთა რაღაც, რატომ არავინ არაფერი იცის? თან გონზე მოვიდა თუ არა, ამოძვრა და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი არ დაელოდა, უმალ გაუჩინარდა, თუმცა, როგორც გავიგეთ, საავადმყოფოში მაინც "სასწრაფოს" მიუყვანია...

მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ:

"მაგან უნდა თქვას, ბედი მაქვსო, აბა, ქუთაისში ჩემი მეზობელი სკამიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა."

"პუფების პატრონს სამოთხე გარანტირებული აქვს," - ასკვნის მესამე.

"ცხვარი კი არა, ხუთი ფერმა უნდა დაკლა, ძმაო!" - გაკვირვებულია ვიღაც.

ავტოფარეხის პატონს ვერ გავესაუბრე, კორპუსის რამდენიმე ბინადარმა კი მითხრა, პატრონი ითხოვს, იმ ახალგაზრდამ სახურავი აღმიდგინოსო.