"ახალგაზრდა ქალები რომ სხედან სუფრასთან და იგინებიან, ვერ ვხვდები, ამით რას გამოხატავენ" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა ქალები რომ სხედან სუფრასთან და იგინებიან, ვერ ვხვდები, ამით რას გამოხატავენ"

"მირჩევნია, ქალი სუფრის წევრი იყოს და არა - თამადა!" - ვის არ აქვს სუფრის გაძღოლის უფლებ

"...როცა ვთამადობ, პირველად მადლობას ვუხდი უფალს, ასეთი კარგი დღე რომ გაგვითენდა და ისევ ახლობლებს ვხედავ გაღიმებულებს, მათ ვეფერები, თან - ჩემს ასაკში. თამადამ შენი ოსტატობით ჩხუბი და აყალმაყალი უნდა ააშორო სუფრას! იქაურობას უნდა მოუარო, რომ საკამათო ნაკლებად იყოს! პოლიტიკაზე თუ დაიწყებ ლაპარაკს, მაშინვე ყველაფერი აიშლება. დღეს ყველა პოლიტიკოსია და რომ იკითხო, ყველას შეუძლია საქართველოს პრეზიდენტობა, მაგრამ მთლად ეგრეც არ არის საქმე!" - ცნობილი მსახიობი, იმედა კახიანი ქართული სუფრის ტრადიციებზე გვესაუბრა.

- სამაგალითო თამადებიდან პირველ რიგში, დათუნა აბდუშელიშვილი მახსენდება. ეს იყო ჭიათურელი კაცი, რომლის სუფრის თავში დანახვა თვალსაც ესიამოვნებოდა. საოცრად უხდებოდა ჩოხა! ძველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ... ზრდილი იმერელი კაცი იყო და მთელი სუფრის განმავლობაში ისეთ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდა, სადაც მთავარი იარაღი მისი "ბასრი" იუმორი იყო. ვინც დაუფიქრდებოდა, ხვდებოდა, რომ ამ იუმორში ძალიან დიდი სიბრძნეც იდო. ყველა მისი სიტყვიდან გონიერება გამოსჭვიოდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მისი სუფრა ერთგვარი სკოლა იყო! აბა, კარგი თამადა ის კი არ არის, ვინც ბევრ ღვინოს სვამს! პირიქით - თამადა ცოტას უნდა სვამდეს და სიმთვრალე არ ეტყობოდეს! თამადობა მომსახურებაა იმ ხალხის, რომლებიც სუფრასთან სხედან და პატივისცემა იმ ოჯახის, რომელმაც ეს პასუხისმგებლობა მოგანდო... ოჯახმა ხარჯი გაიღო, იშრომა, იწვალა და შენ გევალება, სტუმრებამდე ეს ყველაფერი კარგად მიიტანო! განათლებისა და იუმორის გარეშე, კარგი თამადა ვერ წარმომიდგენია.

- გამორჩეულ თამადებს შორის სიმონ სხირტლაძეს ასახელებენ. მისი თამადობა გინახავთ?

- სიმონიკა სხირტლაძე მართლაც, გამორჩეული თამადა იყო! გალაკტიონ ტაბიძე რომ იჯდა სუფრასთან, მაშინაც სიმონიკა თამადობდა. იგი სოლოლაკში ცხოვრობდა და გალაკტიონი ხშირად სტუმრობდა. მის ძველ, პატარა სახლში რემონტი რომ გააკეთეს, არაფრით გამოცვალა კარის სახელური, - ამას გალაკტიონი ეხებოდაო... სიმონ სხირტლაძე

ქართველებს სამაგალითო თამადები გვყავდა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველას არ აქვს თამადობის უფლება! კაცი შეიძლება, გალექსილი იყოს, კიდევაც ოხუნჯობდეს, მაგრამ თუ კარგი პიროვნება არ არის, მის მიმართ სიმპათიით ვერ განეწყობი! მასთან ერთად არც ქეიფი გინდა და აღარც მოლხენა!.. შესანიშნავი თამადა გახლდათ ოთარ ლითანიშვილი. იგი არქიტექტორი იყო, თბილისის ყოფილი მერი, დიდებული პიროვნება, განათლებული და მუსიკალური. ძალიან ღრმად განსწავლული გახლდათ ხელოვნებაში. მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა ერთი დიდი სიამოვნება იყო!

- ამბობთ, თამადამ იმდენი არ უნდა დალიოს, რომ დათვრესო. ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- კიდევ ვიმეორებ, არ მიყვარს, თამადა რომ თვრება! მაგალითად, მამაჩემი სულ სვამდა, მაგრამ მთვრალი არ მინახავს. მთვრალ კაცს ბევრი რამე შეგეშლება... კიდევ უფრო ცუდია, ერთ ადგილზე რომ დათვრება კაცი და მერე სხვა ოჯახში მიდის სტუმრად. შეიძლება, კარგი ადამიანია, მაგრამ ნასვამი და გათიშული რომ მივა, მასპინძელს მაინც შეაწუხებს.

- თქვენ რა პრინციპები გაქვთ თამადობის დროს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რა საზოგადოებაში ვარ თამადა. უცხო ხალხში სუფრის წინამძღოლობას არ ვიკისრებ და არც არავინ ამირჩევს! ახლობლებთან რომ ვთამადობ, პირველად მადლობას ვუხდი უფალს... ვცდილობ, სუფრას ისე მოვუარო, საკამათო რამ ნაკლებად იყოს! სუფრაზე კი არა, ცხოვრებაშიც იმის სურვილი მაქვს, ორ მოდავეს შორის საქმე ისე მოვაგვარო, რომ ერთმანეთთან ტკბილად იყვნენ. შეიძლება, ადამიანი შეცდეს, მერე კი ეს ინანოს. ამიტომ მას უნდა დაეხმარო, რომ თავი დამცირებულად არ იგრძნოს და თან - საკუთარი შეცდომის აღიარებაც შეძლოს.

- თქვენს კოლეგებს სუფრასთან თამამი ხუმრობებიც უყვართ. ეს მოგწონთ?

- რასაკვირველია, ჩემს კოლეგებთან ხშირად ვყოფილვარ თამადაც და სუფრის წევრიც. ვერ ვიტყოდი, რომ იქ ზღვარგადასული ხუმრობები იყო. იუმორი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არასოდეს უნდა გადადიოდეს ბილწსიტყვაობასა და ძალადობაში! ზოგიერთს მართლაც, ზედმეტი მოსდის. ახალგაზრდა ქალები რომ სხედან სუფრასთან და იგინებიან, ვერ ვხვდები, ამით რას გამოხატავენ. ვფიქრობ, ეს მათ დაბალ დონეზე მეტყველებს... რეჟისორი თამაზ მელიავა უაღრესად რაფინირებული პიროვნება გახლდათ. ღრმად განათლებული კაცი იყო და ყველა ყურადღებით უსმენდა, მის რჩევა-დარიგებებსაც ყველა ითვალისწინებდა. მას დიდი იუმორის გრძნობაც ჰქონდა. ვერ იტანდა სუფრასთან ფიზიკურ შეხებას, კბენას, ღრიანცელს და ეს არც არის მოსაწონი. ერთხელ სუფრაზე მსახიობმა ბილწსიტყვაობით ძალიან მოაბეზრა თავი, მერე სიყვარულით ყურზე ისე უკბინა, ლამის მოაჭამა. თამაზმა მთხოვა, სუფრას გავეცალოთო. რომ მოვდიოდით, ვუსაყვედურე: რა არის, კაცო, ხომ ხედავ, როგორ უყვარხარ და ყველაფერი სიყვარულით დაემართა-მეთქი. მიპასუხა, - მე მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დავამთავრე, პროფესიით რეჟისორი ვარ და ეს პროფესია ადამიანებთან ყოფნას ნიშნავს, მხეცებთან საურთიერთოდ კი მოსკოვში ცირკის სასწავლებელიც აქვთო... მართალი იყო ის კაცი!

- კოლეგებს შორის გამორჩეული თამადა ვინ გახსენდებათ?

- სპარტაკ ბაღაშვილს შესანიშნავი მეუღლე ჰყავდა. გააკეთებდა ხოლმე სახლში პატარა პურმარილს და ახალგაზრდებს გვპატიჟებდა. ჩვენთვის ეს დიდი ბედნიერება იყო! სპარტაკ ბაღაშვილის მსგავსი თამადა არსად მეგულება! ხავერდოვანი ხმით, საოცარი ქართულით მეტყველებდა და სიბრძნეს აფრქვევდა. ყოველ მის სიტყვას პირდაღებული ვისმენდით. აი, ის იყო ნამდვილი ქართველი, იდეალური თამადა! მახსოვს, მის სუფრასთან ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა სადღეგრძელო წარმოთქვა და ბილწსიტყვაობა შეურია. სპარტაკი მასპინძელი იყო, განსაკუთრებულ სისასტიკეს ვერ გამოიჩენდა და ამიტომაც უთხრა: ყმაწვილო, თავი ცარიელ ქარქაშს მიგიგავს და ენას ახმალავებო... ეს ხუმრობით ნათქვამი იყო, მაგრამ მიახვედრა, რომ ადამიანს რაც ენაზე მოადგება, ყველაფრის თქმის უფლება არ აქვს.

- ქალების ბილწსიტყვაობა არ მოგწონთ, მაგრამ უდიდესი ქართველი მსახიობი - სესილია თაყაიშვილიც ხომ იყენებდა უცენზურო სიტყვებს?

- სესილია თაყაიშვილთან ერთად სუფრაზეც ვყოფილვარ, ოჯახშიც, ბევრ ფილმზე ერთად გვიმუშავია, მაგრამ მისი ბილწსიტყვაობა არ მახსენდება. შეიძლება, რუსულად შეეგინებინა და ერთი ორი სიტყვა ეთქვა უცენზურო. სესილია არავის არასოდეს ლანძღავდა და არ დასცინოდა... ვერავინ ვერასოდეს ვერ ასწავლიდა, რა და სად უნდა ეთქვა! თანაც, რაც სესილიას ეპატიებოდა, ის არც მე და არც სხვას არ ეპატიება!

ოთარ ლითანიშვილი

ქართველი სადაც მოხვდება სუფრაზე, ყველგან აღიარებენ, რომ ის უნდა იყოს თამადა... ერთი ჩვენი შესანიშნავი, ქუთაისელი მეგობარი მოსკოვში, დაბადების დღეზე მოხვდა. ეს კაცი მეტისმეტად მწყრალად იყო რუსულთან, მაგრამ გადაეკიდნენ, - გინდა თუ არა, შენ უნდა იყო თამადაო. იმ პერიოდში ჩვენი ძმა და მეგობარი, გიზო გაბისკირია მოსკოვში იყო. ჰოდა, ამ კაცს მხსნელად სწორედ გიზო მოევლინა: გადიოდა მეორე ოთახში, გაბისკირიას ურეკავდა და მის ნაკარნახევს ქართული სიტყვებით იწერდა. ასე ითამადა და იმდენად არტისტულად, რომ რუსებს ეგონათ, განგებ თუ ამახინჯებდა რუსულ სიტყვებს. თავისი ნიჭიერებით სუფრას საოცრად გაუძღვა,ყველა გადარია... ასე რომ, თამადობა ხელოვნებაა ჩემო ძვირფასო და გამორჩეულების ხვედრია! სხვათა შორის, მე ქალი თამადაც მინახავს.

- და მოგწონებიათ?

- კი, კარგი თამადა ყოფილა... მინახავს გალექსილი ქალი თამადა და დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ. ისე, კარგი თამადაა თუ ცუდი, ქალი მაინც მოკრძალებული მიყვარს, სუფრაზეც და ცხოვრებაშიც! ეს სიტყვა ისე არ ჩამომართვათ, თითქოს ვფიქრობდე, რომ ქალი და კაცი ტოლი არ არის - ტოლიც არის, უკეთესიც და უმეტესიც, მაგრამ მირჩევნია, მანდილოსანი სუფრის წევრი იყოს, ვიდრე თამადა!

შეიძინეთ უგემრიელესი ღვინოები ონლაინ

მანანა გაბრიჭიძე ჟურნალი "გზა"