"ახალშობილთან და 2 წლის ბავშვთან ერთად ბუნკერში გავატარე 10 დღე-ღამე... გავთხოვდი და ყველაფერი მაშინ აირია" - კვირის პალიტრა

"ახალშობილთან და 2 წლის ბავშვთან ერთად ბუნკერში გავატარე 10 დღე-ღამე... გავთხოვდი და ყველაფერი მაშინ აირია"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 46 წლის მედიკო მაჩალიკაშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დუისი - პანკისის ხეობა

სტუდენტობის აუხდენელი ოცნება ....................................................

სტუდენტი არასოდეს ვყოფილვარ, არ მეღირსა ეგ ბედნიერება... ბებოჩემი თვითონ 15 წლის გაათხოვეს, 18 წლის უკვე დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა. მთელი ცხოვრება მათ შეალია და შვილებიც, ამის გამო, წინააღმდეგობას ვერაფერზე უწევდნენ. ყველა მისი სიტყვა შვილებისთვის კანონი იყო. ბებო საშინლად წინააღმდეგი აღმოჩნდა სწავლის გაგრძელების. მას შიში ჰქონდა, რომ განათლებული ადამიანი უფრო თავისუფალი იქნებოდა და ცუდ გზას დაადგებოდა. ამიტომ, მის გოგოებს განათლება არ მიუღიათ. ორივე პატარა ასაკში გაათხოვა იქვე ახლო ქუჩებზე, რომ შორს არ წასულიყვნენ.

ბებო მარტო რომ დარჩა, 5 წლის ასაკში თავისთან საცხოვრებლად მე გადამიყვანა და თავად გამზარდა. სკოლა რომ დავამთავრე, განათლებისთვის არც მე გამიშვეს. ჯერ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა დამნიშნეს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მოითხოვეს, რომ ცოლად გავყოლოდი. ორივე მხარე თანახმა იყო და ჩემდაუნებურად 17 წლის ასაკში გამათხოვეს. ვისაც გავყევი, იმ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობდი. მაშინ ოჯახებს შორის ხდებოდა გარიგება, რადგან გვეგონა, რასაც უფროსები იტყოდნენ კანონი იყო და შეწინააღმდეგება არ შეიძლებოდა. ეხლა ახლაგაზრდები უფრო გაბედულები და თამამები არიან, წიანააღმდეგობასაც უწევენ და თავისი პრინციპებით ცხოვრობასაც ახერხებენ. მეც რომ ასეთი გაბედული ვყოფილიყავი მაშინ, ალბათ, სულ სხვა გზით წავიდოდი. შეიძლება მიღწევებიც მქონოდა და უფრო უკეთესადაც მეცხოვრა. ვფიქრობ, განათლება აუცილებელია იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვრო, შენი სიტყვა თქვა და გაიტანო. ძალიან მინდოდა ფარმაცევტობა, მაგრამ მე ვერ ჩავაბარე და თითქოს ოცნება იმით ავიხდინე, რომ ჩემმა გოგომ ჩააბარა. მას არ აინტერესებდა, მაგრამ ეს ჩემი ხათრით გააკეთა.

ომი

----------------------

მე ლაღი ცხოვრება არასოდეს მქონია. წარმოიდგინეთ, გავთხოვდი და ყველაფერი მაშინ აირია. პირველი შვილი უკვე მყავდა, როცა 1991 წელს გროზნოში წავედით საცხოვრებლად. კარგად ავეწყვეთ, მეორე შვილიც შეგვეძინდა და სახლის ყიდვასაც კი ვგეგმავდით იქ, როცა ომი დაიწყო. რა დამავიწყებს, ახალშობილთან და 2 წლის ბავშვთან ერთად ბუნკერში გავატარე 10 დღე-ღამე. ბუნკერიდან ამოსულს კი მახსოვს, როგორ ცვიოდა სეტყვასავით ბომბები ზემოდან. ჩემი ქმარი იქ დარჩა და მე, ორ პატარა ბავშვთან ერთად, მარტოს მომიწია წამოსვლა გროზნოდან. მთელი კვირა მოვდიოდით შემოვლითი გზებით, თან დაჭრილი მოგვყავდა და გზაში ავტობუსი გვიფუჭდებოდა. ისეთი საშინელება იყო, მაგის გახსენება არასოდეს მინდა ხოლმე, მაგრამ რა დამავიწყებს. ყველაფერი იქ დავტოვეთ და მარტო იმით ჩამოვედით, რაც ზედ გვეცვა. საქართველოში კი იმაზე უარესი მდგომარეობა დაგვხვდა, ვიდრე ჩვენს წასვლამდე იყო. მახსოვს, ფქვილი რომ არ გვქონდა და სულ მჭადს ვაცხობდით, მე კი მის სუნზე გული მიმდიოდა ხოლმე. მაშინ ყველაფრის ხალისი და იმედი დავკარგე.

ქვრივობის ტვირთი

----------------------------------

ისეთი ცხოვრება გავიარე, ზოგჯერ ჩემი თავი უკვე ბებერი მგონია. 2004 წელს მეუღლე გარდამეცვალა. არც მინდა ამ ამბის გახსენება, მაგრამ ის ერთ-ერთ სპეც-ოპერაციას შეეწირა. 31 წლის ასაკში, სამი მცირეწლოვანი ბავშვით ხელში დავრჩი. ახალგაზრდა ქვრივი ქალის ცხოვრება ძალიან რთულია. სულ ვრძნობდი, როგორ მაკონტროლებდნენ და ამის გამო მუდმივად დაძაბულ ვიყავი - ვინმეს არ შემოეხედა, ან არ გამომლაპარაკებოდა. ამიტომ, გარეთ სულ თავდახრილი დავდიოდი და არც ქეიფებს ან სხვა გასართობს ვესწრებოდი. შეუმჩნევლად ყოფნის მუდმივი მცდელობები დღემდე გამომყვა და ვეღარ მოვიშორე. ამიტომ, ყოველთვის ჩრდილში ყოფნა მირჩევნია და მოსმენა, ვიდრე საჯაროდ საუბარი.

გარეთ გამოსვლა

---------------------------------

ისეთი ჩაკეტილი ცხოვრება მქონდა... არსად არ ვმუშაობდი და არც შემოსავალი მქონდა, მხოლოდ მარჩენალ დაკარგულის პენსიას ვიღებდი, რომელიც 14 თუ 15 ლარი იყო მაშინ. ამიტომ, ბავშვებზე ზრუნვის პარალელურად, სახლში საქონელს, ბოსტანს და შინაურ ფრინველებს ვუვლიდი. კაპიკებს ვანაწილებდი თვიდან თვემდე და ასე გაჭირვებით გავდიოდით. ერთ დღესაც ოჯახის ახლობელმა მითხრა, სადაც მე ვმუშაობ ვაკანსია გამოჩნდა და არ გინდა გამოხვიდე სახლიდან, თან ხალხშიც გახვალ და გულს გადააყოლებო. აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“. მათ კაფის მიმტანის ვაკანსია ჰქონდათ. დავთანხმდი, მაგრამ მანამდე არასოდეს მიმუშავია და ისე ვნერვიულობდი, როგორც გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტი, რომელსაც ეშინია - ჩააბარებს თუ ვერ ჩააბარებს. არ დამავიწყდება ის დღე, პირველად რომ მივედი სამსახურში. ძალიან გულთბილად მიმიღო ყველა თანამშრომელმა. ორგანიზაციის დირექტორმა, იზა ბექაურმა, მითხრა, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და არ გინდა შენც ჩვენი ოჯახის წევრი გახდეო? მას მერე უკვე ცხრა თუ 10 წელია აქ ვარ.

სამსახურამდე და სამსახურის შემდეგ ცხოვრება დღე და ღამესავით განსხვავდება. ღამეს იმ ადამიანის ყოფას შევადარებდი, ვინც მთელს თავის ცხოვრებას ოჯახს სწირავს. კიბატონო, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შვილები კარგად გყავდეს, მაგრამ არა ისე, რომ შენი ცხოვრება დაკარგო. პირველად რომ გამოვედი გარეთ, მეგონა ვერ შევძლებდი, რომ სამსახურის და სახლის საქმე ერთად მეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერს მშვენივრად ვასწრებდი და თან უფრო ბედნიერი ვიყავი. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ბევრი მეგობარი შევიძინე და მივხვდი, რომ მე უკეთესად შემიძლია ვიცხოვრო. სახლში როცა ვიჯექი, გეფიცებით, აღარც მკვდრებს მივეკუთვნებოდი და აღარც ცოცხლებს. მთელი დღე სახლში ვიყავი და ვირივით ვმუშაობდი. საღამოს რომ ვფიქრდებოდი - რა გავაკეთე? აღმოჩნდებოდა, რომ განსხვავებული არაფერი. ყოველდღე ერთი და იგივე ხდებოდა. გარეთ რომ გამოვედი უფრო ხალისიანი გავხდი და მგონია, რომ შვილებსაც უფრო მეტი ყურადღება მივაქციე.

ცხოვრების მთავარი გამარჯვება

---------------------------------------------

ერთ დღესაც იზა (ავტ. ბექაური) მირეკავს - მედიკო, რუსთავი 2-ზე პროექტი „ჩემი სამზარეულოს წესები“ იწყება და ხომ არ მიიღებდი მონაწილეობასო. უცებ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, თან იცინოდა და მეც სიცილით ვუთხარი - კი მეთქი. გადაცემა ნანახი არ მქონდა და მთხოვა, რომ ინტერნეტში გადაცემის პირველი სეზონი მენახა. ვნახე და დავიშოკე, რომ წარმოვიდგინე სად უნდა წავსულიყავი. ვურეკავ, იზა, ამას მე როგორ შევძლებ, შანსი არ არის, ვერ წავალ მეთქი. ამის მერე თხოვნა კი არა, უფრო მოთხოვნა იყო მისი მხრიდან. მეუბნებოდა - მე ვიცი, რომ შენ შეძლებ ამას და უნდა წახვიდეო. ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელზე მითხრა, ნატოც წამოვა შენთან ერთად და ერთად ყველაფერი გამოგივათო. არ გინდა, რომ ჩვენი კუთხურ-ტრადიციული კერძები გააცნოთ ხალხსო?! იზამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და მას რომ ასე არ ეთხოვა, მე ამ ნაბიჯის გადადგმას ვერასოდეს გავბედავდი. არ დამავიწყდება ცხოვრებაში, ისე ვინერვიულე, რომ ის ღამე თეთრად გავათენე. ვუყურებდი წინა სეზონის გადაცემებს და ვფიქრობდი, ხალხის დასაცინი გავხდები მეთქი. ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლის მეშინოდა. დღესაც ვერ მივეჩვიე, პანიკური შიში მაქვს კამერების და ჩაწერის დროს მავიწყდება რა უნდა ვთქვა. ამიტომ, უფრო ნატო საუბრობდა ხოლმე კამერებთან. რა თქმა უნდა, ჯერ ჩემს შვილებს ვუთხარი, რომ ვაპირებდი მონაწილეობას. ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ მითხრეს, რომ ყველაფერში დაგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით, ოღონდ შენ გაბედე და გადადგი ეს ნაბიჯიო. მათი ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მერე ვფიქრობდი და ვნერვიულობდი იმაზე - ნათესავები, მეზობლები და მთელი ხეობის მოსახლეობა რას იტყოდა, ქვრივი ქალი ამ ნაბიჯს რომ გადავდგამდი. ჩემდა გასაკვირად, ისე დაგვიდგა გვერდით ხეობის მოსახლეობა და ისე კარგად მიიღო ჩვენი ეს გადაწყვეტლება, არც კი მჯერა. ძალიან გაუხარდათ ჩვენი მონაწილეობაც და გამარჯვებაც. რაც ჩვენ გამოვიარეთ გრძელი და წარმატებული გზა იყო. ამ ამბავს მთელი ცხოვრება ვერ დავივიწყებ, ეს იქნება ჩემს ისტორიაში პირველ ადგილზე. ყოველთვის შებოჭილი ვიყავი და სულ მინდოდა რაიმე წარმატებისთვის მიმეღწია, ამ პროექტში მონაწილეობამ კი სიბნელიდან კაშკაშა სინათლეზე გამომიყვანა. გარდა ამისა, უნიკალური ხალხი გავიცანი - რუსთავი 2-ის თანამშრომლები, გადამღები ჯგუფი, ჟიური და ჩვენი მონაწილეები. ვნახე როგორია შიგნიდან ტელევიზიის მუშაობა და ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლა. თან მთელი საქართველო მოვიარეთ. ვაიმე, ეს მართლა წარმოუდგენელი და დაუვიწყარია ჩემთვის!

ყველა კმაყოფილია, რადგან ჩვენი ტრადიციული კერძები შეფასდა უმაღლესი შეფასებით.დედამ მითხრა, მიხარია ჩემს სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ მოვესწარი შენს წარმატებასო. ჩემი შვილებიც ძალიან ბედნიერები არიან, რომ წარმატებით გავიარეთ ეს გზა. წინ რა იქნბეა? მოგებული თანხით საკუთარი კაფის გაკეთებას ვაპირებ, სადაც საინტერესო გარემო და ვაინახური კერძები იქნება.

მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ შეუძლებელი არაფერი ყოფილა!

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან