"ისეთი ხმა იყო, თითქოს მანქანამ დაარტყა ვიღაცას. ჩემმა მეუღლემ გადაიხედა და ვერ მიხვდა, რომ ჩვენი შვილი იყო" - ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ისეთი ხმა იყო, თითქოს მანქანამ დაარტყა ვიღაცას. ჩემმა მეუღლემ გადაიხედა და ვერ მიხვდა, რომ ჩვენი შვილი იყო" - ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება

22 წლის ნინუცა დარბაიძე წუხს, რომ შშმ პირებისთვის გარემო ადაპტირებული არ არის, რის გამოც უმეტესობა სახლიდან ვერ და არ გამოდის. თავს გადახდენილის შემდეგ (ნინუცა 17 წლის იყო, როდესაც მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდა), არაერთი სირთულე დასძლია და დღესდღეობით სხვებისთვის მაგალითისა და სტიმულის მიმცემია. ნინუცა "ფერადი" გოგოა - მხიარული და ხალასი. ამ ბოლო დროს ხატვაც დაიწყო.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ნუნუ კირვალიძე, დედა:

- 3 წლის იყო, ყინულზე ციგურებით რომ სრიალებდა, მერე "როლიკებით" დაქროდა, თხილამურებზე დგომაც ისწავლა, ცურვაც, მერე ისევ ყინულზე სრიალს დაუბრუნდა. დედისერთაა და მაქსიმალურად ვცდილობდით მისი ინტერესების დაკმაყოფილებას. არასდროს ჰქონდა სურვილი, სხვა გოგონებივით ცეკვაზე ევლო, მანქანებით თამაშობდა. ბიჭივით უშიშარი იყო და ახლა ვფიქრობ, რამის შიში რომ ჰქონოდა, უფრო ფრთხილი იქნებოდა..."

ნინუცა:

- სამაგიეროდ, ახლა ვარ წყნარი და მშვიდი. ხშირად მიფიქრია, რომ არა ის ერთი წამი, რა მოხდებოდა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, თუმცა იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. არ მივიჩნევ, რომ უბედური ვარ და რთული ცხოვრება მაქვს. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი გადავაფასე. რაღაც კუთხით განვვითარდი კიდეც. კი არ ვცდილობ, მომხდარში დადებითი დავინახო, ამ ამბავს მართლაც აქვს ბევრი დადებითი - სიცოცხლე და ადამიანები დამანახვა სხვა კუთხით..."

ნინუცა:

- აივანზე გავედი და მოაჯირზე ჩამოვჯექი. გადავვარდი, თუმცა არ მახსოვს ეს მომენტი. ამ დროს ჩემს მშობლებს ვიღაცის საშინელი კივილის ხმა გაუგონიათ და თვითონაც აივანზე გამოცვენილან..."

ნუნუ კირვალიძე, დედა:

- ისეთი ხმა იყო, თითქოს მანქანამ დაარტყა ვიღაცას. ჯერ ჩემმა მეუღლემ გადაიხედა და ვერ მიხვდა, რომ ჩვენი შვილი იყო. 2 წუთის წინ გავიდა ნინუცა ოთახიდან და რას წარმოიდგენდა? მე რომ გადავიხედე, მაშინვე ტანსაცმლით ვიცანი. ვიცანი და მერე აღარაფერი მახსოვს..."

იხილეთ ასევე: "მე და მძღოლი გამოგვიყვანეს... მესამე ბიჭის გამოყვანა ვერ მოასწრეს, მანქანა აფეთქდა..."

ნინო ჯავახიშვილი