"მე და იმ გიორგი გაბუნიას საერთო არაფერი გვაქვს" - რომელი პოლიტიკოსი გამოირჩევა კარგი იუმორით "ქართულ ოცნებაში"? - კვირის პალიტრა

"მე და იმ გიორგი გაბუნიას საერთო არაფერი გვაქვს" - რომელი პოლიტიკოსი გამოირჩევა კარგი იუმორით "ქართულ ოცნებაში"?

უშუალო, უბრალო, ენამოსწრებული და მხიარული - ასე ახასიათებენ გიორგი გაბუნიას, "ღამის შოუს" წამყვანს. გიორგი 25 წლისაა, ქუთაისელი, პროფესიით ენერგეტიკოსი, თუმცა ამ პროფესიასთან ბევრი არაფერი აკავშირებს. გიორგისთვის მისი გადაცემის სასურველი სტუმარი - ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემაა. ვიდრე ეს სურვილი აუხდება, მანამდე ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობაზე გვიამბო და ისიც გაგვიმხელა, თუ როგორი გოგონები მოსწონს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

"ჯერჯერობით რამდენიმე პოლიტიკოსი მყავდა სტუმრად - არჩილ თალაკვაძე, რომელსაც კარგი გურული იუმორი აღმოაჩნდა; კახი კალაძესაც კარგი იუმორი აქვს. სალომე ზურაბიშვილიც მყავდა, მანაც მოჰყვა რაღაცები, მაგრამ ვფიქრობ, თავშეკავებული იყო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს უფრო სერიოზული და გაწონასწორებული იუმორი ახასიათებს..."

"კახი კალაძე პირველი სტუმარი იყო და როდესაც პირველი გადაცემა თბილისის მერის სტუმრობით იწყება, უკვე კარგია. ჩემთვის კალაძე არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ვინც ჰყოლია საქართველოს. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიყავი, ამიტომ ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ეგ გახლდათ. ნანი ბრეგვაძეც არაჩვეულებრივი იყო, თემურ თათარაშვილიც, მაგრამ მაინც კალაძეს გამოვარჩევდი..."

"ვფიქრობ, მოკრძალება მაინც საჭიროა. უნდა იცოდე ზღვარი ხუმრობასა და თავხედობას შორის და ამ ზღვარს არასდროს უნდა გადახვიდე. საერთოდ, პოლიტიკური სატირის მიზანია, ხალხის სათქმელი ითქვას და მიიტანოს მათი ხმა ამა თუ იმ პოლიტიკოსამდე. ასე მგონია, მე ვშუამავლობ მათ შორის და იუმორით ვეუბნები პოლიტიკოსებს იმას, რაც ხალხს არ მოსწონს და უნდათ, შეიცვალოს..."

"იმედის დილაში" გაჟღერდა პირველად, სტუმრად გვყავს "ღამის შოუს" ახალი წამყვანი გიორგი გაბუნია, ოღონდ ზრდილობიანი გიორგი გაბუნიაო. ზრდილობიანი ნამდვილად ვარ და მიხარია, თუ ამ ნიშნით განგვასხვავებენ ადამიანები..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 8 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი