"ჩემი მეუღლე საბედისწერო გასროლამ იმსხვერპლა" - ორგზის ემიგრანტის რთული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე საბედისწერო გასროლამ იმსხვერპლა" - ორგზის ემიგრანტის რთული ცხოვრება

მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში. 2012 წელს ისევ დაბრუნდა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებამდე ემიგრანტების მარშშიც მონაწილეობდა და მისი თანაორგანიზატორიც იყო. ახალ ხელისუფლებასთან ერთად თავისი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო, მაგრამ ემიგრანტები არ დავიწყებია და სამშობლოში დღესასწაულიც კი დაუწესა მათ - პროექტი "წარმატებული ემიგრანტი ქალი". თავადაც ასეთია - წარმატებული, სამშობლოზე შეყვარებული და თავდაუზოგავი. მისი დიდი ოჯახი წლების წინ გავიცანი, თუმცა დიდი ხანია, აღარ მინახავს. ამჯერად სოციალური ქსელის მეშვეობით შევეხმიანე - გავიგე, რომ კვლავ ემიგრაციაში წასულა და გული დამწყდა...

თავის ამბავს ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, დავით აღმაშენებლის აკადემიის ყოფილი პრორექტორი და დღემდე საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საბჭოს წევრი, ინა-ბაია ასანიძე გვიყვება:

- საქართველოში დავიბადე, მაგრამ მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ და მე და ჩემი და-ძმაც იქ წაგვიყვანეს. თავდაპირველად მოსკოვში ვცხოვრობდით. იმ პერიოდში ტალინშიც გვქონდა სახლი და სოჭშიც. შემდეგ მამას რაღაც შეემთხვა, დედამ ყველაფერი გაყიდა, მამას კემეროვოში გავყევით და იქ დავფუძნდით.

სამშობლოში მხოლოდ 21 წლის დავბრუნდი, კემეროვოს უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიის ფაკულტეტის დავამთავრების შემდეგ. მუდამ ემოციებში ვიყავი - ყოველი ზაფხულის არდადეგებზე ჩემს ჭიათურასთან, ოჯახის დანარჩენ წევრებთან და ქართველ მეგობრებთან შეხვედრა-მოსიყვარულება-განშორებას კვლავ კემეროვოსთან შეგუება ცვლიდა. კემეროვოში მეგობრები თითქმის არ მყავდა, რადგან რუსებთან ურთიერთობა ძალზე მიჭირდა. ამიტომ ან სატელეფონო ხაზით ვიყავი ჭიათურასთან "მიბმული", ან გაუთავებელი მიმოწერით.

ერთ-ერთ ჩემს მეგობარს, მაკა ჯაჯანიძეს დღემდე შენახული აქვს ჩემი წერილების დასტა. რომ ვიკრიბებით, ყოველთვის ვკითხულობთ ამ წერილებს და მუდამ ვტირი, რადგან... გარდა იმისა, რომ იმხანად ძალიან უზრუნველი ცხოვრება მქონდა, მთავარი რამით ვიყავი უბედნიერესი - ოჯახის ყველა წევრი ცოცხალი და ჯანმრთელი მყავდა. ძალიან ვამაყობ ჩემი მშობლებით, რადგან მარტო შვილებს კი არ გვანებივრებდნენ, დიდი ქველმოქმედებიც იყვნენ - ბევრ ჭიათურელს და გასაჭირში მყოფ ადამიანს დაეხმარნენ. დედა კემეროვოში მყოფ ქართველ სტუდენტებსაც ისე პატრონობდა, ახალგაზრდები მას "ციმბირელ დედას" ეძახდნენ... ეს შესანიშნავი მაგალითია ჩემთვის, რადგან თუკი რამ გამიკეთებია, სწორედ მათგან ვისწავლე... ჩემი ცხოვრება მხოლოდ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე დღეებად კი არა, ემიგრაციიდან ემიგრაციამდე ტკივილიან პერიოდებადაა დაყოფილი და ძალზე მტკივნეულია, ემიგრანტის სახელი დღემდე რომ ვერ მოვიშორე...

- რას გულისხმობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე პერიოდებში? - პირველი ემიგრაციიდან დაბრუნებულმა სწავლა თსუ-ში განვაგრძე. სწორედ მაშინ, სტუდენტობისას შემიყვარდა მომავალი მეუღლე, ჩემი დიდი სიყვარული და ერთადერთი შვილის მამა - მერაბ ოსიძე. შემთხვევით ჩემს სადარბაზოში შევხვდით, ის ჩემს მეზობლად მცხოვრებ თავის მეგობარ ბუგა ხარაძესთან ერთად ამოდიოდა კიბეზე, მე - ჩემს მეგობარ ხათუთი მასხარაშვილთან ერთად ჩავდიოდი. ერთმანეთს რომ შევხედეთ, გავშეშდი... ისიც გაჩერდა, რატომღაც მომესალმა და გადამკოცნა, ვერც გავიაზრე, რატომ? მოკლედ, როგორც რომანტიკულ ნაწარმოებებშია: მეც მივხვდი, რომ ის "ის" იყო, და, თურმე, ისიც მიხვდა, მეც "ის" ვიყავი... ვაჟიშვილ ბუგასთან ერთად

ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. მერე დაიწყო ჩემი ცხოვრების ულამაზესი, ფეიერვერკებით სავსე ხანა - ფარული პაემნები, რადგან ჩემი ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, შემდეგ - მეგობრებთან ერთად წვეულებები, ჩემი მეგობრის - ლია მასხარაშვილის გიტარის აკომპანემენტითა და ტკბილი სიმღერებით, სიურპრიზები, რომელიც ჩემთან, მოსკოვში ჩამოფრენით დაგვირგვინდა. მე და ჩემი ძმისშვილი საახალწლოდ მშობლებთან, კემეროვოში უნდა გავფრენილიყავით და მერაბმა მეგობრებთან ერთად აეროპორტში გრანდიოზული გაცილება მომიწყო. გავგიჟდი, დიქტორების გამოცხადების ნაცვლად, მიკროფონში ჩემი საყვარელი სიმღერა რომ გავიგონე. უკან დავბრუნდი და 24 წლის გოგონა ჩემზე ბევრად უფროს მერაბს გავყევი ცოლად. შემდეგ ჩემებიც შეგვირიგდნენ და უსაზღვროდ შეიყვარეს სიძე. იმავე წელს დაიბადა ჩვენი ბიჭი - ბუგა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხანა, 1997 წელს მისი დაღუპვა კი... ჩემი ტრაგიკული ცხოვრების დასაწყისი. თბილისში, ახლობლის დაკრძალვაზე ჩამოვედით. მალევე, ჩემს დაბადების დღეზე გამაოგნებელი სიურპრიზი გამიკეთა - მძღოლს ყუთით გამოატანა ჩასაცმელი და აქსესუარები, საუკეთესო სალონი დამიჯავშნა, საუკეთესო რესტორანი ვარდებითა და ჩემი მეგობრებით აავსო, ერთი სიტყვით, დაუვიწყარი დღესასწაული მომიწყო. ეს იყო ჩემი ბოლო ბედნიერი დაბადების დღე. ორ კვირაში მერაბი საბედისწერო გასროლამ იმსხვერპლა...

ლამის, ყოველ ღამეს სასაფლაოზე ვატარებდი, ჩემს ძმას - გოჩასა და მის ცოლს ხანდახან ღამის 3 საათზეც კი წამოვუყვანივარ იქიდან... 6 თვეში კი ჩემი გოჩაც დამეღუპა, ისიც ტრაგიკულად - ავტოავარიაში. საახალწლოდ გოჩა შინ გვესვენა, მე ის მივატოვე და ახალ, 1998 წელს მერაბის საფლავზე შევხვდი... ძმის ორმოცზე მამამ ინსულტი მიიღო და 2 წელიწადს პარალიზებული იყო. მერე მამაც დაიღუპა, დედაც და ბოლოს - სიძეც, დის მეუღლე. ტკივილები არ სრულდებოდა. ოჯახში 3 ქალი დავრჩით და 6 ბავშვს ვზრდიდით - ბუგას, ჩემი დის ქალ-ვაჟს და ჩემი ძმის 3 შვილს. საუკეთესო, რაც სამმა ქალმა შევძელით, ის იყო, რომ ერთობლივად მართლაც შესანიშნავი შვილები გავზარდეთ. ჩემი ბუგა დღეს უკვე 24 წლისაა და ნამდვილად ღირსეული კაცია. ინა-ბაია ასანიძე, სალომე სალაძე, ლეო ღოღობერიძე, მსახიობები ცუცა კაპანაძე და ხათუნა იოსელიანი

2006 წელს, იმჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, ემიგრაციაში წავსულიყავი. ამერიკაში მალევე ლეგალურად დავიწყე ცხოვრება, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვის გარეშე ყოფნა მიჭირდა. ეს იყო ცრემლებსა და ტანჯვაში გატარებული წლები. 2012 წელს პოლიტიკაში ჩემი ჩართვის ინსპირატორი იმჟამინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ბრძანებით ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვა აღმოჩნდა. პროტესტის ნიშნად, ნიუ-იორკის ქუჩებში ქართველების მობილიზება შევძელი და ქუჩებში გავატარე რეგისტრაცია. მერე სააგიტაციოდ სხვა შტატებშიც გადავინაცვლე, ჩემს მეგობრებთან ერთად სხვა ქვეყნებში მყოფ ემიგრანტებსაც მივაწვდინეთ ხმა და სწორედ ამას მოჰყვა არჩევნებამდე სტამბოლში მოწყობილი "ემიგრანტების მარში". საქართველოში დაბრუნებულმა რამდენიმე ემიგრანტმა მეგობრებთან ერთად დავაარსეთ ორგანიზაცია "მე დავბრუნდები" და ამას ბევრი ღონისძიება მოჰყვა. ნიუ-იორკში ბევრი ქალი გავიცანი, ვინც აქაურ ქართველებს ეხმარებოდნენ, თითოეული მათგანი გმირია, რადგან საქართველოში რამდენიმე ოჯახს არჩენს, უცხოეთში კი ქართულ საქმეს აკეთებს. ვიფიქრე, რომ ეს ხალხი აუცილებლად უნდა გაეცნო საქართველოს. პროექტი "წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალები" სწორედ დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. მის განხორციელებაში ყოველთვის მეხმარებოდა ბატონი კახი კალაძე და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე. ერთკვირიან ღონისძიებას აქამდე ყოველი წლის 10 მარტს, დაჯილდოებით ვასრულებდით, მაგრამ რადგან კვლავ ემიგრაციაში აღმოვჩნდი, ამჯერად 2019 წლის 10 ივლისს დავასრულებთ და წარმატებული ქალების შესარჩევ ასპარეზსაც გავზრდით.

- ჭიათურის რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვეთ თანამდებობა და "ქართული ოცნების" მანდატი. ასე რადიკალურად რატომ მოიქეცით, ერთმა ინციდენტმა ასე გაგიტეხათ გული? - ჭიათურაში მომხდარი ამბავი უბინძურესი პროვოკაცია იყო. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხმა მომცა ადამიანს, ვინც იქ არ გავზრდილვარ, იცით, რატომ? ყველგან მამაჩემისა და დედაჩემის კეთილი საქმეები დამხვდა წინ. მეც ვალდებული ვიყავი, ჩემი ამომრჩევლები არ გამეწბილებინა. სიამაყით ვიტყვი, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჭიათურაში 50-მდე პროექტი არა ბიუჯეტით, არამედ - საკუთარი რესურსებით განვახორციელე. მართალია, ცოტა უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი და მანდატი დავტოვე, მაგრამ ჩემი ტრაგედიების შემდეგ ასეთი ტკივილი, რაც ახლა განვიცადე, არასდროს მიგრძნია. ამომრჩევლებს კი მაინც არ მივატოვებ. კატეგორიულად აპოლიტიკური გავხდი, დავარეგისტრირე ორგანიზაცია "ქართული დიასპორული ცენტრი", გვერდით დავიყენე აქ მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი გოგონა - სალომე სალაძე და უკვე ახალი პროექტიც გვაქვს - 25 აგვისტოს ამერიკაში, ატლანტიკ-სითის ულამაზეს ისტორიულ დარბაზში გრანდიოზულად ჩავატარებთ სიმღერის პირველ საერთაშორისო ქართულ დიასპორულ ფესტივალ-კონკურსს, სადაც ჟიურის წევრებად აუცილებლად გვეყოლებიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. ბატონი ზვიად კვაჭანტირაძეც დამპირდა დახმარებას, ასე რომ, დაახლოებით, 15 ქვეყანაში მცხოვრები, 17-დან 25 წლამდე ასაკის ემიგრანტი ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ვიწყებთ ამერიკით და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ჩავატარებთ. არ მინდა, ეს ახალგაზრდები საკუთარ ფესვებს მოსწყდნენ, ისინი საქართველომაც უნდა გაიცნოს.