"დღეს ჩვენი საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, ზოგჯერ ზღვარგადასულადაც" - კვირის პალიტრა

"დღეს ჩვენი საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, ზოგჯერ ზღვარგადასულადაც"

"ჯერ ვერა" უწყვეტი ელემენტია ჩვენი ცხოვრების, ჩვენ სულ რაღაცას ვეძებთ და ვპოულობთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა, ჭეშმარიტების ბოლომდე პოვნა შეუძლებელია"

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოება უკიდურესად დაძაბულია. ამ თემაზე სასაუბროდ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს ვესტუმრეთ.

- დღეს რომ ახალგაზრდები იარაღით იწევენ ერთმანეთისკენ, ეს დაკავშირებულია კულტურასა და განათლებასთან. არადა, ახლა განათლება და ახალგაზრდის ჩამოყალიბების პროცესი გაცილებით თავისუფალია, ვიდრე ჩემს დროს იყო.

დღეს ეტლში მჯდომ ბავშვსაც კი მობილური ტელეფონი უკავია ხელში. პატარებმა ჩვენზე უკეთ იციან ურთიერთობის მეთოდი. განათლების დღევანდელი პრინციპი ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე ბავშვების მოთხოვნებს და სახელმწიფომ უნდა იფიქროს, როგორ მისცეს მათ არა მხოლოდ სასკოლო, არამედ თავისუფალი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამის გამოა, რომ ისინი იწყებენ სხვადასხვა თამაშის ძიებას, ეს თამაშები კი უმრავლეს შემთხვევაში ძალადობაზეა. საქართველოში სკოლას, უმაღლესს ამთავრებს ახალგაზრდა და არ იცის, რა პერსპექტივა აქვს.

იმისთვის, რომ კულტურულ, ცივილიზებულ და თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, საჭიროა განათლება, კულტურა კი ერთ-ერთი საფუძველია, რაც უნდა გახდეს ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი. არ შეიძლება გადამეტებული ოპტიმიზმით უყურო ყველაფერს. თუ ზუსტად არ განსაზღვრე შენი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, სწორედ ისეთი ვითარება შეიქმნება, რაც დღეს გვაქვს, როდესაც საზოგადოებას უჭირს განსაზღვრა, არჩევნებში ვის დაუჭიროს მხარი.

დღეს ჩვენი საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, ზოგჯერ ზღვარგადასულადაც. ზღვარგადასულობა კი კანონმა უნდა მოაწესრიგოს. თავისუფლების გარეშე ადამიანს არ შეუძლია არსებობა, მაგრამ მისკენ მიმავალი გზა კანონის უზენაესობაზე გადის.

საბჭოთა პერიოდში, ყოველწამს ვგრძნობდი, როგორ გვაწვებოდა საბჭოთა ერთპიროვნული ძალადობის სისტემა. ოთარ იოსელიანის, ელდარ თუ გიორგი შენგელაიების, ლანა ღოღობერიძის 60-იანი წლების ყველა ფილმი ამიტომაც არის პიროვნების თავისუფლებაზე. ხელოვნება ინდივიდუალიზმის გარეშე არ არსებობს. ოთარ იოსელიანის ინდივიდუალიზმში იმდენი ირონია და სარკაზმია, თან იმდენი სიკეთე... "დიდ მწვანე ველში" ფსიქოლოგიური პრინციპით, ხასიათების დაპირისპირებითაა შექმნილი პიროვნების სწრაფვა თავისუფლებისკენ. როგორც კი სოსანას უთხრეს, რომ სხვებივით კოლმეურნეობაში უნდა ეცხოვრა, მოგლიჯა თავისი სახლი და წაიღო. ფეხი რომ უნდა აუწყო ცივილიზაციას, მან ეს ვერ გაიგო, ნახირიც დაკარგა, ოჯახიც და დარჩა მარტო. ამიტომაა, რომ ფილმი ასე მთავრდება: "იპოვე სოსანა?" ჯერ ვერაო, ეს "ჯერ ვერა" უწყვეტი ელემენტია ჩვენი ცხოვრების, ჩვენ სულ რაღაცას ვეძებთ და ვპოულობთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა, ჭეშმარიტების ბოლომდე პოვნა შეუძლებელია.

ჩვენ სულ ვიბრძვით, საქართველო ძალიან ინდივიდუალისტური ქვეყანაა, ამიტომ ეს პროცესები ჩვენთან უფრო მძიმედ ვითარდება. ის სიკეთე, რაც გვაქვს, ნათლად უნდა წარმოვაჩინოთ და თუ მას რამე უშლის ხელს, ადრევე უნდა მიხვდე და დაეხმარო. ეს ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს. მე სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს და მჯერა, რომ მან ეს ყველაფერი იცის. ყველა დოკუმენტში, რომელიც ეხება 2008 წლის ომს, წერია ყველაფერი, რა და რატომ მოხდა, ეს ქალბატონი სალომეს მოსაზრებასთან ძალიან ახლოსაა. არ მინდა ყველაფერი წინა ხელისუფლებას დავაბრალო, მაგრამ როცა მთელი მსოფლიო გეუბნება, ნუ შეუტევ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო მანევრებს ატარებენ და უძლიერესი ტექნიკა იქაა მობილიზებული, როგორ შეიძლება, რომ იმ მხარეს გაისროლო. ეს გააკეთეს და იგივე ადამიანები არ შეიძლება ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

მე სახლი მაქვს დუშეთის რაიონში, სოფელ ახატანში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გზაც გაიყვანეს, წყალიც, ელექტრომომარაგებაც მოწესრიგდა, გაზიც შემოიყვანეს. ამ ხელისუფლებამ ააშენა დამფასოებელი და ხილის გადამმუშავებელი ქარხანა, გააშენეს ხეხილის კოლექციური ბაღიც. მოპირდაპირე მხარეს ჯერ კიდევ 2007 წელს ივანიშვილმა გააკეთა ყურძნის კოლექციური ნაკვეთი, სადაც ყურძნის საუკეთესო ჯიშები შეაგროვა, მის დასაწურად მარანიც აშენდა. იქვე სათბურებია. ვხედავ, რომ სოფლებში სახლები შენდება, ტრაქტორები და მანქანებიც გაჩნდა.

ჩვენი ხელისუფლების მთავარ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ მან ყურადღება არ მიაქცია საზოგადოების ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნაწილის წუხილს და გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმო წარმატებებს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, მაგრამ იმ პირობებმა, რაც შეიქმნა ინფლაციის შედეგად, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ხალხი.

- თქვენი აზრით, თუ გვიქმნის საფრთხეს გლობალიზაცია და რას მოუტანს საქართველოს ევროინტეგრაცია? - თუ ქართული კულტურა იქცევა პრიორიტეტად ქვეყნისთვის, ევროპა ძალიანაც გვარგებს. ქართველებს უნარი გვაქვს, სხვის კულტურაში საინტერესო შევიძინოთ, ოღონდ ყველაფერი ეს იხარშება ქართულად და შემდეგ რეალურ ცხოვრებას იწყებს უკვე სხვა სახით. დღემდე გვაქვს ჩვენ უძველესი ენა, ვმღერით სიმღერებს, გვაქვს უნარი, სხვის ხმას ვუსმინოთ, შევუწყოთ და მასთან ერთად ვიმღეროთ. დღემდე ასეთ ცეკვას ვცეკვავთ, დღემდე ჩვენი უნიკალური ლიტერატურა არ დაგვიკარგავს, შესანიშნავი თეატრი და კინო გვაქვს.

- რა განსხვავებას ხედავთ საბჭოთა და დღევანდელ საქართველოს შორის? - საბჭოთა პერიოდში განსხვავებული აზრის არსებობა დაუშვებელი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც იყო ერთპიროვნული მმართველობის ძლიერი სურვილი, მაშინაც განსხვავებული აზრი სისხლში იხშობოდა. დღეს ხალხს აზრის გამოთქმის აღარ ეშინია.

- რა მდგომარეობაა დღეს ქართულ კინოში? - კინოს დღეს აღარ აქვს ის ზეგავლენა, რაც წინათ ჰქონდა. უდიდესი სივრცე ახლა ტელევიზიას უჭირავს. ამ ტელევიზიებს ხომ სჭირდება ადამიანები, ვინც ეს საქმე კულტურულად უნდა აკეთოს, არის ამდენი? ტელევიზიებიდან სრული უკულტურობა მოედინება, ამიტომ სჭირდება ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება, რომ სიტყვაც და ქცევაც იყოს კულტურული.

თეკლა ლომთაძე