ლიეტუველი პროვიზორის საქართველო და ქართული ლეგენდის მოტივებზე შექმნილი "დაწყევლილი ბერები" - კვირის პალიტრა

ლიეტუველი პროვიზორის საქართველო და ქართული ლეგენდის მოტივებზე შექმნილი "დაწყევლილი ბერები"

აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ სამშობლოში ლიეტუველები. ომის შემდეგ, როდესაც სკოლებისთვის ლიტერატურის სახელმძღვანელოები შემუშავდა, აუცილებელ საპროგრამო მასალაში შევიდა "დაწყევლილი ბერები". ახალმა ეპოქამ თავისი სიახლეები მოიტანა და აგერ 13-15 წელია (2003 წელს), რაც ეს ლეგენდა პროგრამიდან ამოიღეს...

კავკასიაში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანა იყო - წერდა ლიეტუვის ლიტერატურის კლასიკოსი ანტანას ვიენუოლის-ჟუკაუსკასი. რატომ უყვართ ლიეტუველებს ქართველები და საქართველო? - ამ კითხვაზე პასუხს სწორედ ლიეტუველი პროვიზორის წიგნში ამოიკითხავთ. მეოცე საუკუნის დამდეგს საქართველოში ჩამოსული აფთიაქარი ანტანას ვიენუოლის-ჟუკაუსკასი მოხიბლა უცხო მხარის მშვენიერებამ და მთელი საქართველო შემოიარა. შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ასე დაიბადა ლეგენდა "დაწყევლილი ბერები" და შედგა ლიეტუველების პირველი ახლო ნაცნობობა საქართველოსთან. ლეგენდები გამოქვეყნებისთნავე აღიარეს კლასიკური პროზის ნიმუშებად. მოგვიანებით ნაწარმოები სასკოლო პროგრამაში შეიტანეს. ასე იქცა საქართველო ლიეტუველი ბავშვებისთვის საოცნებო მხარედ. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცის მიერ დაწერილი ლეგენდები მთარგმნელმა, ლიეტუვის მწერალთა კავშირის საპატიო წევრმა ნანა დევიძემ თარგმნა. ვინ იყო ანტანას ვიენუოლის-ჟუკაუსკასი და როგორ მოხვდა ის თბილისში, ნანა დევიძე გიამბობთ.

ლიეტუველების პირველი სათვისტომო საქართველოში

"მე პირველად ვნახე კავკასია, მისი დიდებული მთები, სწრაფი ბობოქარი მდინარეები და მარადმწვანე ტყეები. ახლოს გავეცანი ხალხს, მათ უძველეს ტრადიციებს. ამ განუმეორებელმა სილამაზემ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა", - ასე იგონებდა ანტანასი საქართველოს. ლიეტუვა წვიმიანეთს ნიშნავს. იქ მართლაც სულ წვიმს. ამიტომ ეს ჩვენი სამშობლო, თავისი ჩახჩახა მზით, განსაკუთრებით ხიბლავთ ჩვენს ჩრდილოელ მეგობრებს, რომლებიც მასობრივად საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდნენ. რუსეთს თურქეთის ფრონტიდან გამოჰყავდა ჯარები. რუსულ არმიაში როგორც ქართველი, ასევე ლიეტუველი ოფიცრებიც მსახურობდნენ. გამოყვანის შემდეგ ისინი სამშობლოში არ დაუბრუნებიათ და კარგა ხანს თბილისში ცხოვრობდნენ. სწორედ მაშინ შეიქმნა საქართველოში ლიეტუველების პირველი სათვისტომო, რომელიც ხელს უწყობდა თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნებაში, თუმცა დაბრუნებამდე მათ მომღერალთა გუნდიც ჩამოაყალიბეს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც ჩაუდგნენ სათავეში. ეს იყო ლიეტუველების პირველი ურთიერთობა საქართველოსთან, საქართველოს გაცნობა კი ანტანას ვიენუოლის-ჟუკაუსკასის სახელს უკავშირდება.

ანტანას ჟუკაუსკასი აფთიაქარი გახლდათ და 1903 წელს საქართველოში გამოგზავნეს. მან სოლოლაკში ესტონელი აფთიაქარის, ფერდინანდ ოტენის აფთიაქში თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. იმავე აფთიაქში მუშაობდა პროვიზორი ვანო ბრეგვაძე, რომელსაც ანტანასი ძალიან დაუმეგობრდა (სხვათა შორის, იმ შენობაში სივრცის ნაწილი დღესაც აფთიაქს უკავია. 90-იან წლებამდე მისი ინტერიერი იმავე სახით იყო შემორჩენილი, როგორითაც ოტენის დროს, სამწუხაროდ, 90-იან წლებში ყველაფერი განადგურდა).

ანტანასმა გადაწყვიტა, ფეხით შემოევლო არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასია. ასეც მოიქცა. კავკასიის ბუნებით აღფრთოვანებულმა ვერ დაიტია შთაბეჭდილებები და კალამს მოჰკიდა ხელი. პირველი ნაწარმოები ქართული ლეგენდის მოტივებზე შექმნილი "დაწყევლილი ბერები" იყო. მერე მას მოჰყვა სხვა ლეგენდებიც და ასე დაიბადა კრებული "კავკასიური ლეგენდები", რომელიც გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა.

"თუ საქართველოში მოხვდით, მაგრამ სამხედრო გზით არ გიმოგზაურიათ, მაშინ თქვენ საქართველო არ გინახავთ"

ანტანას ვიენუოლისის პირველი ლეგენდები 1905-1906 წლებშია დაბეჭდილი და ენობრივად იმდენად მაღალი დონის ლიტერატურაა, რომ მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. ის ისე აღწერს საქართველოს ბუნებას, დარიალის ხეობას, თერგს, თარგმანზე მუშაობისას მეგონა, რომელიმე მე-19 საუკუნის ქართველ ავტორთან მქონდა საქმე. მისმა ნაწარმოებებმა ძალიან პოპულარული გახადა საქართველო ლიეტუვაში. ანტანასმა თავის სამშობლოში განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა ცნობილმა ლიეტუველმა დატოვა ქვეყანა და ამერიკაში გადასახლდა.

საბჭოთა ხელისუფლებამ, რათა როგორმე ქვეყანაში დაეტოვებინა კლასიკოსი, გადაწყვიტა, მისთვის ასე ძვირფას ქვეყანაში, ამჯერად უკვე საბჭოთა საქართველოში გამოეშვა, რათა თავისი თვალით ენახა ის ცვლილებები, რაც საქართველოში ხდებოდა. იმისთვის, რომ მთავრობის ამ ჩანაფიქრს ვერ მიმხვდარიყო, ის მარტო არ გამოუშვიათ. მაშინ ლიეტუველ მწერალთა დელეგაცია ეწვია საქართველოს.

შეხვედრა ლადო გუდიაშვილთან

თბილისში ჩამოსული დელეგაცია რუსთაველის პროსპექტზე, ქაშუეთის ეკლესიის გვერდით, სასტუმრო "ინტურისტში" დააბინავეს. მაშინ ქაშუეთის წინ დიდი შენობა იდგა და პროსპექტის მხრიდან ეკლესია თითქმის არ ჩანდა. დილას ანტანასი ზარების ხმამ გააღვიძა და გაუკვირდა საბჭოთა ქვეყანაში ეკლესიის ზარების რეკვა. ხმას მიჰყვა და ეკლესიაში აღმოჩნდა.

სწორედ ამ დროს ლადო გუდიაშვილი ქაშუეთის ფრესკას ხატავდა. ასე ადრიან ადამიანის ნახვამ, თანაც აშკარად უცხოელის, გუდიაშვილიც გააკვირვა. ანტანასი თავად გამოელაპარაკა, გვარი ჰკითხა. რომ გაიგო, გუდიაშვილი იყო, მაშინ გუდიაშვილების გვარის მთელი ისტორია უამბო, ისიც უთხრა, რომ მთელი მთიულეთი ფეხით ჰქონდა შემოვლილი და ყველა სოფლის ისტორია კარგად იცოდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ლადო და ეს შეხვედრა მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა.

აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ სამშობლოში ლიეტუველები. ომის შემდეგ, როდესაც სკოლებისთვის ლიტერატურის სახელმძღვანელოები შემუშავდა, აუცილებელ საპროგრამო მასალაში შევიდა "დაწყევლილი ბერები". ახალმა ეპოქამ თავისი სიახლეები მოიტანა და აგერ 13-15 წელია (2003 წელს), რაც ეს ლეგენდა პროგრამიდან ამოიღეს.

ლიეტუვაში ყოფნის დროს ხშირად შემხვედრია საქართველოზე შეყვარებული და ჩვენთან ცხოვრების სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდები. რომ ვეკითხებოდი, რა გინდათ საქართველოში, რატომ გინდათ იქ ცხოვრება-მეთქი, მპასუხობდნენ, ჟუკაუსკასს ისეთი სიყვარულით აქვს აღწერილი თქვენი ქვეყანა, რომ გვაინტერესებსო. არცაა გასაკვირი, ამ ბავშვებს კარგად ახსოვთ ანტანას ვიენუოლისის სიტყვები: საქართველოში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყოო.

არც ებრაელი ვარ და არც კომუნისტი, ქართველი ვარ!

ნანა დევიძე: - მამა ხშირად მიყვებოდა ლიეტუვაზე, როგორც ზღაპრულ მხარეზე, მას თავად ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია გადახდა ლიეტუვაში. მამაჩემი ერთი იმერელი ბიჭი იყო, პედაგოგების შვილი. 18 წლისა საბჭოთა არმიამ ჯარში გაიწვია. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ჯარისკაცებს ლიეტუვა-ლატვიის საზღვარზე ხიდის აფეთქება დაავალეს გერმანელებისთვის წინაღობის შესაქმნელად. ხიდის აფეთქების დრო მამა დაშავდა, თანამებრძოლებმა მკვდრად ჩათვალეს და მიატოვეს, მაგრამ მამა არ დაღუპულა. ის მოგვიანებით გერმანელებმა იპოვეს და ლაზარეთში გადაიყვანეს. ეს იყო ომის დასაწყისი, ამიტომ საკონცენტრაციო ბანაკები ჯერ არ არსებობდა, გამოჯანმრთელების შემდეგ ტყვეებს დროებით ოჯახებში ანაწილებდნენ როგორც მუშახელს. 21 წლის მამაჩემი ჩააბარეს ერთ გლეხის ოჯახს, სადაც წელიწად-ნახევარი იცხოვრა. მოგვიანებით იხსენებდა, როგორ ემეგობრებოდა იმ ოჯახის ბავშვებს, შევისვამდი მხარზე და წისქვილში მიმყავდაო. მოგვიანებით მამა საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ჯერ ებრაელი ეგონათ, არ დაუჯერეს, რომ ქართველი იყო. 4 ტყვე გამოყვეს და უთხრეს, თქვენი საფლავები გათხარეთო. ორი დღე თხრიდნენ, მესამე დღეს საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი შეიცვალა. ტყვეები ერთ რიგში ჩაამწკრივეს ახალ ხელმძღვანელთან შესახვედრად, სიკვდილმისჯილები კი განცალკევებით დააყენეს. ხელმძღვანელი დაინტერესებულა ამ ოთხი კაცის ბედით -"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესენი ებრაელები და კომუნისტები არიან, თუმცა ერთი ამბობს, არც ებრაელი ვარ და არც კომუნისტიო, მოახსენეს კომენდანტს. საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელი მამას მიუახლოვდა და ჰკითხა, სადაური ხარო.

- ქართველი ვარ, - მიუგო მამამ.

- რა გვარი ხარ? - დევიძე, - უპასუხა მამამ.

ალექსანდრე დევიძის რა ხარო, ეკითხება გერმანელი. ალექსანდრე დევიძე მამას ბიძა იყო, ცნობილი მათემატიკოსი. გერმანელი იცნობდა ალექსანდრე დევიძეს, რადგან ლაიფციგში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, გერმანელი კი საქართველოში, თბილისში ჰყავდათ გამოგზავნილი ქუჩების მოსაკირწყლად. მამას ბიძა და გერმანელი კომენდანტი ისე დამეგობრებულან, რომ მას შვილებიც კი მოანათვლინა. გაოგნდა კომენდანტი, თავიდან არ დაიჯერა, შემდეგ ყველა ნათესავის სახელი ჰკითხა. ბოლოს მიუბრუნდა გერმანელებს და უთხრა, ეს არც კომუნისტია და არც ებრაელი, ის ქართველიაო!

ასე გადარჩა მამა დახვრეტას!