"ხელოვნური ინტელექტი ხვალ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება" - კვირის პალიტრა

"ხელოვნური ინტელექტი ხვალ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება"

დღეს მსოფლიოში იმაზე მნიშვნელოვანი, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ტრენდი, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, არ არსებობს. ის უკვე ყველა სფეროშია: მშენებლობაში, მედიცინაში, ტურიზმში, განათლებაში და ა.შ. ასეა მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში, მეტიც, რეგიონში, ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო...

ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი", რომელიც პირველად 1955 წელს მეცნიერმა ჯონ მაკარტიმ გამოიყენა, გულისხმობს პროგრამასა თუ კომპიუტერს, რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას ასრულებს, როგორსაც ადამიანი, თუმცა უფრო სწრაფად და მულტიფუნქციურად. თუ კონკრეტული სამუშაოს შესრულებას ადამიანი რამდენიმე თვეს ანდომებს, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ერთ წუთში გააკეთოს. ხელოვნური ინტელექტი არის დარგი, რომელიც იკვლევს ინტელექტუალური პროგრამისა და კომპიუტერის შექმნის საკითხებს. როგორც სამეცნიერო დისციპლინა, უამრავ ტრადიციულ სამეცნიერო დარგს - ფილოსოფიას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას ეყრდნობა. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ხანაში, ხელოვნური ინტელექტის შექმნა-განვითარებაში უამრავი ქვეყანაა ჩართული. ეს დარგი საქართველოშიც იდგამს ფეხს. ამ მხრივ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) მნიშვნელოვანი შედეგები აქვს - მან მსოფლიოში პირველად სამედიცინო ხელოვნური ინტელექტის DigitalMed შექმნა, რომელიც პაციენტს ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს და პირველად დიაგნოზს დაუსვამს. 2018 წლის 13 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ღია კარის დღე ხელოვნურმა ინტელექტმა Digital Mind-მა ჩაატარა, რომელიც ასევე BTU-ში შექმნილი ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტია. "კვირის პალიტრის" სტუმარია BTU-ს დეკანი ნინო ენუქიძე:

- ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენება არის ის მიმართულება, რომელიც პირველად რეგიონში ჩვენ - ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა დაიწყო. დღეს მსოფლიოში იმაზე მნიშვნელოვანი, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ტრენდი, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, არ არსებობს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ყველა სფეროშია: მშენებლობაში, მედიცინაში, ტურიზმში, განათლებაში და ა.შ. ასეა მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში, მეტსაც გეტყვით, რეგიონში, ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პირველი ნაბიჯები გადავდგით შარშან, როცა განათლების პროცესში დავაინტეგრირეთ ხელოვნური ინტელექტი. უნივერსიტეტის პროგრამაში რაღაც ნაწილი ისწავლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ის სტუდენტს ძალიან მოკლე დროში აწვდის მთავარ ინფორმაციას. მას აღარ სჭირდება ათობით, ასობით წიგნი, რათა გაიგოს რაიმე კონკრეტულ სფეროში ახალი აღმოჩენების შესახებ. ამას მის მაგივრად ხელოვნური ინტელექტი აკეთებს.

მესამე წელია, რაც ვფუნქციონირებთ. ბევრი პროექტი, რაც ამ პერიოდში განვახორციელეთ, უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. ძალიან მალე ვგეგმავთ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის გახსნას, სადაც სხვადასხვა მიმართულებით განვავითარებთ პროექტებს. ეს შეიძლება იყოს მშენებლობის ინტეგრირება ხელოვნურ ინტელექტთან, შეიძლება იყოს ენერგეტიკული სექტორი... განუსაზღვრელია მიმართულებები. ამაში ჩართული იქნებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე სტუდენტები.

- თქვენი უნივერსიტეტის ანგარიშზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია. - ჩვენი სტუდენტები პირველი კურსიდანვე სწავლობენ, თავიანთი კრეატიული, ინოვაციური იდეებიდან კომერციალიზაციამდე სტარტაპი როგორ შექმნან, განავითარონ, როგორ გახადონ პროდუქტი, თავისი იდეა, კომერციულად საინტერესო. სხვა სასწავლებელში, როგორც წესი, ჯერ მთელი განათლების ციკლს გადიან და მერე იწყებენ სტარტაპებზე მუშაობას. ჩვენ შევცვალეთ ეს სტრატეგია, სტუდენტებს სტარტაპ-იდეებზე მუშაობას ვაწყებინებთ უნივერსიტეტში მოსვლისთანავე, თან პარალელურად განათლებას იღებენ. ამ მიდგომამ გააჩინა სტარტაპი, რომლითაც ვამაყობთ. მაგალითად, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა მუზეუმში - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სხვადასხვა მხატვრის ექსპონატები შეგიძლიათ დაათვალიეროთ გასართობ და ვირტუალურ რეალობაში, რაც ვირტუალური სტარტაპის საფუძველზე ჩვენი პირველკურსელების შექმნილია. ინოვაციური, ციფრული კვლევების მოდელი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს, კომპანია IBM- თან ერთად ასევე ჩვენმა პირველკურსელმა გააკეთა. საზოგადოდ, ბიზნესსექტორისთვის კვლევის ჩატარების ფუფუნება მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აქვთ, რადგან ძვირად ღირებულია, დღეს კი აღნიშნული პროექტის წყალობით ეს შესაძლებელია სტარტაპებისთვის, დამწყები საწარმოებისთვის... ჩამონათვალი დიდია იმ პროექტებისა, რომლებითაც ვამაყობთ. დაწვრილებით ინფორმაციას მათ შესახებ დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე ვაწვდით, ასევე ჩვენს საიტზე www.btu.ge.

- უნივერსიტეტის გეგმებზე, მის კურსდამთავრებულებსა და პერსპექტივებზეც გვესაუბრეთ. - ჩვენი მიზანია დავასაქმოთ და წარმატებული გავხადოთ არა კურსდამთავრებულები, არამედ უკვე სტუდენტები. არ გვინდა, მაგალითად, ბაკალავრი 4 წელი ელოდოს სწავლის დასრულებას და მერე დაიწყოს სამსახურის ძიება. ჩვენ მათ პირველივე დღიდან ვასწავლით, როგორ შექმნან საკუთარი ბიზნესი, როგორ მართონ ეს ინდუსტრია. თუ არ უნდათ საკუთარი ბიზნესის შექმნა, გვაქვს მასშტაბური დასაქმების პროექტები. გვინდა კურსდამთავრებული უკვე წარმატებული, შემდგარი, კონკურენტუნარიანი კადრი იყოს. ეს სტრატეგია გამოგვარჩევს სხვა სასწავლებლებისგან.

რაც შეეხება გეგმებს, იმიტომ, რომ ჩვენ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური პროექტებით სწრაფად დავიმკვიდრეთ ადგილი ბაზარზე, ვაპირებთ კვლავ ამ მიმართულებით ვიაროთ. უპირველესად გვსურს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვიმუშაოთ. ვეცდებით ნელ-ნელა ყველა ინდუსტრია მოვიცვათ, რაც კი არსებობს საქართველოში.

- რა პროგრამები ისწავლება უნივერსიტეტში და რა არის სწავლის საფასური? - სწავლის საფასურია 2.225 ლარი წელიწადში. გვაქვს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამები. ბაკალავრიატში ვასწავლით ბიზნესადმინისტრირება-მენეჯმენტს, ბიზნესადმინისტრირება-ფინანსებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ბიზნესადმინისტრირებას. ლექტორების გუნდის შეკრებაზე ბევრი ვიმუშავეთ, ამოსავალი წერტილი და მთავარი კრიტერიუმი იყო, რომ პრაქტიკოსი ლექტორები ყოფილიყვნენ. მათ უმრავლესობას განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული - ჰარვარდის, ოქსფორდისა და სხვა უნივერსიტეტებში. ლექტორების დიდი ნაწილი არის კორპორაციული სექტორიდან, რომლებიც არა მხოლოდ ასწავლიან, არამედ პოტენციურ კადრებსაც ეძებენ ჩვენს სასწავლებელში. ფაქტობრივად, ჯერ კურსი არ შემდგარა, რომ ლექტორმა არ დაასაქმოს თავისი ჯგუფიდან სტუდენტები.

ხელოვნური ინტელექტი ხვალ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება და საუკეთესო ფორმით რომ იყოს საქართველოში წარმოჩენილი, ამაზე ბევრს ვმუშაობთ.

- თურმე როდესაც კინო ხმოვანი გახდა, პირველი ჩაპლინი ამხედრებულა, ხმა მოკლავს კინოსო. სულ ეს ამბავი მახსენდება, როცა ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას შიშობენ, შესაძლოა ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი გახდესო. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია ხელოვნური ინტელექტის ხვალინდელი დღე? - ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, რომლის გარშემოც ძალიან ბევრი სტერეოტიპებია შექმნილი. მაგალითად, ის, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანს, გაზრდის უმუშევრობას, უმართავი გახდება და ა.შ. ასე არ არის, იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის სრულყოფა და დახვეწა უპირველესად ადამიანის ხელშია. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის მიერ სამუშაო ძალის ჩანაცვლებას, სრული აბსურდია. ხელოვნური ინტელექტის ზრდაზე, დახვეწაზე, სრულყოფასა და სწავლებაზე ორიენტირებულ კადრებზე იქნება ორიენტირებული დასაქმების ბაზარი. შეიცვლება მოთხოვნა საკადრო სფეროში. დღეს ხელოვნურ ინტელექტს დიდი სარგებელი მოაქვს ეკონომიკისთვის - ხარჯთეფექტურს და სწრაფად განვითარებადს ხდის ყველა სფეროს. უმჯობესია, ვიფიქროთ იმ სიკეთეზე, რომელიც დღეს მისი დახმარებით შეგვიძლია მივიღოთ. დაანგრევს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ცივილიზაციას? - ამის საფრთხე ამჟამად არ არსებობს, საუკუნეების შემდეგ კი არ ვიცი, რა ეტაპზე იქნება განვითარებული ტექნოლოგიები.

- 10 წლის შემდეგ, როცა გაცილებით ბევრი კურსდამთავრებული გეყოლებათ, აისახება თქვენი უნივერსიტეტის წვლილი ქვეყანაზე? - უნივერსიტეტს აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც მივყვებით დღიდან დაფუძნებისა. ის არა მხოლოდ უნივერსიტეტის განვითარებას, არამედ საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების მხარდაჭერას, ციფრული ეკონომიკის შექმნას, ეკონომიკის ციფრულ პლატფორმაზე გადასვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

10 წლის შემდეგ ჩვენ გვექნება საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელებული და ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, რომ ვუპასუხოთ ამ სტრატეგიას - რომ რეგიონში ჩამოყალიბდეს სამეწარმეო ეკოსისტემა, დაინერგოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდები და ქვეყანა გადავიდეს ციფრულ ეკონომიკაზე.

ასე იქნება 10 წელიწადში და ჩვენ ამ პროცესების მონაწილეები ვიქნებით.