"გრიშა კაკაჩიას პერსონაჟშიც ვგრძნობ ყვარყვარიზმის მარცვლებს" - კვირის პალიტრა

"გრიშა კაკაჩიას პერსონაჟშიც ვგრძნობ ყვარყვარიზმის მარცვლებს"

"ბიჭო, რევოლუციამ მე ტანჯვის მეტი რა მარგუნა? ჯერ იყო და, ქვეყანას რომ ეძინა, მაშინ ვფხიზლობდი მე. ახლა არის და, ისევ ხალხზე უნდა ვიზრუნო და ვიტანჯო მე. თქვენ რა გენაღვლებათ, ბრძოლის ველზე რომ დავეცემი, თქვენ არ დაგრჩებათ ყველაფერი?!. მანამდე არ აგიდგათ გვერდები!" - ვინ არ იცნობს ყვარყვარე თუთაბერის ამ სიტყვებს, ან "ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემს საკუთარს რომ მოვრჩები, მერე".... ყვარყვარე თუთაბერი ის პერსონაჟია, რომლის ანალოგს ყველა დროში შეიძლება შეხვდე. ამიტომ პოლიკარპე კაკაბაძის ამ ნაწარმოებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. ფილმი "ყვარყვარე" დევი აბაშიძემ 1978 წელს გადაიღო. რუსთაველის თეატრის ყველასათვის საყვარელი მსახიობი დავით კვირცხალია ფილმში რევოლუციონერ სევასტის ასახიერებდა. დღეს ის "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ვერ ვიტრაბახებ, რომ კინოს მწვერვალები დაპყრობილი მაქვს, თუმცა კინო ჩემთვის დიდი სიხარულია. "ყვარყვარეში" ეს სიხარული როლზე მეტად ბუმბერაზ მსახიობებთან, დოდო აბაშიძესა და ეროსი მანჯგალაძესთან ურთიერთობამ მომანიჭა.

"ყვარყვარე თუთაბერი" პოლიკარპე კაკაბაძის შედევრია და ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ამ ნაწარმოებში უზარმაზარი იუმორი და ტრაგედია დევს.

სანამ "ყვარყვარეს" ეკრანიზაციაში მივიღებდი მონაწილეობას, მანამდე ბატონმა რობერტმა დადგა ეს პიესა რუსთაველში და იქ კაკუტას ვთამაშობდი. ჩემი წვლილი ფილმში "ყვარყვარე" მოკრძალებულია - რევოლუციონერ სევასტის ვასახიერებდი.

სიმღერა, რომელსაც ყვარყვარე მღერის, ფილმისთვის არ დაწერილა, ის ბატონ დოდოს გაახსენდა და წაიღიღინა, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი და სახასიათო სიმღერა ფილმში ორგანულად ჟღერს. დოდო აბაშიძეს ისეთი უნიკალური ხელწერა ჰქონდა, ყველას ხიბლავდა თავისი მიგნებებით. სიმღერას ცეკვაც რომ დაურთო ინტერპრეტირებული ილეთებით, საოცარი გამოვიდა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია ფილმში. ერთხელ ქართლიდან თბილისში ბატონი ეროსის მანქანით ვბრუნდებოდით, წინ ბატონი დოდო იჯდა. მე უკან ვიჯექი და ვუსმენდი ამ ორ გენიოსს. ეროსი მანჯგალაძეს ძალიან უყვარდა ტიციან ტაბიძის ლექსები და უცებ წამოიწყო: "შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის/ მომაგონდები ამ ანანურთან./ შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,/ ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა..." მერე დოდო აბაშიძემ წაიკითხა რაღაც ლექსი, მერე ისევ ეროსიმ... მაგრამ ვერაფრით მივხვდი, ბატონი დოდო ასე ემოციურად ვის სტრიქონებს კითხულობდა. გზად რომ გავჩერდით, ეროსი მანჯგალაძეს მოკრძალებულად ვკითხე და მითხრა, ბიჭო, ეგ ბოდლერია, დოდომ მთელი ბოდლერი ზეპირად იცისო... მოგვიანებით ეს ამბავი ქალბატონ სესილიასთან გავიხსენე. მითხრა, შენ აზრზე არა ხარ, იშვითობაა ჩვენს წრეში დოდოზე განათლებული კაცი, მაგრამ ამ უპირატესობას არასდროს იმჩნევსო. უფრო სწორად, უფრო სხვანაირად მითხრა, დურაკს თამაშობსო. საოცარი ადამიანი იყო დოდო აბაშიძე - ვაჟკაცი, სიტყვის კაცი, რასაც იტყოდა, აუცილებლად ასრულებდა.

მაშინ დამწყები მსახიობი ვიყავი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. ამ ორ ბუმბერაზს ისე იოლად გამოსდიოდა ყველაფერი, აღტაცებული ვრჩებოდი.

ჩემი პარტნიორი მეწისქვილის ქალიშვილი გულთამზე იყო, ნანა ესაკია ასრულებდა - ულამაზესი და ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე გოგო, რომელმაც ძალიან დაგვწყვიტა გული - პრემიერიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მოხდა. რამდენი წლის ვარ, წარმოგიდგენიათ?...

- თანამედროვეობაში გადმოვიდეთ, პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებთ თვალყურს? - როგორ არა, თუმცა აპოლიტიკური ვარ. ყველა პერიოდში იყვნენ ყვარყვარეებიც და კარგი პოლიტიკოსებიც. ყვარყვარეს თემა სულ აქტუალურია. გრიშა კაკაჩიას რომ ვთამაშობ, მასშიც ხშირად ვგრძნობ ყვარყვარიზმის მარცვლებს.

"შენა ხარ ყვარყვარე"...

მანანა კაკაბაძე, პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილი: - პოლიკარპე კაკაბაძემ "ყვარყვარე" 1928 წელს დაწერა და მაშინვე კოტე მარჯანიშვილისთვის ხელნაწერი მიუტანია. კოტეს ისე მოსწონებია, უთქვამს, ასეთი არაფერი მინახავსო. მერე დაუბარებია, ამას მე წავიღებ ცეკაში და კიდეც რომ მოვკვდე, მაინც დავდგამო. ცეკაში მისულს არ დაუმალავს: პოლიკარპემ ისეთი პიესა მომიტანა, ნამდვილი კონტრრევოლუციაა, მაგრამ რომ არ დავდგა, მოვკვდებიო. ეს ისე უთქვამს, ჯერ ბევრი უცინიათ, მერე კი სანქცია მიუციათ. ალბათ, ფიქრობდნენ, ჯერ დადგას და მერე ორივეს ერთად მოვუვლითო... სპექტაკლი დაიდგა! სცენაზე ისეთი უცნაური, დროს გასწრებული სიუჟეტები ვითარდებოდა, მაყურებლები თვალებს არ უჯერებდნენ. მიუხედავად ამისა, იმდენად მოსწონდათ, რომ "ყვარყვარეს" ესწრებოდა მთელი ცეკა, მთავრობა... თეატრში ჰომერული ხარხარი იდგა. თურმე ერთმანეთს ხელით მიუთითებდნენ, შენა ხარ ყვარყვარეო. რა გვიქნა ეს პოლიკარპემ, როგორ დაგვხატაო. ამ ყველაფერს პერსონალური ლოჟიდან თვალს ადევნებდა ლავრენტი ბერიაც და თვითონაც ხარხარებდა. ამბობენ, როდესაც საპყრობილისთვის განწირულთ უყვიროდა, ყვარყვარეს ეძახდაო. ის თითქმის ყოველ სპექტაკლზე მიდიოდა, დაჯდებოდა თავის ლოჟაში და ხარხარებდა.