"დიდი ტკივილი მაქვს გამოვლილი... მაგრამ ყველაფერს გავუძლებ" - წარმატებისკენ... გაცვეთილი ბოტასებით - კვირის პალიტრა

"დიდი ტკივილი მაქვს გამოვლილი... მაგრამ ყველაფერს გავუძლებ" - წარმატებისკენ... გაცვეთილი ბოტასებით

არქივი, 2018 წელი

ილია ხუციშვილი: "8 ნოემბერს 16 წლის გავხდი. გუნდში ყველაზე პატარა ვარ, დიდი კონკურენციაა. თუმცა უნდა გავუძლო. კალათბურთში მთავარია, თავი არ დაზოგო"

16 წლის ილია ომის შვილია. ომის სისასტიკემ მოზარდზე მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია. ფსიქოლოგებმა დედას ბიჭის სპორტზე შეყვანა ურჩიეს. ასე აღმოჩნდა ილია ხუციშვილი კალათბურთის ფართან. გორელი დედა-შვილის ცხოვრების გზა მარტივი არასოდეს ყოფილა. ახლა გორი მათი მშობლიური კერის მოგონებაა. მათ ახალი მისამართი აქვთ, ნაძალადევის რაიონში, დევნილთა კორპუსში პაწაწინა ოთახში ცხოვრობენ. ხშირად დილა მათ ოჯახში თენდება ფიქრით, როგორ ებრძოლონ გაჭირვებას იმ დღეს...

ილია 3 წლის იყო, როცა დედ-მამა დაშორდა. იყო დრო, როცა ბიჭისთვის მამა კერპი იყო, მაგრამ ბოლო შეხვედრისას ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა - სასტიკი ცემის დროს მიუსწრეს და გავეშებულ მამას შვილი ხელიდან გამოსტაცეს. იმ დღიდან დაიმსხვრა კერპი ილიასთვის. ახლა იცის, როგორი არ უნდა იყოს...

ილია დილიდან შუადღემდე ვარჯიშობს, მერე შინ ბრუნდება და მეცადინეობს, საღამოს გვიანობამდე ისევ ვარჯიშობს. მაყურებლის სიმპათიის ჯილდოს მფლობელი, ვარჯიშზე დახეული სპორტული ფეხსაცმლით დადის. გავა დრო და, ალბათ, ეს გაცვეთილი ბოტასები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, სპორტულ ტრიუმფამდე, ტკბილ-მწარე რელიკვიად დარჩება.

სტადიონი, ბურთი, გუნდი და მაყურებელი მისთვის ყველაფერია. კიდევ დედა, მთავარი გულშემატკივარი. დიანა თამაშებზე ილიას გამამხნევებელი შეძახილებით ეხმაურება და დანებების საშუალებას არ აძლევს.

დიანა კვიციანი: "11 წელი მარტო ვზრდი ილიას. მამამისს ალიმენტი დაკისრებული აქვს, მაგრამ არ იხდის. გასულ წელს ბავშვს მასთან კამათი მოუვიდა და რკინის ჯოხით სიკვდილის პირამდე სცემა. კბილები ჩამტვრეული ჰქონდა, ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა. მადლობა ღმერთს, მოუთმინა და ხელი არ შეუბრუნა...

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბავშვი, ფაქტობრივად, დამუნჯდა. აფეთქებებმა შიში განუვითარა და ნევროზი ჩამოუყალიბდა... 9 წლის იყო, როცა გორში ვარჯიში დაიწყო. მისი მწვრთნელის, დათო რუსიშვილის დამსახურებაა, რომ ილია დღემდე სპორტით ცხოვრობს... კალათბურთელმა სოსო მაჭავარიანმა იტალიაში გაგზავნა ილიას თამაშის ამსახველი კადრები, ასე აღმოჩნდა ჩემი შვილი იტალიაში ოთხი თვით. როგორც კი ჩამოვიდა, იმ დღესვე დაგვიკავშირდა ზაზა ფაჩულიას აკადემია და 2017 წლის 27 იანვრიდან იქ თამაშობს. წარმატებამაც არ დააყოვნა, გასულ წელს თბილისის ჩემპიონატზე ილიას გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და ჩემი შვილი მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი გახდა, მიმდინარე ჩემპიონატზე კი, რომელიც ამ გაზაფხულზე ჩატარდა, ილიას გუნდი ჩემპიონი გახდა, თავად კი ბომბარდირი".

დედა-შვილს მშობლიურ ქალაქთან მხოლოდ მოგონებები და საფლავი აკავშირებს. ილიას წარმატებამ ყველაფერი გადაწონა და დედაქალაქში ახალი ცხოვრება დააწყებინა.

"ძაფი, რომელიც გორთან მაკავშირებს, ჩემი გარდაცვლილი დედაა. იქ რომ დავრჩენილიყავით, ჩემი შვილი ფსიქოლოგიურად უნდა დანგრეულიყო. მომაკვდავი დედა მყავდა, ძალიან მჭირდებოდა დახმარება, მაგრამ სულ უარი მომდიოდა. ჩემი პატრონები მეუფე ანტონი, მრევლი და კეთილი ადამიანები იყვნენ. აქ, თბილისში, ჩემი ერთადერთი ნავსაყუდელი ეკლესიაა. სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, ტაძარში მედავითნედ ვმუშაობ. პარალელურად ხან დასალაგებლად დავდივარ, ხან მოხუცების მოსავლელად. ილია სპორტსმენია და სპეციალური კვება უნდა, არადა, ყოველი დღე იწყება იმაზე ფიქრით, რითი ვიყიდო პური. კვირაში ერთ დღეს ფლაერებს ვარიგებ, თვეში 60 ლარი გამომდის. გარდა ამისა, სისხლის დონორი ვარ. გასულ თვეს ოცდამეერთედ გავეცი სისხლი, 450 გრამი. ილიასთვის აუცილებელია რძისა და ხორცის პროდუქტები, ასევე კვებითი დანამატები... ზოგჯერ ვეღარ ვახერხებ ყიდვას. ამიტომ, ძირითადად, პურზე გადადის...

მარტოხელა დედობა ნიშნავს, რომ იყო ქვა, რკინა, მეგობარი, დედა... შვილი ხატად უნდა გყავდეს... ის ამ დამოკიდებულებით არის ბრძოლისუნარიანი... ილია ძალიან კარგად თამაშობს, მონტენეგროში გამართულ ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს რამდენიმე ბავშვთან ერთად. როგორ არ უნდა შევუწყო ხელი? დეპრესიაც მქონია, საწოლიდანაც ვეღარ ავმდგარვარ, მაგრამ ჩემს თავს თავად ვმკურნალობ. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ჩემი შვილი უსასყიდლოდ დადის. უნდა ნახოთ, რა კოლექტივია, შვილივით ეპყრობიან...

ილია ხუციშვილი: - "8 ნოემბერს 16 წლის გავხდი. დიდი ტკივილი მაქვს გამოვლილი და ამიტომ უფრო მეადვილება დაბრკოლებების გადალახვა. მალე პროფესიონალური კალათბურთი უნდა ვითამაშო. გუნდში ყველაზე პატარა ვარ, დიდი კონკურენციაა. თუმცა უნდა გავუძლო. კალათბურთში მთავარია, თავი არ დაზოგო".

ილია დიდი კაცივით ფიქრობს დედაზე. მისთვის ტვირთის შემსუბუქება უნდა. ის თითქმის ფინიშთანაა, სადაც წერია "გამარჯვებული". ახლოა ის დრო, როცა ილია ხუციშვილზე ბევრი დაიწერება როგორც ნამდვილ ვარსკვლავზე. ვინ იცის, იქნებ ძალიან მალე სპეციალურად მისთვისაც შექმნან ბრენდული სპორტული ფეხსაცმელი და აღარასოდეს გაახსენდეს დახეული ბოტასები, რომლითაც ახლა იბრძვის მომავლისათვის!

"ხშირად მიფიქრია, ნეტავ იმდენი მაინც მქონდეს, რომ დედას გზის ფული აღარ გამოვართვა-მეთქი... სპორტული ინვენტარიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სავარჯიშო ბოტასია. ახლა რომელიც მაცვია, 4-5 თვე გამიძლო, უკვე გაცვეთილია. კარგი ბოტასი ძვირი ღირს, დაახლოებით 70 დოლარი. ფეხი 48 ზომა მაქვს. სიმაღლეში 203 სანტიმეტრი ვარ. ძვირია პროდუქტებიც და საკვები დანამატებიც, რომლებიც ჰაერივით მჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავუძლებ, ეს ჩემი შანსია".

თორნიკე ყაჯრიშვილი