ვაგონი #12 - კვირის პალიტრა

ვაგონი #12

"წარსულს ასე უპატრონოდ რატომ უნდა ვჟანგავდეთ?"

ტრამვაის რელსები თბილისის ქუჩებში და ხალხი, რომელიც ტრამვაით მშვიდად მიუყვებოდა გზას შინისაკენ... ახლა ეს ყველაფერი თბილისის წარსულია და არავინ იცის, ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, ოდესმე დაბრუნდება თუ არა. ამასობაში კი ავჭალის ძველ სასაფლაოსთან თბილისის ტრამვაის უკანასკნელი ვაგონი იჟანგება - წარსულის რელიკვია.

ასეთ რელიკვიებს ყველა ქვეყანაში უფრთხილდებიან, აქ კი მასზე გული მხოლოდ სასაფლაოს ქვის მთლელებს შესტკივათ.

როცა ვაგონს რამდენჯერმე ავუარ-ჩავუარე, ვარლამ ცქიტიშვილი მომიახლოვდა:

- ვინ ხართ, რა გაინტერესებთ? რომ ვუთხარი, ისე გაუხარდა, აღარც მომშორებია.

- თუ დაწერთ, იქნებ მისი გადამრჩენიც გამოჩნდეს, - მითხრა და დაამატა: - არ გაგიკვირდეთ, გული რომ შემტკივა, ამ ვაგონის სალონში გატარებული ბავშვობის ბევრი ბედნიერი წუთი მახსოვს. ეს საზაფხულო ვაგონია, რიკულებითა და ლამაზი ხის სავარძლებით, რომლებიც ისეა ნაკეთები და ისეთი გამძლეა, წლებია, ძარცვავენ და მაინც ვერაფერი დააკლეს. სავარძლები ისევ ისე დგას, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო და ძველ სურათებსაც მიცოცხლებს. ბიჭები ტრამვაით დღეში რამდენჯერმე ვუვლიდით ქალაქს. წარსულს ასე უპატრონოდ რატომ უნდა ვჟანგავდეთ? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა გადმონაშთია?

- მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ღია ცის ქვეშ დგას, ხასხასა ფერი შერჩენია. - იმიტომ, რომ ხარისხიანად არის ნაკეთები. ამას აქ მხოლოდ სასაფლაოს ქვის მთლელები ხედავენ, რომლებიც ღამითაც საამქროში რჩებიან და დარაჯობენ. ქურდბაცაცებს ეგენი ხომ ვერ დააკავებენ - ამ ვაგონს რაც გასაძარცვი ჰქონდა, უკვე წაიღეს, მაგრამ რაც დარჩა, კიდევ გამოდგება, რომ ტურისტები მიიზიდოს. თანხა კი დასჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ, პატრონს მოგებასაც მოუტანს. მე რომ მქონდეს ფული, ამ ვაგონს შევაკეთებდი. ბოლოს და ბოლოს, რეზო ჩხეიძის "ღიმილის ბიჭების" ფოტოებს მაინც დავკიდებდი და გავალამაზებდი. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ფილმს ამ ვაგონში იღებდნენ - #12 ვაგონში. ვაგონი რომ გაქანდებოდა, ის ბიჭებიც ჩვენსავით ხტებოდნენ კიბიდან გოგოებისთვის თავის მოსაწონებლად.

"კინოკასკადიორები გაქანებული ვაგონიდან ხტომას გვასწავლიდნენ"

ბატონი ვარლამი თხოვნით გამომემშვიდობა, ეგებ მოიძებნოს ვინმე და ეს ვაგონი გადაარჩინოსო, მე კი "ღიმილის ბიჭების" ბოლოკას, გოჩა ლომიას დავურეკე.

- #12 ვაგონი როგორ არ მახსოვს! რეზო ჩხეიძის ფილმში მხოლოდ ერთი კადრი ჩანს, ჩვენ კი კინოკასკადიორები გაქანებული ვაგონიდან ხტომას გვასწავლიდნენ.

- გოგონებისთვის თავის მოსაწონებლად, არა?

- აბა, რა! ბიჭმა თუ გოგოს თავი არ მოაწონა, ის რა კაცია!

- იცით, რომ ეს ვაგონი ახლა ავჭალის ძველ სასაფლაოზე იჟანგება და ავჭალელები ცდილობენ, მის გადასარჩენად ვინმეს ხმა მიაწვდინონ? - მაგარი ხალხი ყოფილა! მათ ხმებს ჩემიც შეუერთეთ! - მთხოვა ბატონმა გოჩამ.