"ჩემს მტრედებს მშიერს ხომ ვერ დავტოვებ" - კვირის პალიტრა

"ჩემს მტრედებს მშიერს ხომ ვერ დავტოვებ"

საწყალი გაქვავებულივით მიყურებდა და ხელის აქნევისასაც კი არ გაფრინდა. რა მიხვედრა უნდოდა, რომ შიმშილისაგან არ ჰქონდა გაფრენის ძალა. ჩანთაში პური მედო - ხელისგულზე დავიფშვენი და გავუწოდე. სულ აკენკა, მაგრამ არ გაფრინდა. მეც პური ისევ ხელისგულზე დავიფშვენი და ისევ გავუწოდე - აჰა, შე საწყალო ჟოზეფ-მეთქი. გეგონება, მართლა ჟოზეფი ერქვა, მომიახლოვდა და ისიც აკენკა. მოკლედ, ჟოზეფი მეორე დღესაც დამიბრუნდა და თან ცოლიც მომიყვანა. აი, თუ არა აქვთ მტრედებს ჭკუა - მე მგონია, მიხვდა, რომ მისი საყვარელი არსების გადარჩენა შემეძლო... მერე იმდენი მტრედი მოჰყვა, პური აღარ მყოფნიდა მათ დასაპურებლად და ბაზარში დავიწყე ხორბლის ყიდვა...

მშრალ ხიდზე, სადაც ძველმანებით ვაჭრობენ, ერთი საოცარი ქალი, ტატიანა კუზანოვა მეგულება, რომელიც ყოველდღე ასობით მტრედის დასაპურებლად კილოგრამობით ხორბალს ბაზარში ყიდულობს. მშრალი ხიდის მოვაჭრეები ღიმილით მეუბნებიან, კიდევ კარგი, ტატიანას კარგი შვილები ჰყავს, თორემ რასაც ეგ აქ ძველმანებით ვაჭრობით შოულობს, სულ მტრედების ხორბალში ხარჯავსო.

ტატიანა კი კოლეგების ნათქვამს არ ეთანხმება: - ჯერ ერთი, ჩემს შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ; ასეც რომ არ იყოს, ვნახავდი, კეთილი საქმის კეთებას როგორ დამიშლიდნენ! ისე არ გამიზრდია, მტრედების დაპურება დამიშალონ. კარგად იციან, რომ ადამიანმა კეთილი საქმე უნდა აკეთოს. მშიერ ადამიანსაც ბევრჯერ დავხმარებივარ.

- მაგრამ მძიმე ჯაფა გადგათ - ყოველდღე ტვირთი მოგაქვთ ბაზრიდან და არცთუ იოლი შრომით ნაშოვნ ფულს ხარჯავთ. - მანძილი მართლაც დიდია - თემქაზე ვცხოვრობ, ყოველ დილით მეტროში ვჯდები, სამგორის ბაზარში მივდივარ, ხორბალს ვყიდულობ და ხიდზე მომაქვს. მაგრამ ამას რომ არ ვაკეთებდე და შინ ვიჯდე, ვითომ უკეთესი რატომ იქნება?!

- არა მგონია, ძველმანებით ვაჭრობით ყოველდღე ასობით მტრედის ხორბლის ფულს შოულობდეთ. - ხორბალი შარშან 60 თეთრი ღირდა, წელს 70 თეთრი გახდა, მაგრამ ამის გამო მტრედებს მშიერს ხომ ვერ დავტოვებ, ეგენიც ხომ სულიერი არსებები არიან?! იცით, როგორ დაიწყო ეს ამბავი? რვა წლის წინ ისეთი ყინვიანი ზამთარი იყო, ლამის მოვაჭრეები ასფალტს მიგვაყინა. ჩემ წინ წითელფეხება თეთრი მტრედი დაფრინდა. საწყალი გაქვავებულივით მიყურებდა და ხელის აქნევისასაც კი არ გაფრინდა. რა მიხვედრა უნდოდა, რომ შიმშილისაგან არ ჰქონდა გაფრენის ძალა. ჩანთაში პური მედო - ხელისგულზე დავიფშვენი და გავუწოდე. სულ აკენკა, მაგრამ არ გაფრინდა. მეც პური ისევ ხელისგულზე დავიფშვენი და ისევ გავუწოდე - აჰა, შე საწყალო ჟოზეფ-მეთქი. გეგონება, მართლა ჟოზეფი ერქვა, მომიახლოვდა და ისიც აკენკა.

მოკლედ, ჟოზეფი მეორე დღესაც დამიბრუნდა და თან ცოლიც მომიყვანა. აი, თუ არა აქვთ მტრედებს ჭკუა - მე მგონია, მიხვდა, რომ მისი საყვარელი არსების გადარჩენა შემეძლო... მერე იმდენი მტრედი მოჰყვა, პური აღარ მყოფნიდა მათ დასაპურებლად და ბაზარში დავიწყე ხორბლის ყიდვა.

მტრედებს რომ ვაპურებ, უნდა ნახოთ, გამვლელები რა სითბოთი სავსე თვალებით გვიყურებენ. მხოლოდ ამ პარკის დამლაგებელი ჯავრობს - შენს მტრედებს ბუმბული სცვივათ და საქმე მემატებაო, არადა, რომ გაჩვენათ, როცა ვაჭმევ, როგორ ქარიშხალივით მოფრინდებიან ხოლმე...

- ჟოზეფი ისევ ცოცხალია?! - ტყუილად არ ვამბობ, მტრედები ჭკვიანები არიან-მეთქი... ერთხელ, როცა მტრედებს ვაპურებდი, ჩემი ჟოზეფი ხელში ავიყვანე და ისე ვაჭამე, მაგრამ

მიწაზე დავსვი თუ არა, სხვა მტრედები დაესივნენ და ისე დაკენკეს, გული გამისკდა. დაკბენილი შინ წავიყვანე, ჭრილობებზე მალამო დავადე და ისევ პარკში გავუშვი. ახლა, როცა მტრედებს ვაპურებ, არ მეკარება, სამაგიეროდ, მტრედები რომ გაფრინდებიან, მოდის და ჩემი ხელისგულიდან შეექცევა საკენკს. მეც ყოველდღე ცას გავცქერი და თუ დაიგვიანა, სევდა მიპყრობს - ჩემს ჟოზეფს ხომ არაფერი შეემთხვა-მეთქი.