"მეტეხის ხიდთან სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან ტაძარი, ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედია, ამაზე იფიქრებს" - კვირის პალიტრა

"მეტეხის ხიდთან სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან ტაძარი, ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედია, ამაზე იფიქრებს"

მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მერი ამ ინიციატივას გაითვალისწინებს. "მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან რაღაც, მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 ათასი მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ამასთან, ილია მეორის თქმით, 13 ნოემბერს არის წმინდა 100 ათასი მოწამის დღესასწაული. შესაბამისად, მეტეხის ხიდთან საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდება. "მომავალ სამშაბათს 100 ათასი მოწამის დღესასწაულია. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე შესრულდება საზეიმო პარაკლისი და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა მოგვავლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის", - მიმართა მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა.