"თუ გაიმარჯვებს რუსეთის სპეცსამსახურ­ე­ბის ოფიცერი ვაშაძე,­ საქართველო დაიღუპება" - კვირის პალიტრა

"თუ გაიმარჯვებს რუსეთის სპეცსამსახურ­ე­ბის ოფიცერი ვაშაძე,­ საქართველო დაიღუპება"

"არჩევნების პირველი ტური კარგი იყო "ქართული ოცნების" გამოსაფხიზლებლად. მათ ბევრი დააშავეს"

რეჟისორი ბუბა ხოტივარი საარჩევნო ციებ-ცხელებაზე გვესაუბრება და თავის შეხედულებებს გვიზიარებს.

- პირველი ტურის შედეგები კანონზომიერი იყო. მოსახლეობამ ყვითელი ბარათი უჩვენა მთავრობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხებას ვაღიარებ. უნდა გაიმარჯვოს "ქართულმა ოცნებამ"! თუ გაიმარჯვებს რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერი, საქართველო დაიღუპება. "ნაციონალურ მოძრაობას" რუსული სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ, გრიგოლ ვაშაძე კი რიგითი ოფიცერია, ისევე როგორც სააკაშვილი და დანარჩენები. ესენი არიან საქართველოს დასანგრევად დაპროგრამებული მართვადი დაჯგუფება.

ჩვენი ქვეყანა მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, აბრეშუმის გზაგასაყარზე და რუსეთის იმპერია მომართულია, რომ ხელში ჩაიგდოს ჩვენი ქვეყანა. ფანტომური ტკივილის შეგრძნებაა, როდესაც მოკვეთილი კიდური გტკივა, თითქოს ისევ გაქვს. რუსეთსაც ასეთი ფანტომური ტკივილები აქვს. ვერ ეგუება, რომ ვერ აკონტროლებს საქართველოზე გამავალ აბრეშუმის გზას. ამიტომაც მოხდა დანაშაულებრივი "ვარდების რევოლუცია". მაშინ შეაფერხეს აბრეშუმის გზის განვითარება, ახლა კი ცდილობენ, მთელი საქართველო ჩაიგდონ ხელში და სატრანზიტო ტვირთბრუნვა აკონტროლონ. აფხაზეთი არ არის მათთვის საკმარისი, არც სამაჩაბლო, ნელ-ნელა მოცოცავენ და მთლიანად უნდათ საქართველოს დაპატრონება... ამერიკელებიც იმიტომ კი არ გვიცავენ, რომ ძალიან ვუყვარვართ... საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების გატარების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება არჩევნებს, თუ "ქართულმა ოცნებამ" ისევ მიქარა - ზუსტად ასე დაწერეთ - და ქარაფშუტულად მიუდგა არჩევნებს, მიიღებენ სამოქალაქო ომს. ეჭვი მეპარება, მოსახლეობამ ნება დართოს ვაშაძეს და მისნაირებს, მართონ ქვეყანა. მკვლელების დაბრუნება ნიშნავს, უარესი გახელებით, ვიდრე ადრე, ბიზნესი წაართვან წესიერ ხალხს, შვილები ციხეებში გამოუკეტონ...

არჩევნების პირველი ტური კარგი იყო "ქართული ოცნების" გამოსაფხიზლებლად. მათ ბევრი დააშავეს. მაგალითად, ჩემს სფეროში პროფესიონალები მოიცილეს. აღშფოთებული არიან კინემატოგრაფიის მიმართ ხელისუფლების დამცინავი მიდგომით. ხატავენ სურათს, თითქოს ქართული კინო აღორძინების გზაზეა, არადა, კინოსტუდია ინგრევა. იცით, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი კინემატოგრაფისტები, რომლებიც დიდ ქართულ კინოს ქმნიდნენ, წინა საუკუნეში ნაყიდი ტანსაცმლით დადიან? ახლა რომ ბიუჯეტს იხილავენ, 4 მილიონი კი არ უნდა იყოს კინოსთვის გამოყოფილი... 4 მილიონი კინოსთვის იგივეა, რომ 400 ლარით 400-კაციანი სუფრის გაშლა მოინდომო... მთავრობამ დაპირება უნდა შეასრულოს!

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების მეორე ტურისთვის?

- მე გრიგოლ ვაშაძის არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ვაშაძე, რომელსაც ბავშვებისთვის მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიული შენობის წართმევა უნდოდა, რა ნამუსით აპირებს პრეზიდენტობას? მისი გამარჯვება არ შეიძლება! საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევთ. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავუჯერებთ, მაგრამ თუ ცვლილებები ვერ დავინახეთ - უკანასკნელად...

იხილეთ ასევე: "საშინლად მაგონდება ის წლები! ახლა კიდევ ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი გამოდის და იძახის, რაღა დროს გირგვლიანიაო..."