გოგონა წითელ ხალიჩაზე - კვირის პალიტრა

გოგონა წითელ ხალიჩაზე

26 წლის რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმმა "საშიში დედა" მსოფლიოს უმაღლესი რანგის ფესტივალების დაპყრობით ქართული კინოს აღორძინების იმედი გააჩინა - ჩვენ ხომ დიდი ხანია, გვესმის, რომ ქართული კინო მოკვდა!

ანა, ცნობილი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ქალიშვილია, რომლის ფილმი "მანდარინები" "ოსკარზე" იყო წარდგენილი. ფილმმა "საშიში დედა" არაერთი პრესტიჟული კინოფესტივალის პრიზი მოიპოვა. მათ შორის არის სან-ფრანცისკოს ფესტივალის მთავარი პრიზი, ლოკარნოს ფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლეოპარდი", სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი, ეგვიპტის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი, აზიური, ანუ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოფესტივალის ოსკარი კი ფილმმა მიიღო ორ ნომინაციაში - საუკეთესო რეჟისურისა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (ნატა მურვანიძე). ამაზე მეტი 26 წლის ასაკში შეუძლებელია, მაგრამ ანა უპრეტენზიო ადამიანია და ტრიუმფზე ლაპარაკი არ უნდა. სამაგიეროდ, შეუძლია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მოვლენაში ადამიანის ტკივილი და სხვისთვის შეუმჩნეველი განცდები დაინახოს.

"საშიში დედის" გმირიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალია, რომელიც ოჯახურ ტვირთს ეზიდება, თუმცა აქვს საოცარი სამყარო, რომელიც, თუ სიცოცხლეს არ შთაბერავ, მოკვდება. ანამ სწორედ ეს სამყარო დაინახა.

- ხშირად მომხდარა, სცენარი დამიწერია და დაუწუნებიათ, მერე მეც აღარ მომწონებია და თავი გამინებებია, მაგრამ ახლა ასე არ მოხდა - რომ დამიწუნეს, უფრო მომინდა მასზე მუშაობა... ძალიან ვცდილობ, ფილმის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე არ ვიფიქრო, რადგან მე ფილმების გადაღება მინდა და ვცდილობ, ახალ სცენარებზე ვიფიქრო, - ანას მეტს ვერაფერს დააცდენინებ, სამაგიეროდ, მასზე ბევრს ლაპარაკობენ მსახიობები, რომლებთანაც იმუშავა.

- ჩვენს ანას აქვს თვითნაბადი და ორიგინალური აზროვნება. ამიტომაც აქცია მან ჩვეულებრივი ისტორია საინტერესო ფილმად, რომელმაც ტრიუმფი მოახდინა, - ამბობს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი.

ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაში ამბობს, რომ ამ ფილმის ყველა ჯილდო ანას დიდი შრომის შედეგია.

- ლაშა, ხშირად ამბობენ, რომ ამ ფილმის ყურებას ყველა ფესტივალზე კრიტიკულად იწყებენ, თითქოს ელიან, რომ სადღაც რეჟისურის ძაფი გაწყდება, მაგრამ ფილმი ყველა გამოცდას წარმატებით აბარებს და ფესტივალებზე მხოლოდ მთავარ ჯილდოებს იღებს. - დიახ, ასეა. ამ ფილმმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ეს ანას შრომის შედეგია. აზია-წყნარი ოკეანის კინოფესტივალზე ორი ოსკარი აიღო. ეს ძალიან ავტორიტეტული ფესტივალია, რომელიც ავსტრალიაში ტარდება. საკონკურსო ჩვენებამდე იმართება ჩვენება მედიისთვის, რაც ფილმის წარმატება-წარუმატებლობის ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ როგორც თქვენც თქვით, "საშიშმა დედამ" ყველა რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

- ძნელია, 26 წლისამ მეტს მიაღწიო, თანაც - სადებიუტო ფილმით.

- ამ და ყველა ქართული ფილმის საყრდენი არის ქართული კინო, რომელსაც წარმატებები არასდროს აკლდა. Mმე მგონია, მომავალშიც ასე იქნება. ამის წინა პირობას უკვე ვხედავთ. ამიტომაც დიდი მადლობა ანას. სულ ასე, წითელ ხალიჩაზე ევლოს!