უწმინდესმა ბერა და ნანუკა დალოცა - კვირის პალიტრა

უწმინდესმა ბერა და ნანუკა დალოცა

ბიძინა ივანიშვილი: ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა, კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჯვრისწერის წინ ბერა ივანიშვილი და მისი საცოლე ნანუკა გუდავაძე დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მათ შორის თეთრი ლაბადა.

"ამ ფოტოებით მინდა გაგიზიაროთ ის წრფელი გრძნობები, რომელიც განვიცადეთ მისი უწმინდესობის დალოცვის დროს ჩემი და ნანუკას ჯვრისწერის წინ," - წერს თავის სოციალურ გვერდზე ბერა ივანიშვილი.

პატრიარქთან წყვილი მშობლებსა და მეჯვარეებთან ერთად მივიდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მისი ოჯახის დალოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებით დაინტერესდა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა: "ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა, კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა".

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს.

"რაც ადრე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი"

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ნიშნობის შესახებ საზოგადოებამ 18 სექტემბერს შეიტყო, მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილმა ამ ამბით გამოწვეული ემოცია სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გააზიარა.""რაც ადრე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი", - წერდა იგი.

წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის. ნანუკა გუდავაძეს სამოდელო ბიზნესში კარგად იცნობენ. ის ერთხანს მოდელი იყო, შემდეგ მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ისიც ცნობილია, რომ მომხიბვლელი ნანუკა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.